თავი 4, გაკვეთილი 45

სოციალური პრობლემები და დაავადებები

სოციალური პრობლემა ეწოდება პროცესს, რომლის განვითარებისას წარმოქმნილი პირობები და მოვლენები, გარკვეული ჯგუფების ან მთელი საზოგადოების ცხოვრებაზე ზემოქმედებენ (მაგ. სიღარიბე, ძალადობა, ნარკოდამოკიდებულება, გადამდები დაავადებები, გარემოს დაბინძურება) და რომლის შეცვლაც საზოგადოებაში ან მის ცალკეულ ნაწილებში სავალდებულოდ მიაჩნიათ, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

ამერიკელმა სოცილოგმა ჰერბერტ ბლუმერმა (Herbert Blumer) ჩამოაყალიბა სოციალური პრობლემის წარმოქმინისა და მასთან ბრძოლის ხუთსაფეხურიანი მოდელი:

  1. სოციალური პრობლემის წარმოშობა, ანუ მისი აღქმა, გაცნობიერება და დასახელება საზოგადოებაში;
  2. საზოგადოებრივი აღიარება (ლეგიტიმაცია), როგორც სოციალური პრობლემისა;
  3. ფართო წრეებში დისკუსიებით შესაძლო სამოქმედო სტრატეგიების განხილვა;
  4. სამოქმედო გეგმის შემუშავება პრობლემის დარეგულირებისთვის;
  5. სამოქმედო გეგმის განხორციელება.

სიღარიბე

სიღარიბე მსოფლიო პრობლემაა და მისი მასშტაბები გამუდმებით იზრდება. დღეს ეს პრობლემა მილიონობით ადამიანს ეხება. ყველა ქვეყანაში არსებობს მინიმალური სტანდარტი, რომლის ქვემოთაც ხალხი „ღარიბთა“ კატეგორიაში ხვდება. როდესაც ადამიანის ან ოჯახის შემოსავალი გარკვეული დონის, ნორმალური ცხოვრების სტანდარტებისთვის მიჩნეული აუცილებელი მინიმუმის ქვემოთაა, ასეთი პიროვნება ან ოჯახი ღარიბად მიიჩნევა.

სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისაა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა მიზანმიმართულად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით შექმნილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა და დამტკიცებულია მისი ფორმირების  წესი.

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.

სოციალური დახმარება ეს არის ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

ფართოდ გავრცელებული უკიდურესი გაჭირვება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ხელს  უშლის ადამიანის უფლებებით სრულად და ეფეტურად სარგებლობას, განსაკუთრებით კი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, თანასწორობის, თავშესაფრისა და სხვა აუცილებელი პირობების არარსებობა, რაც სიღარიბის შედეგს წარმოადგენს, ასევე აბრკოლებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობას.

უმუშევრობა

უმუშევრობა და ცუდი სამუშაო პირობები დაბრკოლებას უქმნის ადამიანისკეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ღირსეულ ინტეგრაციას საზოგადოებაში. უმუშევრობა სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. შრომის უფლება, როგორც ერთ-ერთი  სოციალური და ეკონომიკური უფლება, უზრუნველყოფილია საერთაშორისო დოკუმენტებითა და საქართველოს კონსტიტუციით. შრომის უფლება გულისხმობს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, უზრუნველყოს საკუთარი არსებობა სამუშაოთი, რომელსაც ირჩევს, ან რომელზეც თანხმდება.

2019  წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომლის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.

აივ ინფექცია/შიდსი 

ჯანმრთელობის  მსოფლიო  ორგანიზაციის მონაცემებით  ეპიდემიის  დაწყებიდან  დღემდე  მსოფლიოში    32 მილიონ  ადამიანზე  მეტი გარდაიცვალა  შიდსის  ვირუსით.  მხოლოდ 2018 წელს კი - 770 000 ადამიანი.  ამავე წლის  ბოლო  მონაცემებით  შიდსის ვირუსით მსოფლიოში 37,9 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, აქედან 1,7 მილიონი ადამიანი 2018 წელს დაინფიცირდა.

საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევა  1989 წელს გამოვლინდა. საქართველო  აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება. აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 10500-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

2019 წლის 1 დეკემბრის  მონაცემებით, 1989 წლიდან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 8028 შემთხვევა, აქედან 6023 - მამაკაცი და 2005 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა. შიდსი განუვითარდა 4197 პაციენტს, 1626 გარდაიცვალა. 2019 წელს გამოვლინდა 594 ახალი შემთხვევა.

ვინაიდან აივ ინფექციას დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მის დიაგნოსტირებაში ლაბორატორიულ გამოკვლევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. საჭიროა გამოკვლევების ჩატარება განსაკუთრებით კი სარისკო ქცევის შემთხვევებში:

აივ ინფექციის გადაცემის სამი გზა არსებობს:

1. სისხლის გადასხმის და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად დაავადება გადადის ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;

2. დაუცველი სქესობრივი კავშირი (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;

3. ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის დროს, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

 

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც დაგვიანებული და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში იწვევს სიკვდილს. ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს, თუმცა შეიძლება დააზიანოს სხვა ორგანოებიც.

ტუბერკულოზი გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. იგი აივ ინფექციის შემდეგ ინფექციური აგენტით გამოწვეული ყველაზე დიდი მკვლელია მსოფლიოში. მსოფლიოში ტუბერკულოზით ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ავადდება და 2 მილიონამდე ადამიანი კვდება. 

 

როგორ ვრცელდება ტუბერკულოზი?

ტუბერკულოზის გამომწვევია ე.წ. „კოხის ბაქტერია“, რომელიც  1882 წელს აღმოაჩინა გერმანელმა რობეტ კოხმა. უმეტეს შემთხვევაში ტუბერკულოზი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული პირისგან. ინფექციის მთავარი წყაროა ტუბერკულოზის მიკობაქტერიების შემცველი ავადმყოფის ნახველი, რომელიც უმცირესი სახით გამოიყოფა ხველების, ცემინების ან საუბრის დროს და ჰაერთან ერთად შეიძლება მოხვდეს ჯანმრთელი ადამიანის ფილტვებში, გამოიწვიოს მათი დაავადება. ტუბერკულოზის მიკრობაქტერია იწვევს ფილტვის  ქსოვილის რღვევას, რაც, მკურნალობის გარეშე დარჩენილი პირისთვის ხდება მძიმე ავადმყოფობის ან სიკვდილის მიზეზი. თუ ადამიანი არ აქცევს სათანადო ყურადღებას საერთო სისუსტეს, დაავადება შეიძლება ფარულად მიმდინარეობდეს და პაციენტმა დაგვიანებით მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, როდესაც უკვე მკურნალობა საჭიროებს მეტ დროს, ძალისხმევას და, რაც მთავარია, შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს. ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებულმა პირმა (თუ იგი არ იტარებს სათანადო მკურნალობას), ერთი წლის განმავლობაში შეიძლება დააინფიციროს 10-15 ჯანმრთელი ადამიანი. განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან ავადმყოფის ოჯახის წევრები და მასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირები.

ტუბერკულოზი საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლის მკურნალობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება და მოითხოვს ექიმის ყველა დანიშნულებისა და რჩევის აუცილებელ შესრულებას.

 

რა არის იმუნიზაცია და რა დაავადებებისგან გვიცავს ის

ჩვენს  გარემოში უამრავი მიკროორგანიზმი ბინადრობს. ისინი ყველგანაა: ჰაერში, ნიადაგში, წყალში, საკვებში, ცხოველებში. გარკვეული სახით მიკროორგანიზმები ინფექციურ დაავადებებს იწვევს. ზოგიერთი ამგვარი დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა იმუნიზაცია. მეოცე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ მიღწევათა ათეულში, რომელთაც შეცვალეს კაცობრიობა იმუნიზაცია იკავებს პირველ ადგილს. იმუნიზაცია /ვაქცინაცია იცავს მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევისაგან

კაცობრიობა უძველესი დროიდან ეძებდა გზებს გადამდები დაავადებებისგან თავის დასაცავად. XI საუკუნეში ჩინელებმა წარსულის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადების - ყვავილის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება დაიწყეს. თუმცა ეს მეთოდი მაშინდელ პირობებში ყოველთვის არ ამართლებდა და სარისკოც იყო. აბრეშუმის გზის ამოქმედების შედეგად იგი გავრცელდა ბიზანტიის იმპერიაში და XVIII საუკუნეში ევროპაშიც შევიდა. 1796 წელს ედუარდ ჯენერმა ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა და 1799 წელს გაიმართა ყვავილის საწინააღმდეგო პირველი ისტორიული ვაქცინაცია.

ვაქცინაციის საშუალებით შეგვიძლია თავი დავიცვათ ისეთი დაავადებებისგან როგორიცაა: დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი B, ზოგიერთი პნევმონია და მენინგიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომელიტი, როტავირუსული დიარეა, ტუბერკულოზი, ცოფი, ყვითელი ცხელება, ტიფი, იაპონური ენცეფალიტი, ჩუტყვავილა, ადამიანის პაპილომავირუსი, მენიგოკოკი, ჰერპეს ზოსტერი და სხვა.

საქართველოში 0-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად. სახელმწიფო უზრუნვეყოფს 12 ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

2017 წიდან საქართველოში დაიწყო ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეტაპობრივი დანერგვა, რაც მომავალში საკმაოდ შეამცირებს და სავარაუდოდ სრულიად გამორიცხავს საშვილოსნოს ყელის კიბოს.

აღსანიშნავია რომ პროგრამული ვაქცინები სრულიად უფასოა მომხმარებლისათვის და ამ ხარჯებს სრულიად ფარავს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა.

 

ცოფი

ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი ადამიანს დაინფიცირებული ცხოველის ნაკბენით გადაეცემა. აზიანებს ნერვულ სისტემას და, როგოც წესი, სიკვდილით მთავრდება. ცოფი უძველესი დაავადებაა. ის ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო ცნობილი.

ცხოველებში ცოფის პროფილაქტიკის ღონისძიებებში შედის, როგორც შინაური ცხოველების აუცილებელი რეგისტრაცია და ყოველწლიური ვაქცინაცია ასევე, მიუსაფარ ცხოველებში ცოფის ვირუსის პრევენციის მიზნით, უფასო ანტირაბიული (ცოფის) ვაქცინაციის პროგრამების განხორციელება.

პროფილაქტიკური იმუნიზაციის კურსი უტარდება იმ პირებს, რომლებიც, პროფესიიდან გამომდინარე, რისკის ჯგუფს წარმოადგენენ (მაწანწალა ძაღლების დაჭერის სამსახურის თანამშრომლები, მონადირეები, ვეტერინარული სამსახურის მუშაკები და სხვა). ძაღლები, კატები და სხვა ცხოველები, რომლებმაც დაკბინეს ადამიანები ან ცხოველები, სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ ვეტერინარულ სამკურნალო დაწესებულებაში დაკვირვებისთვის და 10 დღე უნდა დარჩნენ კარანტინში სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ. თუკი დაკვირვების ვადებში ცხოველი არ გამოავლენს დაავადების სიმპტომატიკას და არ დაიღუპება - იგი ჯანმრთელია.

ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ:

ა) ცოფიანი ძაღლის, სავარაუდოდ ცოფით დაავადებული ან უცნობი ცხოველისგან დაკბენის შემთხვევაში;

ბ) გაკაწვრის, კანისა და ლორწოვანი გარსების დადორბვლის შემთხვევაში;

გ)ცოფიანი ძაღლის ან, სავარაუდოდ ცოფით დაავადებული ძაღლის ნერწყვით დაბინძურებული საგნით დაზიანების შემთხვევაში;

დ) თუკი დაკბენის დროს ტანსაცმელი კბილებით დაზიანდა;

ე)თხელი ან ნაქსოვი ტანსაცმლის გავლით და კბენის დროს;

კ)კონტაქტის მომენტში ჯანმრთელი ცხოველის მიერ დაკბენის, დადორბვლის ან დაკაწვრის შემთხვევაში, თუ ცხოველი 10-დღიანი დაკვირვების პერიოდში გარდაიცვალა, დაიღუპა ან გაქრა.

ზ)ველური მღრნელების დაკბენის შემთხვევაში.

 

 

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ