თავი 4, გაკვეთილი 46

საზოგადოება და კულტურა, გენდერული როლები, მრავალფეროვნება, სექსუალობის რეპრეზენტაცია მედიაში

ყველა კულტურას საკუთარი ნორმები, ტაბუები და  განსხვავებული შეხედულებები აქვს სექსუალობასთან დაკავშირებით. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კულტურები და ქვეყნები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ: პლურალისტური და პატრიარქალური (კონსერვატიული) საზოგადოების მქონე. პლურალისტურ საზოგადოებაში, ინდივიდის უფლება, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ცხოვრების წესი პატივცემულია. რაც შეეხება პატრიარქალურ საზოგადოებას, იქ მცხოვრები ადამიანები აგრესიულად რეაგირებენ განსხვავებული ორიენტაციისა და იდენტობის მქონე ადამიანებზე, რიყავენ მათ, აყენებენ სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას, დევნიან, მათ შორის არაცივილური მეთოდებითაც, და ამგვარად ცდილობენ, გააქრონ ან შეუმჩნეველი გახადონ განსხვავებული ადამიანების არსებობა.

საზოგადოებების უმეტესობაში, არსებობს დაუწერელი კანონები მოზარდების სექსუალობის შესახებ. სოციალური მესიჯები სექსუალობის შესახებ ხშირად ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოა. გარდა ამისა, შესაძლოა, სექსუალობასთან დაკავშირებული, ინდივიდის, ოჯახის და სოციუმის  შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. იმ ღირებულებების აღიარება, რომელიც განსხვავდება ადამიანის ოჯახური ტრადიციებისგან, საკმაოდ რთულია მოზარდისთვის, რადგან ისინი ერთმანეთს ფუნდამენტალურ საკითხებში ეწინააღმდეგებიან და მას გაურკვევლობაში ტოვებენ - რომელ მხარეს სცეს პატივი? იმისათვის, რომ მოზარდს არ შეელახოს საკუთარი ფუნდამენტალური უფლებები, საჭიროა, მან კრიტიკულად შეაფასოს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია, გაანალიზოს  და შეარჩიოს ოპტიმალური, მისთვის მისაღები ქცევის ნორმები, რომელსაც იგი დაიცავს და ამით თავს დაჩაგრულად არ იგრძნობს. ინდივიდებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები მხოლოდ იმიტომ, რომ მის გარშემო მყოფებს კონკრეტული საკითხი ან ქცევა ჰგონიათ სწორი. მათ უნდა იმოქმედონ თავიანთი შეხედულებებისამებრ.

სექსუალობა და რელიგია

რელიგიური შეხედულებები სექსუალობასთან დაკავშირებით გავლენას ახდენს ადამიანების დამოკიდებულებასა და ქცევებზე. ზოგიერთი ოჯახი ამა თუ იმ რელიგიური წესების მიხედვით ცხოვრობს, ზოგი კი არა. რელიგია ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულს, მოქცევას და ქმედებების სისწორეს ასწავლის. გარდა ამისა, სხვადასხვა რელიგია განსხვავებულ ღირებულებებს აქცევს ყურადღებას. რელიგიათა უმრავლესობა ქადაგებს, რომ სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ ქორწინების შემდეგ უნდა დამყარდეს. პატრიარქალურ ქვეყნებში ზემოხსენებული წესის დაცვას პრაქტიკაში მხოლოდ ქალებს სთხოვენ, კაცებს კი არა. რელიგიები, რომლებიც ადამიანებს სექსუალურ ხედვას უვიწროვებენ, კონსერვატულებად იწოდებიან, მათი საპირისპიროა ლიბერალური და შედარებით თავისუფალი რელიგიები, რომლებიც ნაკლებად ამცირებენ თავისუფლების არეალს ამ საკითხში. ადამიანის რწმენამ შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს მის ცხოვრებაში სექსუალური გადაწყვეტილების მიღების დროს. თუ ორ ადამიანს ერთმანეთისგან განსხვავებული სექსუალური შეხედულებები და ღირებულებები აქვს (მაგალითად იმისგან, რასაც რელიგია ასწავლის), კონფლიქტი  მოსალოდნელია. ზოგიერთი ადამიანი დღესაც სცემს პატივს იმას, რასაც სარწმუნოება მოუწოდებს, თუმცა საკუთარ ცხოვრებაში ამ წესს არ იცავს. განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მქონე პარტნიორებს შორის რთულია კონსესუსის მიღწევა სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ისინი არა საკუთარი აზრის, არამედ სხვისგან მოწოდებული წესების მიხედვით მოქმედებენ. თანამედროვე სამყაროში სასულიერო პირთა უფრო და უფრო მზარდი რიცხვი ღიად იღებს თავისუფალ სექსუალურ კავშირებს, მათ შორის გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს.

მრავალფეროვნება

კულტურა, ეთნიკური კუთვნილება, რასა, რელიგია, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, ფიზიკური შესაძლებლოები, ასაკი - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფიქრობს, იქცევა, გამოიყურება და ცხოვრობს ადამიანი. დისკრიმინაცია დაუშვებელია კანონით, რადგან ის ზღუდავს საზოგადოების პოტენციალს სრულებით გამოიყენოს თითოეული წევრის შესაძლებლობების მაქსიმუმი. დისკრიმინაციას უარყოფითი გავლენა აქვს ინდივიდზე, ოჯახზე და საზოგადოებაზე, თუმცა ადამიანები ხშირად ხდებიან მისი მსხვერპლნი კონკრეტული ნიშნის გამო, რაც მათ თვითშეფასებას უქვეითებს, უქმნის უთანასწორო გარემოსა და შესაძლებლობებს, ფიზიკურ და ემოციურ პრობლემებს და სხვა. რეალურად კი, ადამიანების ცხოვრება მდიდარია მაშინ, როდესაც ისინი გაგებით ეკიდებიან და ღიად ხვდებიან მრავალფეროვნებას. საზოგადოება ბევრად უფრო ეფექტურია, როდესაც მისი განსხვავებული წევრები პატივს სცემენ ერთმანეთის შეხედულებებს. ადამიანებს აქვთ უფლება, გააპროტესტონ დისკრიმინაცია და მხარი დაუჭირონ უმცირესობებს, როდესაც მათი  უფლებები ილახება. იმისათვის, რომ ბრძოლამ შედეგი გამოიღოს, კანონი, პოლიცია და სასჯელი შეთანხმებულად და ეფექტურად უნდა მუშაობდეს პრობლემის წინააღმდეგ.

სექსუალობა და მედია

მედიას დიდი გავლენა აქვს სექსუალურ ინფორმაციაზე, ღირებულებებსა და ქცევებზე. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელების, ტელევიზიის, რადიოს, ფილმის, წიგნის ან  ჟურნალის მშვეობით ყოველთვის არ არის  ნამდვილი. თანამედროეობისთვის დამახასიათებელია ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება, რომელთაგანაც დიდი ნაწილი უხარისხოა, არ არის გადამოწმებული, არ ეყრდნობა ფაქტებსა თუ კვლევებს და არის უაღრესად ზედაპირული და ხშირად განამტკიცებს უკვე არსებულ მცდარ წარმოდგენებს ამა თუ იმ საგანზე, მათ შორის სექსუალობაზეც.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სტერეოტიპების თავს მოხვევის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია. მასმედია ხშირად ადამიანს სტერეოტიპებით აზროვნებას აჩვევს. ამის შედეგად, ინფორმაციის მომხმარებლის ინტელექტუალური დონე იმდენად ეცემა, რომ ცნობიერებაში სტერეოტიპების გამყარების ერთ-ერთ აუცილებელ ინსტრუმენტად გამეორება იქცევა. დროის უკმარისობას, ასევე ოპერატიულობის უზრუნველყოფისა და აუდიტორიაზე მაქსიმალური ზემოქმედების აუცილებლობას იქამდე მივყავართ, რომ ჟურნალისტები უპირატესობას სანახაობით და სენსაციურ მოვლენებს ანიჭებენ და არა საკითხის ანალიზს და სიღმრისეულ შესწავლას.

მასმედიის მუშაობის კიდევ ერთი მეთოდია ინფორმაციის მითოლოგიზაცია (ბერძ. mythos-გადმოცემა, თქმულება). ადამიანთა ცნობიერებაში მითების განმტკიცების ტექნიკა მასმედიაში დიდ როლს თამაშობს. მითები მკვიდრდებიან ცნობიერებაში და ადამიანების გრძნობებსა და ქცევაზე ახდენენ გავლენას. მითები ძალზე სიცოცხლისუნარიანნი არიან, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ რეალური ფაქტებისა და მოვლენების გვერდის ავლით მათ უკვე გარანტირებული აქვთ ჭეშმარიტებისა და დოგმატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, მოვლენები, რომელთა სინამდვილის შემოწმების სურვილი ან შესაძლებლობა ინფორმაციის მიმღებს არ ჰქონია, მას სრულ ჭეშმარიტებად ესახება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სრულიად შეესაბამება მის წარმოდგენაში არსებული სამყაროს სურათს. ამის შედეგად ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ადამიანები ნამდვილ ფაქტებს სისულელედ და მონაჩმახად აღიქვამენ, სტერეოტიპების და მითების კი  სჯერათ.

სექსუალობა და ხელოვნება

სექსუალური და ეროტიული შინაარსის ნახატები/სურათები ხელოვნებაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი ხშირადაა ასახული მუსიკაში, ფილმებში, დრამატურგიასა თუ ლიტერატურაში. სექსუალური სურათების ნატურა, ისტორიის მანძილზე იცვლებოდა და იხვეწებოდა. ზოგიერთი ადამიანისთვის, შესაძლოა სექსუალურად თამამი ნახატი უხამსი იყოს. ეროტიული ნახატების ეფექტი საზოგადოებაზე საკმაოდ აშკარაა და ამა თუ იმ დროს შექმნილ ნიმუშს შეუძლია ასახოს, თუ რას ფიქრობდა მისი შექმნის პერიოდში ადამიანი სექსუალობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეროტიული ნამუშევრებიც ხელოვნების ერთ-ერთი და საკმაოდ დიდი ნაწილია, ზოგიერთი ადამიანი დღემდე ცდილობს მის ჩარჩოებში მოქცევას და შეზღუდვას.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ