თავი 3, გაკვეთილი 27

მდგრადი განვითარება და მისი ასპექტები

საუკუნეების მანძილზე ადამიანი საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად განიხილავდა და მიაჩნდა, რომ ყველა ცოცხალი არსება თუ ბუნებრივი რესურსი კაცობრიობის საკეთილდღეოდ არსებობდა და მათი გამოყენება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძლებოდა. ასეთმა მიდგომამ ძალიან დააზარალა გარემო, რაც განსაკუთრებით საგრძნობი გახდა მე-19 საუკუნიდან - ინდუსტრიალიზაციის ეპოქის შემდგომ.

კლიმატური ცვლილებები, ჰაერის დაბინძურების საგანგაშო დონე, რესურსების ამოწურვის საფრთხე - ეს ის პრობლემებია, რომელთა გამოც თანამედროვე მსოფლიომ გადაწყვიტა, გადახედოს განვითარების კლასიკურ გეგმას და იზრუნოს ხვალინდელ დღეზე, მომავალი თაობების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ეს არის მდგრადი განვითარება, “რომელიც პასუხობს დღევანდელ მოთხოვნილებებს იმგვარად, რომ მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.”

მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. მიიჩნევა, რომ განვითარება უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი, სოციალურად სამართლიანი და გარემოსთვის დამზოგავი.

 

ეკოლოგიური ასპექტი

ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია. დღესდღეობით, კაცობრიობის ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ცხოველების და მცენარეების ბევრი ჯიში განადგურების საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან ადამიანის საქმიანობამ მათ მოუსპო განვითარების ბუნებრივი არეალი. იმავე მიზეზით დაბინძურებულია ჰაერი და წყალი. ეს ყველაფერი დღეს უკვე ჯანმრთელობისთვის საშიშია, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ადამიანმა ისევ ძველებურად გააგრძელა საქმიანობა, ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და თავად კაცობრიობაც გადაშენების საფრთხის ქვეშ დადგება. საბედნიეროდ, ეს პროცესი ჯერჯერობით არ არის შეუქცევადი, თუმცა მდგომარეობის გამოსწორებისთვის ყველა ჩვენგანის ძალისხმევაა საჭირო.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ ის ზიანი, რაც კაცობრიობამ, ბოლო ორი ასეული წლის მანძილზე, გარემოს მიაყენა?

პირველ რიგში, უნდა შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, რაც გულისხმობს, რომ განადგურებისგან უნდა დავიცვათ ცხოველების და მცენარეების ყველა სახეობა, განსაკუთრებით კი მოვუფრთხილდეთ გადაშენების პირას მყოფ მცენარეებს და ცხოველებს.

მოვუფრთხილდეთ ბუნებრივ რესურსებს - ფუჭად არ დავხარჯოთ ელექტროენერგია, წყალი, გადასამუშავებლად ჩავაბაროთ ქაღალდი, პლასტმასი, შუშა და ა.შ.

შევამციროთ ჰაერის დაბინძურება - მხარი დავუჭიროთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების (წყლის, ქარის, მზის ენერგია, ბიოსაწვავი) განვითარებას და გამოყენებას, ნაკლებად ვისარგებლოთ ავტომობილით, უპირატესობა მივანიჭოთ ადგილობრივ პროდუქციას (რომელიც ხანგრძლივ ტრანსპორტირებას არ საჭიროებს და შესაბამისად, მათი მომხმარებლამდე მიტანა ნაკლებად აბინძურებს გარემოს).

 

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29

1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.

2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით.

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და აღდგენის მიზნით საქართველოში მოქმედებს “საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ” კანონი, რომლის მიზანია, “უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა.”

1996 წელს საქართველომ მიიღო კანონი “გარემოს დაცვის შესახებ”, რომლის მიზნებს შორისაა, “დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები - ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში”, ასევე, ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფას.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, მასში გაერთიანებული სააგენტოებით, შექმნილია, რათა იზრუნოს საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. 2005 წელს სამინისტროში შეიქმნა გარემოს დაცვის ინსპექცია, რომლის ამოცანაა გამოავლინოს და აღმოფხვრას დარღვევები გარემოს დაცვის სფეროში, ასევე, გაატაროს ღონისძიებები ამგვარი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით.

 

სოციალური ასპექტი

მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტი მოიცავს სამართლიანობისა და კეთილდღეობის იდეებზე დაფუძნებულ საზოგადოებას, რომლის წევრებსაც, მათი მატერიალური შესაძლებლობების მიუხედავად, ხელი მიუწვდებათ აუცილებელ საჭიროებებზე, როგორებიცაა საკვები, საცხოვრისი, ჯანდაცვა, განათლება, სამუშაო, ადამიანის უფლებები, საკუთრების უფლება და ა.შ.

მდგრადი სოციალური განვითარება, პირველ რიგში, გულისხმობს ყველანაირი დისკრიმინაციის აღმოფხვრას და საზოგადოების მოწყვლადი წევრების - შშმ პირები, ქალები, უმცირესობები - სოციალური უფლებების დაცვას. ამისთვის აუცილებელია ადეკვატური სოციალური პოლიტიკის შემუშავება, დასაქმებასა და უთანასწორობის აღმოფხვრაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა.

სამოქალაქო სოლიდარობის ხელშეწყობა, რომელიც აქტიური მოქალაქეობის თვალსაზრისით უკვე განვიხილეთ, ასევე მდგრადი სოციალური განვითარების ერთ-ერთი კომპონენტია.



ეკონომიკური ასპექტი

მდგრადი განვითარების ეკონომიკური ასპექტი პირდაპირ კავშირშია როგორც ეკოლოგიასა და გარემოს დაცვასთან, ისე სოციალურ სოლიდარობასთან. მდგრადი განვითარება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უარს ამბობს იმ სიკეთეებზე, რომლებიც მას ტექნოლოგიურმა თუ ინდუსტრიულმა პროგრესმა მიანიჭა. ის მხოლოდ ცდილობს, ეკონომიკური კეთილდღეობა ისე მოიპოვოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს გარემო და მეტად იზრუნოს საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობაზე. მცირე საწარმოების შექმნა, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, გადამუშავებული მასალის (მინა, ქაღალდი) ხელმეორედ გამოყენება წარმოებაში ის მცირე ჩამონათვალია, რითაც ეკონომიკური განვითარება არც შეფერხდება, თუმცა არც მომავალი თაობების ინტერესებს დააზარალებს.

 
ტექსტში ცვლილება განხორციელდა 2019 წლის 31 ოქტომბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიდეო რგოლში აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელებულა.
 
თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ