საქართველოში განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 27
1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.
საქართველოს განათლების სისტემა მოიცავს ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას.
ზოგადი განათლება
საქართველოში მოქმედებს “ზოგადი განათლების შესახებ” კანონი, რომელიც ადგენს ზოგადი განათლების პრინციპებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების წესებს.
ამ კანონის მიხედვით, “ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.”
საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი).
ზოგადი განათლების მიცემის უფლებას სასწავლო დაწესებულებებს სახელმწიფო ანიჭებს. ამისთვის სასწავლო დაწესებულებამ სპეციალური პროცედურა - ავტორიზაცია უნდა გაიაროს.
სახელმწიფო ასევე ადგენს სასწავლო პროგრამის იმ აუცილებელ მინიმუმს, რაც ზოგადი განათლების მიცემისთვის არის საჭირო. მას ეროვნული სასწავლო გეგმა ეწოდება.
საქართველოში უზრუნველყოფილია სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების მიღების უფლებაც, რისთვისაც იქმნება “ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება [სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის] სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მოსწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.”
სახელმწიფო განსაზღვრავს იმ ჩარჩოს, რომლებშიც ზოგადი განათლების გაცემა უნდა მოექცეს. რაც შეეხება ყოველდღიურ სასწავლო პროცესს და სკოლის ცხოვრების მენეჯმენტს, ამ საკითხებში სულ უფრო და უფრო მეტი სიტყვა, პედაგოგიური კოლექტივის გვერდით, უშუალოდ ზოგადი განათლების ბენეფიციარებს - მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ეკუთვნით.
ამგვარად, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულოს ხდის სამეურვეო საბჭოს არსებობას, რომელშიც, პედაგოგებთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული წევრის გარდა, შედიან მშობლები და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელიც და რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები ენიჭება, როგორებიცაა დირექტორის არჩევა, სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება და მისი ხარჯვის კონტროლი, შინაგანაწესის დამტკიცება და მრავალი სხვა.
კანონი, მოსწავლეთა თვითმმართველობების მეშვეობით, თავად მოსწავლეებსაც ანიჭებს სკოლის ფუნქციონირებაში მონაწილეობის საშუალებას. თვითმმართველობებს შეუძლიათ, რეკომენდაციებითა და წინადადებებით მიმართონ სამეურვეო საბჭოს სკოლისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე.
მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები
მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.
უმაღლესი განათლების სისტემა
საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. უმაღლესი განათლების გაცემის წესებსა და პროცედურებს “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონი არეგულირებს.
საქართველოში მოქმედებს სამი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს
სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.
კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია შესაბამისი ავტორიზაციის გავლა.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ძვრა 2005 წელს განხორციელდა, როდესაც საქართველო ე.წ. ბოლონიის პროცესს მიუერთდა. აღნიშნული პროცესი 1999 წლის 19 ივნისს, იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქ ბოლონიაში, “უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის” ხელშეკრულებაზე 29 ევროპული ქვეყნის განათლების მინისტრების ხელმოწერით დაიწყო. ამჟამად ბოლონიის პროცესში ევროპის 47 ქვეყანა მონაწილეობს. ბოლონიის პროცესი მიმართულია ხელმომწერი ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემების დაახლოებისკენ, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, აადვილებს სხვა ხელმომწერ სახელმწიფოში მოპოვებული დიპლომის აღიარებას და შესაბამისად, ხელს უწყობს სტუდენტების მობილობას, რაც განათლების უფლების უფრო სიღრმისეულად უზრუნველყოფისა და სოციალურ-კულტურული პროცესების ჰარმონიზაციის აუცილებელი წინაპირობაა.
პროფესიული განათლება
უკანასკნელ წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება პროფესიული განათლება, რომლის ხელშეწყობაც უმუშევრობის დაძლევისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
ამჟამად საქართველოში ხორციელდება 2013-2020 წლების პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ყველა ფენისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
ტექსტში ცვლილება განხორციელდა 2019 წლის 31 ოქტომბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიდეო რგოლში აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელებულა.