კორუფცია და მასთან ბრძოლის მექანიზმები საქართველოში
“კორუფცია სასტიკი სენია, რომელიც მრავალმხრივ ვნებს საზოგადოებას. იგი აზარალებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, იწვევს ადამიანის უფლებების შელახვას, აფერხებს ბაზრების საქმიანობას, აუარესებს ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს ორგანიზებულ დანაშაულს, ტერორიზმს და სხვა მოვლენებს, რომლებიც ადამიანის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.”
ასე იწყება გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის შესავალი სიტყვა კონვენციისთვის “კორუფციის წინააღმდეგ”. იმავე შესავალ სიტყვაში კოფი ანანი საუბრობს კორუფციის განსაკუთრებით სავალალო შედეგებზე განვითარებადი ქვეყნებისთვის - ეს ფენომენი აზარალებს ყველაზე ღარიბებს, ვინაიდან ის ფული, რაც განვითარებას და სოციალურ სერვისებს უნდა მოხმარდეს, სულ სხვაგან მიდის. გაეროს “კორუფციის წინააღმდეგ” კონვენციას საქართველო 2008 წელს შეუერთდა.
კორუფცია არის “საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.”
კორუფციაა, როდესაც სახელმწიფო მოხელე ასაქმებს, ქირაობს და შესაბამისად, ბიუჯეტის ფულს უხდის ისეთ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც არა კონკურსის წესით, ობიექტური კონკურენციის პირობებში, არამედ პირადი სიმპათიებით ან გამორჩენის მიზნით იქნა შერჩეული. ეს შეიძლება იყოს ნეპოტიზმი, რაც ოფიციალური წესების გვერდის ავლით ან მათი დამახინჯებით, სახელმწიფო მოხელეების მიერ საკუთარი ოჯახის წევრების და ახლობლების დასაქმებას ეწოდება, ან სახელმწიფო უწყებების მიერ პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებლის პირადი ინტერესების მიხედვით, ხშირად, ქრთამის სანაცვლოდ შერჩევა.
ასევე აღსანიშნავიაე.წ მაღალი დონის (ელიტური) კორუფცია, რაც როგორც წესი, ეხება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან/და ნებისმიერ დასჯად ქმედებაში სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების ან გავლენიანი პოლიტიკოსების მონაწეოლეობას, პირადი (მათ შორის ოჯახის წევრი ან სხვა დაკავშირებული მხარე) სარგებლის მიღებისთვის. ამასთან, მაღალი თანამდებობის პირებში, ამ განმარტებისმიზნებისთვის, მოიაზრებიან როგორც არჩეული, ისე დანიშნული თანამდებობის პირები.
სწორედ ამიტომ, კორუფციასთან ბრძოლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების დანიშვნის და გათავისუფლების წესების, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალეობა და ობიექტურობა და ამ პროცესების კონტროლი შესაბამისი ორგანოების და საზოგადოების მხრიდან.
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 9 დეკემბერს აღინიშნება, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სახელმწიფოებს და სამოქალაქო საზოგადოებას მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას სთავაზობს, კორუფციის წინააღმდეგ კონვენციასთან მიერთებისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის ჩათვლით. აქცენტი კვლავ კეთდება კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფოს სწრაფ და მდგრად განვითარებაზე, კანონის უზენაესობასა და სამართლებრივ სახელმწიფოზე.
გაეროს ამ ანტიკორუფციულ პროგრამაში ხაზგასმულია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - კორუფციასთან ბრძოლა, რასაკვირველია, პირველ რიგში ხელისუფლების ვალდებულებაა, თუმცა ამასთანავე, ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას კორუფცია, არ მიიღოს მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებში, ხოლო თუ ასეთის შესახებ შეიტყობს, დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს.
საქართველოში უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი წამოწყება იყო. მათ შორის, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციაზე შეერთება. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოს კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის და ამავე კონვენციის დამატებითი ოქმის ხელმომწერიცაა. ეს ორი დოკუმენტი ხელმომწერ სახელმწიფოებს სხვადასხვა კორუფციული ქმედებების (ქრთამის აღება ან მიცემა, ფულის გათეთრება, ზეგავლენით ვაჭრობა და ა.შ.) სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებას ავალდებულებს.
ეროვნულ დონეზე, პირველი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2005 წელს დაიწერა. მას შემდეგ ეს დოკუმენტები რამდენჯერმე განახლდა. 2008 წელს შეიქმნა ანტიკორუფციული საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ქვეყანაში მოქმედებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისთვის აუცილებელ ძირითად პრინციპებს და ამგვარი ქმედებების ჩამდენი საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობას.
2023 წელს, ევროპის კომისის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის მეოთხე პუნქტის შესაბამისად და "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო.
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიზანია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგი.
ტრეფიკინგი
ტრეფიკინგი თანამედროვე მონობის სახეობაა და ეწოდება ადამიანის სექსუალურ ან შრომით ექსპლუატაციას, რისთვისაც მოტყუება, შანტაჟი, მუქარა და მრავალი სხვა ხერხი გამოიყენება. ეს დანაშაული განსაკუთრებით აზარალებს განვითარებად ან ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობაც, დასაქმების პერსპექტივით, საეჭვო ჯგუფების ან პირების მსხვერპლნი ხდებიან. ტრეფიკინგი თანაბრად ეხება ყველა ასაკის და სქესის ადამიანებს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ათასობით ქალი, მამაკაცი და ბავშვი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. ძალიან ხშირად, ტრეფიკინგის მსხვერპლი დასაქმების დაპირებით მიყავთ საზღვარგარეთ, ართმევენ პასპორტს და სხვა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ახდენენ მის ექსპლუატაციას.
საქართველო 2006 წლიდან “ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის “ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ” ოქმის ერთ-ერთი ხელმომწერი ქვეყანაა. ეს ოქმი ადგენს ტრეფიკინგის განსაზღვრებას და ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს ამ ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებას, მსხვერპლის დაცვას და რეაბილიტაციას, ასევე ტრეფიკინგის აღსაკვეთი ღონისძიებების გატარებას.
ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს კონვენციას ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
საქართველოში ტრეფიკინგი სისხლის სამართლის დანაშაულია - სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გულისხმობს შემდეგ ქმედებებს: “ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით (...).” ეს განმარტება პრაქტიკულად იმეორებს გაეროს ოქმის ფორმულირებას.
საქართველოში ასევე მოქმედებს კანონი “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ტრეფიკინგთან ბრძოლის, პრევენციის, მსხვერპლის რეაბილიტაციის და სხვა მექანიზმები. ამ კანონის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომლებშიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და მათი შესრულების სქემაა გაწერილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი საქართველოს პოლიტიკა ტრეფიკინგის წინააღმდეგ.
გაეროს ოფიციალურ საიტზე ტრეფიკინგის დანაშაული შემდეგი სქემით არის გამოსახული:
ქმედება | საშუალება | მიზანი | |||
---|---|---|---|---|---|
დაქირავება ტრანსპორტირება გადაყვანა შეფარება მიღება | + | მუქარა ან ძალის გამოყენება იძულება მოტაცება თაღლითობა მოტყუება უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საზღაურის ანდა სარგებლის მიცემა ან მიღება | + | ექსპლუატაცია, მათ შორის: პროსტიტუცია ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმა იძულებითი შრომა მონობა ან მსგავსი პრაქტიკა ორგანოების ამოღება ექსპლუატაციის სხვა ფორმები | = ტრეფიკინგს |
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი რამდენიმე მარტივი წესის დაცვაც შეიძლება საკმარისი იყოს:
- როგორც წესი, ტრეფიკინგის მსხვერპლები სხვა ქვეყანაში მიდიან ან მიყავთ სარფიანი დასაქმების ან სწავლების პერსპექტივით. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში უნდა მოითხოვოთ დადასტურებული და დაწვრილებითი ინფორმაცია დასაქმების ან სწავლის ადგილის თაობაზე, ოფიციალური ხელშეკრულება და ა.შ.
- სხვა ქვეყანაში გადაადგილების შემთხვევაში თან იქონიეთ საბუთები ან მათი ასლები მაინც; ადგილზე გყავდეთ სანდო საკონტაქტო პირი ან გქონდეთ კავშირი საქართველოს წარმომადგენლობასთან (საელჩო, საკონსულო), რომლებიც დროულად შენიშნავენ თქვენს გაუჩინარებას და საქმის კურსში ჩააყენებენ შესაბამის ორგანოებს;
- ეჭვის შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ ორგანოებს (პოლიცია) და შეატყობინეთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ - გახსოვდეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო დოკუმენტების ხელმომწერ ქვეყნებში ტრეფიკინგის მსხვერპლი გათავისუფლებულია ყველანაირი პასუხისმგებლობისგან საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე ან სხვა არალეგალურ საქმიანობაზე, რომლის წარმოებასაც მას, როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლს, აიძულებდნენ;
- გახსოვდეთ, რომ სახლიდან გაქცეული, ქუჩაში მცხოვრები, უმეთვალყურეო მოზარდები ყველაზე ადვილად ხდებიან ტრეფიკერების და სხვა ბოროტმოქმედთა მსხვერპლები. ამიტომ საკუთარ ქვეყანაშიც ყოველთვის გვყავდეთ ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც თქვენი ადგილსამყოფელი ეცოდინება, დროულად აღმოაჩენს თქვენს გაუჩინარებას და შეატყობინებს პოლიციას.
ტექსტში ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის 6 ნოემბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიდეო რგოლში აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელებულა.