რა არის სექსუალობა?
სექსუალობა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სულიერი და ემოციური განცდებისა და ქცევების ერთობლიობაა, რაც დაკავშირებულია სექსუალური ლტოლვის გამოვლენასა და დაკმაყოფილებასთან და წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის თანდაყოლილ მოთხოვნილებას და ფუნქციას. ადამიანი იბადება გარკვეული (სექსუალური) პოტენციალით, რომელიც შემდეგ ვითარდება ინდივიდუალური ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე. ის მოიცავს სქესს, გენდერულ იდენტობას და როლს, სექსუალურ ორიენტაციას, ეროტიულობას, სიამოვნებას, ინტიმურობასა და რეპროდუქციას.
განმარტების მიუხედავად, ფსიქოლოგების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს არის თანდაყოლილი მოცემულობა, რომელიც განვითარებისა და ცვლილებების გარკვეულ გზას გადის და რომელსაც უკავშირდება შემოქმედებითობა, აგრესიულობა, ენერგია, აგზნება/შეკავება და ა.შ.
უფრო მარტივი სიტყვებით კი, სექსუალობა არის თვითგამოხატვის გზა, როგორ გრძნობ თავს სექსისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც გიზიდავს. სექსუალობა ადამიანებს შორის კონტაქტის დამყარების საშუალებაა.
გარემო, რომელშიც დაიბადე ზეგავლენას ახდენს იმაზე, როგორ აღიქვამ საკუთარ ან სხვის სექსუალობას. კულტურული გარემო განსაზღვრავს აკრძალვას, ტაბუს, ნორმას,რაც ხშირ შემთხვევაში მარეგულირებელ ხასიათს ატარებს, მისი მიზანი კი საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრების დამყარებაა.
თუმცა ნორმების არსებობა ადამიანებში სირცხვილის, შიშის, დანაშაულის გრძნობას აღვივებს, იწვევს სექსულობის დაკნინებას, დაქვეითებას, დეპრესიას, არარეალიზებულობის განცდას, რეპრესირებულ აგრესიას და ა.შ.. მოკლედ რომ ვთქვათ - შეზღუდული სექსუალობა ადამიანის ფსიქიკისათვის მავნებელია.
სოციალური და კულტურული ნორმები ზოგჯერ აფერხებს ადამიანის ბუნებრივ, ინდივიდუალურ განვითარებას. დადგენილი ნორმების გამო ადამიანის სექსუალობა შეიძლება რეპრესირებული იყოს.
სექსუალური ქცევა
სექსუალური ქცევა არის ინდივიდის ქცევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ რომელიმე სქესისადმი მისი კუთვნილება. ძირითადად ეს არის ნიშანდობლივი ქცევები, დამყარებული განსხვავებებზე გარეგნობაში, ტანსაცმელში, ქცევის მანერაში, ჟესტების სისტემაში, მეტყველების მანერაში.
სექსუალური ქცევა - სოციალური ქცევაა, ადამიანს ამოძრავებს გარკვეული მიზანი, მიისწრაფვის გარკვეული ინტერესების რეალიზაციისკენ, მაგრამ ყველაფერი ბიოლოგიური მექანიზმების გამოყენებაზეა დაფუძნებული. სექსუალურ ქცევაში გაერთიანებულია ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციოკულტურული პროცესები.
სექსუალური ქცევა არ წარმოადგენს ერთხელ და სამუდამოდ დასწავლილ ქცევის მოდელს. ის არის მუდმივად ცვალებადი როლების ნაკრები.
მოთხოვნები, რომელსაც საზოგადოება სექსუალურ ქცევა უყენებს განსხვავდება სქესისა და ასაკის შესაბამისად. ბევრი რამ, რაც დასაშვებია კაცებისთვის, აკრძალულია ქალებისთვის და პირიქით. ასეთ ორმაგ ნორმებს „ორმაგი სტანდარტი“ ეწოდება. „ორმაგი სტანდარტის“ მოთხოვნები იგრძნობა ადრეული ასაკიდან როგორც საერო, ისე რელიგიურ ცხოვრებაში. სექსუალურ ქცევაზე გავლენას ახდენს ასაკობრივი ნორმებიც. ბიჭისთვის მისაღები სექსულაური ქცევა, ხშირად სრულიად მიუღებელია ზრდასრული კაცისთვის და ა.შ.
სხვადასხვა სქესობრივ როლს სექსუალური ქცევის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნა აქვს. სქესობრივი ქცევის მიმართ სხვადასხვა სქესობრივი როლების მოთხოვნების შეუფასებლობას მივყავართ გაუმართლებელი სიტუაციების წარმოშობისაკენ, როდესაც, მაგალითად, ჩაცმის მანერის მიხედვით მსჯელობენ სექსუალურ ორიენტაციაზე, ან პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე აკეთებენ დასკვნებს ოჯახური ცხოვრების შესახებ.
სქესობრივი მომწიფება
როგორც კი ზრდასრულობის ასაკში გადადიხარ, შენი სხეული უამრავ ცვლილებას განიცდის, შენ კი ამჩნევ, რომ ხასიათიცა და ქცევებიც გეცვლება. პერიოდით დაწყებული, სხეულზე თმის ზრდით დამთავრებული, გაიგე, რას უნდა ელოდო სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
რა არის სქესობრივი მომწიფება?
ამ დროს შენი სხეული ვითარდება და იცვლება, რადგან უკვე ზრდასრული ადამიანი ხდები. ეს ცვლილებები სავსებით ნორმალურია. შეიძლება სექსუალური შეგრძნებები გაგიჩნდეს და შეამჩნიო, რომ ხასიათი და ემოციები გეცვლება.
როდის იწყება სქესობრივი მომწიფება?
სქესობრივი მომწიფებისთვის კონკრეტული ასაკი არ არსებობს, ამიტომ ნუ ინერვიულებ, თუ შენი სხეული შენს მეგობრებზე ადრე ან გვიან იცვლება. გოგონებისთვის სქესობრივი მომწიფება ხშირად 10-16 წლის ასაკში იწყება, ბიჭებისთვის – 10-18 წლის ასაკში.
გახსოვდეს, რომ ცვლილებები დროთა განმავლობაში მოხდება. ყველას სხეული განსხვავებულია, ზოგი ადამიანი სწრაფად ვითარდება, ზოგი – ნელა.
ახალი შეგრძნებები და ემოციები
სქესობრივ მომწიფებას ყოველი ჩვენგანი გადის, თუმცა ყველა სხვადასხვაგვარად. ეს შეიძლება ამაღელვებელი მოგზაურობაც იყოს და შემაშფოთებელიც, განსაკუთრებით, თუ არ იცი, რას უნდა ელოდე ყოველ კუთხე-კუნჭულში. იმის გაგებამ, რა ცვლილებებს უნდა ელოდე, შეიძლება გაგიმარტივოს ამ პროცესის გავლა.
სრულებით ნორმალურია, თუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში უფრო ხშირად ფიქრობ სექსზე. ბევრი ადამიანი იწყებს საკუთარი სხეულის შეხებასა და შესწავლას.
სქესობრივი მომწიფების პერიოდში ბევრი ადამიანი ხვდება, რომ საკუთარი, საწინააღმდეგო ან სულაც ორივე სქესის ადამიანები იზიდავს. სხვებს შეიძლება საერთოდ არავინ არ იზიდავდეს. ეს სრულებით ნორმალურია და ამაზე არ უნდა ინერვიულო. ზოგი ადამიანი საკუთარი სექსუალობის შესახებ იგებს ადრეულ ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ან მოგვიანებით, როცა უკვე საკმაოდ დიდები არიან. ეს ყველაფერი ნორმალურია.
შეიძლება საინტერესო იყოს ახალი შეგრძნებებისა და ემოციების გაჩენა, თუმცა ხანდახან ამან შეიძლება სევდიანი ფიქრები და შეგრძნებებიც გამოიწვიოს.
რა მემართება?
- სქესობრივი მომწიფების დროს იმდენი რამე და ისე სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, რომ შეიძლება გაინტერესებდეს, რა ხდება და ნორმალურია თუ არა, რაც შენ თავს ხდება;
- გახსოვდეს, რომ იყო ნორმალური, ყოველთვის არ ნიშნავს, დანარჩენებს ჰგავდე. იყო ნორმალური, ნიშნავს უამრავ რამეს. ჩვენ, ყველა (მათ შორის შენც!) ჩვენებურად ნორმალურები ვართ;
- ზოგჯერ ჩვენი სხეული შეიძლება ისე იცვლებოდეს და ვითარდებოდეს, რომ სულაც არ მოგვწონდეს. ეს ნამდვილად არ არის ყველაზე კარგი შეგრძნება, თუმცა არც ყველაზე უჩვეულოა.
გამიგია, რომ ადამიანებს სქესობრივი მომწიფების დროს გამაღიზიანებელი და უცნაური რაღაცები ემართებათ. მართალია?
სამწუხაროდ, დიახ, მართალია. თითქმის ყველას აქვს მოსაყოლი ამბავი, რაც იმ დროს აღიზიანებდა, თუმცა მოგვიანებით თითქმის ყველა სიცილით იხსენებს; ეს არის მცირე ჩამონათვალი, რას შეიძლება ელოდე სქესობრივი მომწიფების დროს:
- შეიძლება ერექცია გქონდეს მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები;
- შეიძლება მენსტრუაცია დაგეწყოს მაშინ, როცა ამისთვის მზად არ ხარ;
- შეიძლება ხმა სწორედ აგიკანკალდეს ან დაკარგო, როცა გინდა, რომ მშვიდად გამოიყურებოდე;
- კანზე გამონაყარი გაგიჩნდეს კლასის ფოტოს გადაღების წინა დღეს.
როგორ დავაღწევ თავს სქესობრივი მომწიფების ასაკს?
- ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია გააკეთო, ისაა, რომ მოემზადო ამისთვის. წაიკითხე, ისაუბრე და გაიგე, რას უნდა ელოდე. ასე უკეთ გაიცნობ შენს სხეულსა და გონებას ამ ცვლილებების განმავლობაში;
- დრო და ყურადღება დაუთმე საკუთარი სხეულისა და მასში მომხდარი ცვლილებების შესწავლას;
- იფიქრე, რას გრძნობ ემოციურად და როგორ იცვლება ეს ემოციები ყოველდღიურად და ყოველწამიერადაც კი.
სასარგებლო რჩევა:
სქესობრივი მომწიფების ასაკში ძალიან დაგეხმარება ისეთ ადამიანთან საუბარი, ვისაც ენდობი. ეს შეიძლება იყოს შენი მეგობარი, რომელიც შენსავით გადის ამ პერიოდს, ან უფროსი ადამიანი, მშობელი, ექიმი, მასწავლებელი, ვინც უკვე გაიარა ეს ყველაფერი. თუ ფიქრობ, რომ მეტი თანადგომა გჭირდება, შეგიძლია მიმართო პროფესიონალ ექიმს.