თავი 3, გაკვეთილი 32

ძირითადი ეკონომიკური სისტემები

როგორც პირველ ქვეთავში აღვნიშნეთ, ყველაფერი ჩვენს გარშემო კავშირშია გაცვლასთან, ღირებულებების თეორიასთან და სხვა ეკონომიკურ აქტივობებთან. ამ ყველაფრის ერთობლიობა პოლიტიკურ წყობასთან ერთად ქმნის ეკონომიკურ სისტემას.

იმისთვის, რომ ეკონომიკური სისტემები კარგად გავიაზროთ, აუცილებელია განვიხილოთ თუ რა არის წარმოების ფაქტორები. სიმდიდრის (პროდუქტის ან სერვისის) შესაქმნელად საჭიროა სამი ფაქტორი.

  1. მიწა. სიმდიდრის პირველი წყარო ისტორიის მანძილზე მიწა იყო, რადგან სწორედ მასზე მოდიოდა სიცოცხლისთვის აუცილებელი საქონლის დიდი ნაწილი, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი და სხვა პროდუქტები. მიწაზეა განთავსებული ყველაფერი ის, რაც სიმდიდრეს ქმნის;
  2. კაპიტალი. მანქანა-დანადგარები, შენობა, კომპიუტერი და ყველა ის საქონელი, რომელიც გვჭირდება სიმდიდრის შესაქმნელად ესაა კაპიტალი;
  3. შრომა. წარმოების მესამე ძირითადი ფაქტორი ეს არის ადამიანური რესურსი, რომელიც ასევე აუცილებელი წინაპირობაა სიმდიდრის შესაქმნელად.

წარმოების ფაქტორებზე დგას ყველა ეკონომიკური სისტემა. ხოლო ისტორიის მანძილზე სამი ტიპის ეკონომიკურ სისტემას უარსებია. ესენია კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული, კოლექტივიზმზე დაფუძნებული და შერეული სისტემები. კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული სისტემა თავის მხრივ ორი ტიპისაა - ფეოდალური და კაპიტალისტური. ფეოდალური სისტემის დროს წარმოების ფაქტორები ფეოდალებს ეკუთვნოდათ და თავისი სურვილისამებრ განკარგავდნენ, ხოლო კაპიტალისტური სისტემა დაფუძნებულია მერიტოკრატიაზე და ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შესაძლებლობები განვითარების. შერეული სისტემა გულისხმობს, რომ მოწყობა კაპიტალისტურია, მაგრამ ქვეყანაში არსებული რესურსების გარკვეული ნაწილის გადანაწილება ხდება მთავრობის მიერ ცენტრალიზებულად.

დღეს დედამიწაზე არსებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი დაფუძნებულია კერძო საკუთრებაზე, სადაც წარმოების ფაქტორების უდიდესი ნაწილი მოქალაქეების ხელშია და არა მთავრობის. არსებობს გამონაკლისებიც, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ვიეტნამი, ლაოსი და ვენესუელა, სადაც რესურსების განკარგვა ცენტრალიზებულად ხდება მთავრობის მიერ და კერძო საკუთრება ან მთლიანად იკრძალება ან ნაწილობრივ. კოლექტივისტურ წყობის ყველაზე მკაფიო მაგალითია კომუნიზმი. ალბათ ყველას გაგვიგია ყველაზე ცნობილი კომუნისტური ერთობა - საბჭოთა კავშირი, სადაც მისი არსებობის მანძილზე თითქმის ყოველთვის კერძო საკუთრება იკრძალებოდა და წარმოების საშუალებები მთავრობის ხელში იყო.

რატომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური სისტემები და რომელია უკეთესი მოდელი სიმდიდრის გაზრდისთვის ყოველთვის საკამათო საკითხს წარმოადგენდა. სანამ თითოეული სისტემის შედეგებზე გადავიდოდეთ, აუცილებელია განვიხილოთ თითოეული სისტემის მთავარი მიზანი. ერთი შეხედვით, ეკონომიკის მთავარი მიზანი სიმდიდრის გაზრდა უნდა იყოს, მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც. მაგალითად, კომუნისტური სისტემა აგებულია არა სიმდიდრის ზრდის, არამედ ეკონომიკური თანასწორობის იდეაზე. კომუნისტების და სოციალისტების აზრით, დედამიწაზე რესურსები არასამართლიანადაა გადანაწილებული (ზოგს ძალიან ბევრი აქვს, ზოგს ბევრი, ზოგს ცოტა და ზოგს ძალიან ცოტა) და ამაში დამნაშავე კაპიტალისური სისტემაა. სწორედ ამიტომ, ისინი ამბობენ, რომ საჭიროა „ცენტრალური მგეგმავი“ მთავრობის სახით, რომელსაც ყველა წარმოების საშუალება მის დაქვემდებარებაში ექნება და თავისი შეხედულებებისამებრ გადაანაწილებს რესურსებს მოქალაქეებზე.

კაპიტალისტური, იგივე ლიბერალური ეკონომიკური სისტემის დამცველებისთვის ეკონომიკურ თანასწორობაზე მაღლა თავისუფლება დგას და მათი აზრით, დაუშვებელია ძალადობრივი ფორმებით ადამიანების სიმდიდრის გათანაბრება. ლიბერალური ეკონომიკური სისტემის მომხრეებისთვის მერიტოკრატია ეს არის ბუნებრივი მოვლენა და თვლიან, რომ რაც უფრო მეტ თავისუფლებას მივცემთ ადამიანს, მით მეტად გაიზრდება სიმდიდრე.

გარდა მიზეზების თეორიული ნაწილისა, აუცილებელია თვალი გადავავლოთ შედეგებსაც. მაგალითად, ფეოდალური სისტემიდან ლიბერალურ ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლამ დიდი როლი ითამაშა ინდუსტრიალიზაციის დაწყებაში და სიმდიდრის მკვეთრ ზრდაში.

გრაფიკზე  მოცემულია რიცხვები, თუ როგორ გამდიდრდა დასავლეთი მე-19 საუკუნიდან. ეს კი ის პერიოდია, როდესაც ფეოდალური სისტემები ინგრევა და მაშინდელი განვითარებული მსოფლიო ლიბერალურ ეკონომიკურ სისტემაზე გადადის.

გრაფიკი 1:

გრაფიკი 1:

 

ეკონომიკური სისტემების განხილვისას ასევე კარგი მაგალითია საქართველო. მას აქვს ისტორია, სადაც ყველანაირი ეკონომიკური სისტემა არსებობდა:

  • 1917 წლამდე - ფეოდალური
  • 1917-1921 წლებში - შერეული
  • 1921-1991 წლებში - კომუნისტური
  • 1991 წლიდან დღემდე - კაპიტალისტური შერეული სისტემის ელემენტებით

საქართველო ფეოდალური წყობისას ისევე ღარიბი იყო, როგორიც მსოფლიოს სხვა დანარჩენი ქვეყნების უდიდესი ნაწილი. საბჭოთა კავშირის პირობებში საქართველოს ეკონომიკა მოსკოვიდან იგეგმებოდა, სადაც ცენტრალური მგეგმავი წყვეტდა ვის რამდენი ეწარმოებინა, სად ეწარმოებინა, რა ფასად და ვისთვის ან რისთვის. 1991 წლამდე საქართველო, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი, მდიდრდებოდა, მაგრამ ბევრად ნაკლები ტემპით, ვიდრე დასავლეთის ქვეყნები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემაზე გადაწყობის პერიოდში, სამოქალაქო და სხვა ომების გამო საქართველოს ეკონომიკა საგრძნობლად შემცირდა. საქართველო ყირგიზეთთან ერთად მსოფლიო რეკორდსმენი იყო ეკონომიკურ ვარდნაში 1991-1994 წლებში. ჩვენი ეკონომიკა დაახლოებით 75%-ით შემცირდა. წარმოიდგინეთ, რომ თითოეულ ადამიანს თავისი ქონებიდან მხოლოდ მეოთხედი დარჩა ამ პერიოდში. 1994 წლიდან დღემდე, საქართველოს სიმდიდრე წლიურად საშუალოდ 5-6%-ით იზრდება. ეს ზრდა მაღალია თუ დაბალი შემდეგ თავებში ვისაუბრებთ, თუმცა ამჯერად აუილებელია იმის ცოდნა, რომ საქართველოს ეკონომიკური სისტემა დამყარებულია კერძო საკუთრებაზე, სადაც წარმოების ფაქტორების დიდი ნაწილი მოქალაქეების ხელშია და არა „ცენტრალური მგეგმავის“.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ