ბაზარი და კონკურენცია.
ალბათ ყველას გვსმენია ისეთი სიტყვები, როგორიცაა ბაზარი, კონკურენცია, მონოპოლია და ოლიგოპოლია. მოცემულ ქვეთავში სწორედ ამ ცნებებს განვიხილავთ და ვისაუბრებთ კონკურენციის მნიშვნელობაზე და შევეხებით კონკურენციასთან დაკავშირებულ სამთავრობო პოლიტიკის სხვადასხვა მიდგომებს.
სიტყვა ბაზარი მრავალი ადამიანის გონებაში იწვევს ასოციაციას ადგილისას, სადაც სხვადასხვა საკვები პროდუქტები იყიდება, თუმცა მას უფრო ფართო დატვირთვა გააჩნია. ბაზარი არის ყველგან, სადაც ხორციელდება გაცვლა. ის შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური. მაგალითად, მაღაზია, საავადმყოფო, საადვოკატო ბიურო და სხვა ყველა დაწესებულება, სადაც ხორციელდება გაცვლა ბაზარია მატერიალური სახით. Amazon, Facebook, ინტერნეტ-საფონდო ბირჟა და სხვა ვირტუალური ადგილები, სადაც გაცვლა ხორციელდება ასევე ბაზარს წარმოადგენს. მათ შორის, თუ ორი ადამიანი ცვლის ერთმანეთში რაიმე ორ ნივთს, ასევე საბაზრო ურთიერთობას აქვს ადგილი.
იმ ეკონომიკური სისტემის პირობებში, რაც დღეს მსოფლიოს უდიდეს ნაწილშია, ბაზრის განუყოფელი ნაწილი კონკურენციაა. საბაზრო კონკურენცია ესაა პაექრობა ორ ან მეტ სუბიექტს შორის, რომლებიც დაკავებულები არიან ერთიდაიგივე ან მსგავსი საქმიანობით. თითოეული ადამიანის მთავარი მოტივაცია ბაზარზე მოგების მიღება და მისი მაქსიმიზებაა. სწორედ ამიტომ, ადამიანები ირჩევენ სხვადასხვა საქმიანობას, რადგან მათი გათვლებით არჩეული საქმიანობიდან მიიღებენ მეტ მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელს, ვიდრე სხვა საქმიანობის არჩევით.
კონკურენცია პროგრესის და განვითარების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია, რადგან ერთიდაიგივე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ მოთამაშეებს აიძულებს მათი საქმიანობა მოარგონ მომხმარებლის კომფორტსა და ინტერესებს. წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე მობილური ტელეფონების მხოლოდ ერთი მწარმოებელი ყოფილიყო. დღეს მობილური ტელეფონი არ იქნებოდა მასობრივი გამოყენების, რადგან მისი ფასი საკმაოდ მაღალი იქნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი მოთამაშე თუ არის ბაზარზე და კონკურენტები არ ყავს, მას შეუძლია თავის პროდუქციას ისეთი ფასი დაადოს, რომ მომხმარებლების მხოლოდ ნაწილი დააკმაყოფილოს. მწარმოებელს ასევე ნაკლები სტიმული ექნებოდა პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების, რადგან მას ისედაც გაეყიდებოდა დაბალი ხარისხის საქონელი.
თითოეული ადამიანის კომფორტი დღეს ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა. კონკურენცია აიძულებს მწარმოებლებს, რომ მათ მუდამ იზრუნონ საკუთარი პროდუქტის ხარისხზე, ინოვაციების დამკვიდრებაზე და მომხმარებლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე.
დღევანდელ სამყაროში თითქმის ყველა პროდუქტს გააჩნია შემცვლელი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს მის ჩანაცვლებაში დაეხმარება. თუმცა, გარკვეულ სეტორებში ნაკლები კონკურენციაა, ვიდრე დანარჩენ სექტორებში. მაგალითად განვიხილოთ ორი პროდუქტი: პური და საწვავი.
საქართველოში ყველგან მრავლად შევხვდებით თონეებს, რომლებიც სხვადასხვა ადამიანების მფლობელობაშია და აწარმოებენ დაახლოებით ერთიდაიგივე ხარისხის პურს დაახლოებით იგივე ფასად, თუმცა არსებობს პურის ფართო არჩევანიც მაღაზიაში სხვადასხვა ხარისხის სხვადასხვა ფასად.
ახლა განვიხილოთ მეორე - საწვავის მაგალითი. მოცემულ ბიზნესში ყველა ქვეყანაში რამდენიმე მოთამაშეა, რადგან საწვავის მოპოვება, გადამუშავება და გაყიდვა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ბაზარზე შესვლა არ არის მარტივი საქმე ყველასთვის. შესაბამისად, ისეთ პროდუქტებზე, სადაც კონკურენცია ნაკლებია, ხშირად შედარებით მაღალი ფასები გვხვდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი განვითარებას აფერხებს ან პრობლემას წარმოადგენს, რადგან შემცვლელი აქვს ყველაფერს, მათ შორის საწვავსაც. დღეს მზის ენერგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტია.
კონკურენციის განხილვისას, შეუძლებელია არ შევეხოთ მონოპოლიის საკითხს. მონოპოლია ეს არის სუბიექტი, რომელსაც კონკურენტი არ ყავს და რომლის პროდუქტს ან სერვისსაც შემცვლელი არ გააჩნია. თეორიულად შემცვლელი გააჩნია თითქმის ყველა პროდუქტს და შესაბამისად მონოპოლიაზე საუბარი ზედაპირულ მსჯელობას უფრო წააგავს, მაგრამ გავრცელებული განმარტებით რომ მივუდგეთ, ხშირად მონოპოლიას ეძახიან ისეთ კომპანიას, რომელსაც ბაზრის მნიშვნელოვანი ან 100%-იანი წილი უკავია. საქართველოში ამის მაგალითია „საქართველოს ლატარიის კომპანია“. მოცემული კომპანიის გარდა არავის აქვს უფლება დაკავდეს ისეთი საქმიანობით, როგორიცაა ლატარია. ეს კი მონოპოლიაა, რადგან ლატარიის ბაზარზე მას 100%-იანი წილი უკავია იატაკქვეშა საქმიანობას თუ არ ჩავთვლით. ალბათ დააკვირდებოდით როდესაც ვახსენეთ სიტყვები „არავის აქვს უფლება დაკავდეს ისეთი საქმიანობით, როგორიცაა ლატარია“. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას ექსკლუზიური უფლება აქვს მიცემული კონკრეტული კომპანიისთვის და ყველა სხვა, ვინც მსგავსი საქმიანობით დაკავდება, პასუხს აგებს კანონის წინაშე. მონოპოლიების საკითხი ფართოდ საკვლევი თემაა, თუმცა აქვე უნდა დავძინოთ, რომ მათი უმეტესობა სწორედ მთავრობების დახმარებით იქმნება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
კიდევ ერთი ტერმინი, რასაც უნდა შევეხოთ, ეს არის ოლიგოპოლია. ოლიგოპოლია გულისხმობს ისეთი ტიპის კონკურენციას, როდესაც ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა. ოლიგოპოლიის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი "კოკა-კოლა" და "პეპსია". გაზიანი გამაგრილებლების ბაზარზე სწორედ მათ უკავიათ ბაზრის 70%-ზე მეტი.
დასკვნის სახით, ნებისმიერი ტიპის გაცვლა ეს არის საბაზრო ურთიერთობა ორ ან მეტ სუბიექტს შორის, ხოლო კონკურენცია ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია დაბალი ფასების, მაღალი ხარისხის და პროგრესის.
სამთავრობო პოლიტიკა
ეკონომიკური საქმიანობა, მეწარმეობა. წინა ქვეთავებში აღვნიშნეთ, რომ ეკონომიკური აქტივობა ჩვენს გარშემო თითქმის ყველგანაა. ნებისმიერი სახის გაცვლაც კი უკვე ეკონომიკური ურთიერთობაა ორ ან მეტ სუბიექტს შორის. თუმცა, ამჯერად ჩვენ შევეხებით ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელ ნაწილს - მეწარმეობას.
მეწარმე შეგვიძლია ვუწოდოთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაკავებულია პროდუქტის ან სერვისის შექმნით და შემდეგ მისი რეალიზებით (გაყიდვით), რის შედეგადაც იგი მატერიალურ მოგებას იღებს. მაღაზიის მეპატრონე, სტილისტი, საცხობის მეპატრონე და ნებისმიერი სახის ბიზნესი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული მეწარმეობას წარმოადგენს. თითოეული ჩვენგანი დაკავშირებულია ბიზნესთან, რადგან სულ მცირე ყველა ადამიანი გარკვეული სერვისისა თუ პროდუქტის მომხმარებელია. მათ შორის, სკოლის მოსწავლე მომხმარებელია იმ სერვისის, რასაც სკოლა სთავაზობს მას და მის მშობლებს ან მეურვეებს.
ბიზნეს-ორგანიზაციების მრავალი ტიპი არსებობს დედამიწაზე. მაგალითად, "კოკა-კოლა", "პეპსი", "მაკდონალდსი" და სხვა მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც სხვა ქვეყნებს წარმოადგენს მულტინაციონალური კომპანიები ეწოდებათ, რადგან ორ ან მეტ ქვეყანაში ოპერირებენ. თუ დავაკვირდებით, რაც უფრო მეტია მეწარმეობა ამა თუ იმ ქვეყანაში, მით უფრო განვითარებულები არიან ისინი.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორაა განვითარებული მეწარმეობა. სწორედ ბიზნესის აქტივობა განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ხოლო ბიზნესის აქტივობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ თამაშის წესებს ადგენს მთავრობა ბიზნესისთვის. თამაშის წესები კი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში კერძო საკუთრების ქონა მთლიანად იკრძალება და შესაბამისად იკრძალება სამეწარმეო საქმიანობა კერძო პირებისთვის. შესაბამისად, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანად მოიაზრება, ხოლო თუ ავიღებთ მაგალითად სამხრეთ კორეას, სადაც მთავრობა ყველანაირად ცდილობს თავისუფალი გარემო შეუქმნას ბიზნესს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მეწარმეობა და სიმდიდრე პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ და რამდენ ხანს ცხოვრობენ ადამიანები. სამხრეთ კორეაში სიმდიდრის ზრდამ განაპირობა კარგი ხარისხის ჯანდაცვა და დღეს საშუალოდ სამხრეთ კორეელი 10 წლით მეტს ცოცხლობს ვიდრე საშუალოდ ჩრდილოეთ კორეელი.
იმისთვის, რომ მეწარმემ შეძლოს წარმატებით ოპერირება, ამისთვის საჭიროა რამდენიმე კრიტერიუმი. პირველი და ყველაზე მთავარი ეს არის კერძო საკუთრების დაცულობა. თუ შენი კერძო საკუთრება იცი, რომ დაცულია, არ ერიდები საქმის კეთებას და მეტი სტიმული გაქვს შენი საკუთრების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია გადასახადების დონე ქვეყანაში. დაბალი დაბეგვრის პირობებში, მეწარმეებს მეტი რესურსი აქვთ, რომ დამატებითი სიმდიდრე შექმნან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ შოკოლადის საწარმო. როდის გაზრდით წარმოებას, გახსნით დამატებით საწარმოებს, დაასაქმებთ მეტ ადამიანს? როცა მთავრობას თქვენი მოგების ნახევარი მიაქვს, თუ მაშინ, როდესაც თქვენ მხოლოდ 10%-ით იბეგრებით? პასუხი ცალსახაა, რომ დამატებითი სიმდიდრე იქმნება მაშინ, როდესაც მეწარმეების ხელში მაქსიმალურად მეტი რესურსი რჩება. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი მეწარმეობის განვითარებისთვის, სხვა თანაბარ პირობებში, ეს არის სამთავრობო რეგულაციების ნაკლებობა და ეფექტიანობა. მაგალითად, ბარაქ ობამას პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო დამსაქმებლის დავალდებულება, რომ თუ 50 ან მეტ ადამიანს დაასაქმებდა, მას მათთვის უნდა ეყიდა სადაზღვევო პაკეტიც. შედეგად, მცირე მეწარმეების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ თავისი ბიზნესი არ განევითარებინა და 49 დაქირავებულზე მეტი არ აეყვანა, რადგან სავალდებულო დაზღვევის ყიდვა, მათთვის ძვირი ჯდებოდა.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ მეწარმეობა ეს არის მოგების მიღების მიზნით პროდუქტისა თუ სერვისის რეალიზება, რასაც მივყავართ სიმდიდრის ზრდამდე. რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს მოქალაქეს აკეთოს ის საქმე რაც მას უნდა, დააწესოს ის ფასი რაც მას უნდა და აწარმოოს იმდენი რამდენიც მას უნდა, მით უფრო სწრაფია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
შრომის ბაზარი. ხშირად გვსმენია ისეთი ტერმინები, როგორიცაა შრომის ბაზარი, დასაქმება, უმუშევრობა. მოცემულ ქვეთავში ჩვენ შევეხებით დასაქმებისა და უმუშევრობის განსაზღვრებებს და მათ განვიხილავთ საქართველოს მაგალითზე.
შრომის ბაზარზე წარმოდგენის შესაქმნელად საჭიროა თავდაპირველად განვიხილოთ თუ რა არის სამუშო ძალა. ქვეყნების უმეტესობაში, სამუშაო ძალა შედგება 16 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი მოსახლეობისგან. 2014 წლის აღწერით, საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონი ადამიანია, ხოლო სამუშაო ძალა 2.02 მილიონი ადამიანია. ოფიციალური ინფორმაციით, აქედან დასაქმებულია 1.8 მილიონი ადამიანი, ხოლო უმუშევრობის დონე კი სამუშაო ძალის 12%-ია.
სამუშაო ძალა თავის მხრივ იყოფა ორ ნაწილად, თვითდასაქმებული და დაქირავებული. საქართველოში სამუშაო ძალის 50% თვითდასაქმებულად ითვლება, ხოლო დანარჩენი ან დაქირავებით დასაქმებულია ან უმუშევარი.
შრომის ბაზარიც, ისევე როგორც სხვა ტიპის ეკონომიკური აქტივობები საბაზრო პროცესებს, მოთხოვნას და მიწოდებას ექვემდებარება. ადამიანი თანხმდება სამუშაოს, თუ ის თანახმაა გარკვეულ სამუშაოზე გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც სამუშაო ძალის მიწოდებას ნიშნავს, ხოლო სამუშაო ძალის მოთხოვნა ესაა, როდესაც დასაქმებული თანახმაა გარკვეულ სამუშაოზე გარკვეული გასამრჯელოს გადახდით ადამიანი დაასაქმოს. მოცემულ შემთხვევაში გაცვლა ნებაყოფლობითია და ხელფასების საშუალო დონე სწორედ მრავალი დამსაქმებლის და მრავალი დასაქმებულის ურთიერთკავშირის შედეგად დგება.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში უმუშევრობის დონე 12%-ია, რაც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მაღალია. რაც უფრო მდიდრდება ქვეყანა, მით ქვევით იწევს უმუშევრობა და სამუშაო ადგილების ხარისხიც შესაბამისად იზრდება. საინტერესო ფაქტი განვითარებად ქვეყნებში ისაა, რომ უმუშევრობის დამარცხება მოკლევადიანი თვალსაზრისით ძალიან რთულია. როდესაც იქმნება ახალი სამუშაო ადგილი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძველი სამუშაო ადგილების დაკარგვა. მაგალითად, როდესაც იხსნება სამკერვალო, რომელიც ავტომატიზირებულია და ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს, ის თავისი ეფექტიანობით ჯობნის და ბაზრიდან აძევებს ისეთ სამკერვალოს, სადაც ტანსაცმლის კერვა მოძველებული მეთოდოლოგიით ხორციელდება და ახალ გახსნილ საწარმოს კონკურენციას ვეღარ უწევს. უმუშევრობის შესამცირებლად კი საჭიროა დამატებითი ახალი სამუშაო ადგილებს შექმნა, რომელიც უფრო მეტი იქნება ვიდრე დაკარგული სამუშაო ადგილები.
რაც მეტია დასაქმება და იზრდება შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მით უფრო განვითარებულია შრომის ბაზარი, მით მეტია თითოეული მოქალაქისთვის არჩევანი და შესაძლებლობები.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ შრომის ბაზარიც ისევე, როგორც სხვა ყველაფერი ეკონომიკურ აქტივობას წარმოადგენს და შედგება სამუშაო ძალისგან, რომელიც თავისმხრივ იყოფა დამსაქმებლად და დასაქმებულად. ქვეყანაში ბიზნესის აქტივობის ზრდა და ეკონომიკური განვითარება იწვევს დასაქმების ზრდას და უმუშევრობის შემცირებას.