ჯანმრთელობა
პიროვნების ჯანმრთელობა ადამიანის კეთილდღეობისა და ღირსების მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია. ზოგადი მოსაზრებით, სახელმწიფოს, ამ თვალსაზრისით, გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება: მას ხელეწიფება ძირითადი პირობების შექმნა საამისოდ, რომ დაცული იყოს პიროვნების ჯანმრთელობა და შესაძლებელი - მისი გაუმჯობესება.
საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 28. ჯანმრთელობის დაცვის უფლება
1. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით.
2. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას.
საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვადასხვა კანონების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობებს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აწესრიგებს საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“.
არასრულწლოვანი პაციენტის უფლებები
არასრულწლოვანისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით ხორციელდება.
არასრულწლოვანი პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მკურნალი ექიმისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
თუმცა, არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც კანონის შესაბამისად მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ მიეწოდება, თუ არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუნარიანად ითვლება ამ ინფორმაციის მიწოდების წინააღმდეგია.
თუ 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანმა პაციენტმა ექიმს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების, ნარკოდამოკიდებულების, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით და ექიმს ან სამედიცინო მომსახურების გამწევს მიაჩნია, რომ ის სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ შემთხვევაში არასრულწლოვანს უფლება აქვს მოითხოვოს რომ ეს ინფორმაცია არ მიაწოდონ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს.
იგივე წესი მოქმედებს, თუ 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტი, ექიმს მიმართავს აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკისას დადებითი შედეგი გამოვლინდება. 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ეს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს არასრუწლოვანი პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ან/და პაციენტი უარს აცხადებს შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაზე და პაციენტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქმედუნარიანად არ ითვლება.
ზემოაღნიშნული შემთხვევების გარდა 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაეწევა მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით; თუმცა სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით.
16 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს, ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. პაციენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს.
ამავე კანონის თანახმად, არასრულწლოვან პაციენტს აქვს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკსა და გონებრივი განვითარების დონეს.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი გვთავაზობს ცხელ ხაზს ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. დახმარების მიღება შესაძლებელია, როგორც ტელეფონით ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111, ასევე ონლაინ . აღსანიშნავია, რომ ზარებს პასუხობენ პროფესიონალები, რომელთა ნდობაც შეიძლება. ისინი მოგისმენენ, არ განგსჯიან, დაგეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში. საუბრის შინაარსი კონფიდენციალურია.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეს არის გაეროს სპეციალიზებული სააგენტო,რომელიც 1948 წელს შეიქმნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობათაშორის ორგანიზაციას წარმოადგენს. იგი აერთიანებს 198 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს. ორგანიზაციის მიზანია, ხალხებმა ჯანდაცვის მაღალ დონეს მიაღწიონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ შემოიფარგლება სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლით, იგი ასევე წყევტს სხვადასხვა სოციალურ პრობლემას საერთაშორისო მასშტაბით და სისტემატურად აქვეყნებს მრავალგვარ სტატისტიკურ ინფორმაციას (მაგ., შობადობის, ეპიდემიის, ტრავმატიზმისა და სხვადასხვა დაავადებების შესახებ).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი სტრატეგიები
- ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით:
- დედათა და ბავშვთა ჯანდაცვა, ოჯახის დაგეგმვის ჩათვლით;
- ძირითადი ინფექციური დაავადებების იმუნიზაცია;
- გავრცელებული დაავადებებისა და დაზიანებების სათანადო მკურნალობა;
- ძირითადი მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
- ჯანმრთელობის ფუძემდებლურ პირობებთან დაკავშირებით:
- ჯანდაცვის პრობლემების, მათი პრევენციისა და კონტროლის მეთოდების სწავლება;
- საკვებით უზრუნველყოფისა და სათანადო კვების ხელშეწყობა;
- უსაფრთხო სასმელი წყლით მომარაგება და ძირითადი სანიტარული პირობები.