თავი 4, გაკვეთილი 43

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა წარმოადგენს ადამიანის სასიცოცხლო პროცესს, რომელიც დაკავშირებულია  სრულ ფიზიკურ, გონებრივ და სოციალურ კეთილდღეობასთან. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება და  ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანის უფლება თუ რამდენი შვილი იყოლიოს.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ადამიანს სჭირდება ზუსტი და კომპეტენტური ინფორმაცია უსაფრთხო, ეფექტიანი და  ხელმისაწვდომი კონტრაცეფციის შესახებ.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დედათა  და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორსულობა, სექსუალური გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობა, უსაფრთხო სექსი და უსაფრთხო აბორტი, რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია, სკრინინგი და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ რეპროდუქციას ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თუმცა აღსანიშნავია, რომ რეპროდუქცია არა მხოლოდ ჯანმთელობის,  არამედ უფლებრივ საკითხებსაც  მოიცავს.

ნებისმიერ ადამიანს  უფლება აქვს ყოველგვარი ზეწოლის, იძულებისა და დისკრიმინაციის გარეშე თავად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სექსუალურ და რეპროდუქციულ ქცევასთან დაკავშირებით.

ქალს უფლება აქვს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და  თავად  გადაწყვეტოს როდის სურს  შვილის გაჩენა, რამდენი შვილის გაჩენა სურს და ასევე უფლება აქვს თავიდან აიცილოს დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობა.  მას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ისეთ სერვისებზე, რომლებიც დაეხმარება ორსულობის, უსაფრთხო მშობიარობისა და ჯანმრთელი ბავშვის ყოლაში.

სწორედ ეს თავისუფალი არჩევანი, დამოუკიდებელი და გააზრებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ადამიანის რეპროდუქციულ უფლებას.

საქართველოში არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც  აქტიურად საქმიანობს   სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში, უზრუნველყოფს სქესობრივი და რეპოდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას.

როგორც წინა გაკვეთილიდან შეიტყვე, 14-18 წლამდე არასრუწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს ექიმს სქესობრივად გადამდები დაავადების მკურნალობის, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით.

მსგავსი სერვისის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ, სრულიად უფასო კონსულტაციის მიღება. 

რა არის კონტრაცეფცია

კონტრაცეფცია ეს არის თავდაცვა არასასურველი ფეხმძიმობისგან, ხოლო ამაზე ზრუნვა მხოლოდ ქალს არ უნდა უწევდეს, ეს ორივე პარტნიორის პასუხისმგებლობაა

ყველა ადამიანს აქვს უფლება მოიპოვოს ინფორმაცია, შეიძინოს და გამოიყენოს კონტრაცეფცია. მნიშვნელოვანია, პირმა იცოდეს რა სახის კონტრაცეფციის მეთოდები არსებობს, რათა შეარჩიოს თავისთვის მისაღები მეთოდ(ებ)ი.  მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კონტრაცეფციის ბევრი მეთოდი არსებობს, საქართველოში მაინც შეზღუდულია არჩევანი.

ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამდენად თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა შეარჩიოს კონტრაცეფციის მეთოდი, რადგან რაც ადგება ერთ ადამიანს, ის შეიძლება მეორესათვის არაეფექტური აღმოჩნდეს.

კონტრაცეფციის სახეები

ბიოლოგიური : კალენდარული კონტრაცეფციის მეთოდი 

ბარიერული: კონდომი

ქიმიური: ღრუბელი, კრემები, სანთლები სპერმიციდის შემცველობით

ჰორმონალური:  ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

საშვილოსნოსშიდა: საშვილოსნოსშიდა სპირალი;

სანამ ახალგაზრდა  კონტრაცეფციის მეთოდს შეარჩევს, სასურველია რომ

  • მივიდეს ექიმთან გამოკვლევაზე
  • გამოიყენოს ანონიმური  და უფასო კონსულტაციი სერვისი
  • პროფესიონალთან ერთად შეარჩიოს კონტრაცეფციის ფორმა
  • გამოიკვლიოს მისაღებია თუ არა მისთვის ჰორმონალური კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენება

ყველა ამ საკითხე ინფორმაცია შესაძლებელია მიიღოთ ვეგ-გვერდზე: „ყველაფერი შენ შესახებ“

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ