თავი 3, გაკვეთილი 31

ეკონომიკის ძირითადი არსი

ეკონომიკის ძირითადი საკითხები 

ხშირად როდესაც სიტყვა „ეკონომიკას“ ხმარობენ, ადამიანებს მაშინვე რიცხვები, ფორმულები და ცხრილები წარმოუდგებათ გონებაში. სინამდვილეში, ეკონომიკა ბევრად მარტივი ცნებაა. სიტყვა ეკონომიკაძველი ბერძნული ენიდანაა, რაც საოჯახო მეურნეობის მართვას ნიშნავს. დღეს ის შედარებით ფართო დატვირთვით გამოიყენება და ასახავს ყველაფერს რაც შეეხება ორი ან მეტ სუბიექტს შორის საქმიან ურთიერთობას, გაცვლას, სპეციალიზაციას და სხვა აქტივობებს. უკეთესად რომ გავიგოთ ეკონომიკის არსი, აუცილებელია თავი მოვუყაროთ იმ ძირითადი იდეების დიდ ნაწილს, რასაც ეკონომიკა მოიცავს:

  • სიმდიდრე;
  • სარგებელი, დანახარჯი და ეფექტიანობა;
  • ვაჭრობა ანუ გაცვლა;
  • შრომის დანაწილება;
  • ალტერნატიული დანახარჯი;
  • ქვეყნის ეკონომიკა და მთლიანი შიდა პროდუქტი;
  • ინფლაცია;

სიმდიდრე. ადამიანების უმეტესობა სიმდიდრის გაგონებაზე წარმოიდგენს ბევრ ფულს, იახტებს, თვითმფრინავებს და სხვა მატერიალურ სიმდიდრეებს. თუმცა, იმისთვის, რომ კარგად ჩავწვდეთ ეკონომიკის არსს, აუცილებელია შევთანხმდეთ იმაზე, რომ სიმდიდრე არის არა ნივთებში, არამედ ქმედებაში და ადამიანი თვითონ ქმნის მას. წარმოიდგინეთ, 1912 წლის 15 აპრილი, როდესაც ტიტანიკი ჩაიძირა. ბორტზე მყოფი ადამიანებისთვის იმ მომენტში ბევრად ღირებული იყო სამაშველო ნავები და სამაშველო რგოლები, ვიდრე მთელი სამყაროს სიმდიდრე ერთად აღებული. ან თუნდაც წარმოიდგინეთ კომბლე, რომელსაც ცხვრების გაყიდვა არ უღირდა, რადგან მისთვის და ბატონისთვის მოცემული ცხვრები ერთიდაიგივე ღირებულებას და სიმდიდრეს არ წარმოადგენდა. რომ შევაჯამოთ, სიმდიდრე არის ის, რასაც ადამიანები აფასებენ.

ასევე აუცილებელია, რომ სიმდიდრე გავყოთ ორად - მატერიალურად და არამატერიალურად. მატერიალური სიმდიდრე ესაა ყველაფერი ის, რასაც შესძლებელია ხელით შევეხოთ, ხოლო არამატერიალური სიმდიდრე ესაა ყველაფერი ის, რასაც ხელით ვერ შევეხებით, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი მისი ოდენობის გაზრდისკენ მიისწრაფვის. მაგალითად, ჯანმრთელობა არამატერიალური სიმდიდრეა. ან თუნდაც დაფასება, რისთვისაც დედამიწაზე უამრავი ადამიანი მრავალ მსხვერპლს იღებს, რისი მაგალითიცაა ნობელის პრემია, ოქროს გლობუსის დაჯილდოება და სხვა მსგავსი აქტივობები. ეკონომიკა, როგორც მეცნიერება მიმართულია სიმდიდრის გაზრდისკენ.

სარგებელი, დანახარჯი და ეფექტიანობა. როდესაც განვიხილავთ იმას, რომ ეკონომიკა გვჭირდება, რათა საკუთარი სიმდიდრე გავზარდოთ, ამისთვის აუცილებელია ისეთი ცნებების შემოტანა, როგორიცაა სარგებელი, დანახარჯი და ეფექტიანობა. თითოეულ ქმედებას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ გააჩნია თავისი სარგებელი ანუ ის სიმდიდრე, რასაც ეს ქმედება ჩვენ გვაძლევს და დანახარჯი ანუ ის სიმდიდრე, რასაც ჩვენ მოცემული სარგებლის მისაღებად ვთმობთ. ეფექტიანობა კი იზომება სარგებელი შეფარდებული დანახარჯთან. მაგალითად, ფეხბურთის მატჩის ბილეთი 50 ლარი ღირს, ხოლო სარგებელი რასაც მატჩის ყურებისგან მივიღებთ 60 ლარი. მაშინ, ეფექტიანობა იქნება 1.2. თუ ეფექტიანობა 1-ზე ნაკლებია, მაშინ ქმედების განხორციელება არ გვიღირს.

ვაჭრობა ანუ გაცვლა. ორ ადამიანს შორის ნებისმიერი სახის გაცვლა ეს არის ვაჭრობა. ნებაყოფლობითი ვაჭრობის დროს ორივე სუბიექტის სიმდიდრე იზრდება. წარმოიდგინეთ, რომ ვყიდულობთ 200 ამერიკულ დოლარად მობილურ ტელეფონს. ჩვენ ვთმობთ 200 დოლარს მობილური ტელეფონის სანაცვლოდ, რადგან ტელეფონი უფრო ღირებულია ჩვენთვის ვიდრე 200 დოლარი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სიმდიდრე იზრდება. ანალოგიურად იზრდება იმ ადამიანის სიმდიდრე, ვისგანაც ნივთს ვყიდულობთ. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ნებაყოფლობითი გაცვლა მომგებიანია ორივე მხარესთვის.

შრომის დანაწილება. კაცობრიობის განვითარება პირდაპირ კავშირშია შრომის დანაწილებასთან. წარმოიდგინეთ 150 000 წლის წინ ჰომო საპიენსი, რომელიც თვითონ ცდილობდა საკუთარი თავისთვის ნებისმიერი სახის კომფორტის შექმნას. მაგალითად, ნადირობდა, თევზს იჭერდა, საკვებს ამზადებდა და ა.შ. დროთა განმავლობაში, ადამიანებმა საქმე დაინაწილეს და მოახდინეს სპეციალიზაცია. სწორედ აქედან მოდის ნებისმიერი პროფესია, რომელიც არსებობს. დღეს ზოგიერთი ადამიანის სპეციალიზაცია მედიცინაა (ექიმები), ზოგიერთის სამართალმცოდნეობა (იურისტები, მოსამართლეები) და ა.შ.

ალტერნატიული დანახარჯი ესაა ცნება, რომელზეც მთლიანად ეკონომიკური აზროვნება დგას. ნებისმიერ ჩვენს ქმედებას გააჩნია ალტერნატიული დანახარჯი და ალტერნატიული სარგებელი. მაგალითად, ამ წუთას, როდესაც თქვენ მოცემულ წიგნს კითხულობთ, ეს დრო შეგეძლოთ დაგეხარჯათ სხვა საქმიანობაში, რასაც თავისი სარგებელი ექნებოდა. ის ნებისმიერი სარგებელი, რაზეც თქვენ უარი თქვით მოცემული ქმედების სანაცვლოდ, არის ალტერნატიული დანახარჯი. თუმცა, წიგნის კითხვა ამჯობინეთ, რადგან მოელით, რომ მოცემული ქმედება უფრო ეფექტიანია, ვიდრე სხვა ქმედება იქნებოდა. უკეთესად რომ გავიგოთ ალტერნატიული დანახარჯის აზრი, წარმოვიდგინოთ, რომ მთავრობამ 2 სოფელს შორის დააგო ძალიან ძვირადღირებული გზა, რომელიც დაუჯდა 50 მილიონი დოლარი. მოცემულ გზაზე დღეში 3 მანქანა და 2 ურემი დადის. ისმის კითხვა, ეს ნაბიჯი ეფექტიანია თუ არა? კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, აუცილებელი დავფიქრდეთ თუ რა არის მოცემული ქმედების ალტერნატიული დანახარჯი. იქნებ შეეძლო მთავრობას შედარებით იაფფასიანი გზა დაეგო 5 მილიონ დოლარად და დანარჩენი 45 მილიონი დოლარით სხვა სოფლებს შორისაც მოეხდინა გზების შეკეთება? ან სულაც ნაკლებად დაებეგრა მოსახლეობა და მეტი ფული დაეტოვებინა მოქალაქეების ჯიბეში რომ მათ საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ განეკარგათ დაზოგილი თანხა? სწორედ ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხის გასაცემად ვსწავლობთ ეკონომიკას და მასთან დაკვშირებულ საკითხებს.

ქვეყნის ეკონომიკა და მთლიანი შიდა პროდუქტი. იმისთვის, რომ შევაფასოთ რამდენად მდიდრები ვართ ან რამდენად ღარიბები ვართ დროის მოცემულ პერიოდში ან სულაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეკონომისტები რამდენიმე მეთოდს იყენებენ. ყველაზე გავრცელებული ცნება, რომელიც ასახავს ქვყნის განვითარების დონეს, ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ).

მშპ ეს არის დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით ნაწარმოები პროდუქტისა და სერვისის საბოლოო ღირებულებების ჯამი. წარმოვიდგინოთ A ქვეყანა, სადაც ორი ადამიანი ცხოვრობს და აწარმოებენ 2 პროდუქტს. ჰამბურგერს და ჰოთ-დოგს. A ქვეყანაში წლის მანძილზე იწარმოება 10 ჰამბურგერი თითო 2 დოლარად და 10 ჰოთ-დოგი თითო 1 დოლარად. A ქვეყნის მშპ იქნება 10 X 2 + 10 X 1 = 30 დოლარი. რეალობაში გვაქვს მრავალი სახის პროდუქტი მეტი რაოდენობით და ამ პროდუქტის და სერვისის მწარმოებელი ბევრი ადამიანი. მაგალითად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2016 წელს დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი იყო. მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა 18.6 ტრილიონი აშშ დოლარი. ეს რიცხვი საქართველოს ეკონომიკაზე დაახლოებით 1 300 - ჯერ მეტია, მაგრამ შეერთებული შტატების მოსახლეობა 2016 წელს 322 მილიონი ადამიანი იყო, ხოლო საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონი.

იმისთვის, რომ გავიგოთ როგორ ცხოვრობს საშუალოდ ერთი ადამიანი საქართველოში, აშშ-ში ან სხვა ქვეყანაში, საჭიროა დავითვალოთ მშპ ერთ სულზე. ამისათვის, მშპ უნდა გავყოთ მოსახლეობაზე. შესაბამისად, საქართველოში ცხოვრების დონე ერთ მოსახლეზე დაახლოებით 3,800 დოლარია, ხოლო აშშ-ში იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 57,800 დოლარი. სწორედ მთლიანი შიდა პროდუქტია, რასაც ეკონომისტები და პოლიტიკოსები ყველაზე ხშირად უყურებენ, რადგან რაც მეტია მშპ ერთ სულზე, მით უფრო განვითარებულად ითვლება ქვეყანა.

ინფლაცია. თითოეულ ჩვენთაგანს შეიძლება ხშირად გაუგია სიტყვა ინფლაცია. მისი ყველაზე ზუსტი განსაზღვრება ესაა ფულის გაუფასურება, რომელიც გამოიხატება ფასების საყოველთაო ზრდაში. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში ჩვეულებრივი თონის პური სულ რაღაც 10 წლის წინ დაახლოებით 50 თეთრი ღირდა. დღეს კი მისი ღირებულება 1 ლარის ფარგლებშია. რამ გამოიწვია პურის ფასის თითქმის 100%-ით ზრდა? ფასების ზრდას მრავალი ფაქტორი იწვევს, მაგრამ როდესაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ, პასუხი ერთია - ფულის მასის ზრდა ქვეყანაში იწვევს ინფლაციას. ინფლაციას კიდევ უფრო დეტალურად შემდეგ თავებში შევეხებით.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ