თავი 3, გაკვეთილი 29

ჯანსაღი ცხოვრების წესი და სოციალური დაავადებები

ჯანსაღი ცხოვრების წესი - სწორი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა

სწორი კვების ძირითადი პრინციპები

ყველა ადამიანს კალორიების გარკვეული რაოდენობა სჭირდება, რომლებიც ენერგიად გარდაიქმნება და უზრუნველყოფს ორგანიზმის ფუნქციონირებას. ჯანმრთელობისთვის, კალორიების რაოდენობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ტიპის საკვებისგან ვიღებთ მათ.

ზრდასრულ მამაკაცს, რომელიც არ ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას, დღეში დაახლოებით 2500-2700 კალორია სჭირდება, ხოლო ზრდასრულ ქალს - 2000-2200 კალორია. რაც უფრო დიდია ფიზიკური აქტივობა, მით მეტი კალორია ესაჭიროება ორგანიზმს. შესაბამისად, პროფესიონალი სპორტსმენები და განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანები ზემოთ მოყვანილ საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მეტ კალორიას შეიძლება მოიხმარდნენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ტიპის საკვებისგან ვიღებთ საჭირო ენერგიას. დღესდღეობით, მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას არაჯანსაღი კვება წარმოადგენს - შაქრის და მარილის ჭარბი ოდენობა, ნახევარფაბრიკატი პროდუქტები, ტკბილი გაზიანი სასმელები და ა.შ. მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენს, მაშინ, როცა ამგვარი პროდუქტის რეგულარული მოხმარება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

ამერიკის ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველ ხუთ წელში ერთხელ აქვეყნებს კვების სახელმძღვანელოს, რომელიც სწორი კვების შესახებ რეკომენდაციებს შეიცავს. სახელმძღვანელოში ყოველდღიური საკვები პროდუქტები, სქემატურად, თეფშზე არის გამოსახული. უკანასკნელი რეკომენდაციების მიხედვით, ჯანმრთელი ადამიანის ყოველდღიური საკვების ნახევარს ბოსტნეული (დაახლ. 30%) და ხილი (დაახლ. 20%) უნდა შეადგენდეს; მარცვლეული პროდუქტების ხვედრითი წილი დღიურ ნორმაში 30%-ია, ხოლო დანარჩენი 20 % ცილოვანი პროდუქტებით უნდა შეივსოს. ასევე, რეკომენდებულია რძის პროდუქტების ყოველდღიურად მიღება.

სპორტი და აქტიური დასვენება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა, თუმცა, იმავე წყაროს მიხედვით, მსოფლიო ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მეორე მნიშვნელოვან შემადგენელს, სწორ კვებასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც შეადგენს. აღნიშნულში არა მხოლოდ სპორტის რომელიმე სახეობით დაკავება, არამედ ნებისმიერი ფიზიკური ძალისხმევა იგულისხმება - ფეხით, ველოსიპედით სიარული, ბაღში, ბოსტანში მუშაობა და ა.შ.

რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, ამცირებს მრავალი დაავადების, მათ შორის, ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთი ფორმის განვითარების ალბათობას, ამცირებს მოტეხილობების და ხერხემლის დაზიანების რისკს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ 5-17 წლის ბავშვები და ახალგაზრდები დღეში მინიმუმ ერთსაათიანი, ხოლო 18 წელს ზევით - სულ მცირე 150 წუთიანი ყოველკვირეული საშუალო ან ინტენსიური ფიზიკური აქტივობით უნდა დაკავდნენ.

სოციალური დაავადებები

უკანასკნელი მასშტაბური კვლევა, ქართველ ახალგაზრდებში მავნე ნივთიერებების მოხმარების თაობაზე, 2015 წლის ნოემბერში ჩატარდა და ასახულია ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევაში. მასში მონაწილეობა 190 სკოლის მე-10 კლასელებმა მიიღეს.

კვლევის შედეგები საკმაოდ მძიმეა:

  • ქართველ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%ია;
  • მოსწავლეების 85%მა (ბიჭების 86% და გოგონების 83%) აღნიშნა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი;
  • მოსწავლეების 11%მა აღნიშნა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი);
  • მოსწავლეთა 4%ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს ექსტაზი;
  • 2%ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს ამფეტამინები და კოკაინი.

ნარკომანია

“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს კონვენციების შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების სიაში. ამ ნივთიერებების დამზადება, შენახვა, მოხმარება ან გაყიდვა, გარდა სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-კრიმინალისტური საქმიანობისა, აკრძალულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

ნარკომანია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანები ხშირად შრომისუუნაროები არიან, ძლიერი დამოკიდებულება მათ უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ. ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებში გადამდები დაავადებების გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. ეს მით უფრო სავალალოა, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა სახელმწიფო ცდილობს, შეიმუშაოს ნარკომანიასთან ბრძოლის ეფექტური სისტემა. ზოგიერთი მათგანი, საქართველოს ჩათვლით, ნარკომანიას წლების მანძილზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებით ებრძვის, თუმცა უშედეგოდ. ზოგიერთ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ნარკომანიის დეკრიმინალიზაციით და ლეგალიზაციითაც კი მეტი ბერკეტი აქვთ, აკონტროლონ ნარკოტიკების გასაღების ბაზარი და მომხმარებელთა რაოდენობა, უფრო ეფექტურად გაატარონ პრევენციული ღონისძიებები და ცნობიერების ამაღლების კამპანიები. აღნიშნული მოსაზრება, განსაკუთრებით, ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებთან (მარიხუანა) მიმართებაში, ხშირად განიხილება საქართველოშიც. რაც შეეხება ე.წ. მძიმე ნარკოტიკებს (ჰეროინი, კოკაინი), თანამედროვე მიდგომით, მათი მომხმარებლები, პირველ რიგში, მკურნალობას და სოციალური ადაპტაციის მხრივ მხარდაჭერას უფრო საჭიროებენ, ხოლო მათი ციხეში ჩასმა პრობლემას არათუ არ აგვარებს, პირიქით, ამძაფრებს კიდეც.

ამჟამად საქართველოში მოქმედებს ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 18-25 წლის პაციენტებისთვის არის ხელმისაწვდომი და რომლის მიზანია ნარკომანიით დაავადებულ პირთა უზრუნველყოფა მკურნალობით, რეაბილიტაციით, ჩანაცვლებითი თერაპიითა და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით.

ალკოჰოლი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ალკოჰოლის მოხმარება, განვითარებულ ქვეყნებში, ჯანმრთელობის ნომერ პირველ საფრთხედ ცნო. ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, ალკოჰოლის მოხმარებასთან 3.3 მილიონი სიკვდილია დაკავშირებული.

ალკოჰოლის მოხმარებას საქართველოში ძალიან მასშტაბური სახე აქვს. ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართველი მოზარდები ალკოჰოლის მოხმარებით პირველ ადგილზე არიან (გამოკითხულთა 72%). ჩვენს ქვეყანაში ალკოჰოლი ნებისმიერი სოციალური მოვლენის და ღონისძიების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს ისე, რომ არც უფიქრდება ამ მოვლენის მავნე შედეგებს.

ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება ყოველთვის ალკოჰოლიზმს არ ნიშნავს, თუმცა არანაკლებ მავნებელია ჯანმრთელობისთვის, აქვეითებს ტვინის აქტივობას, ამძაფრებს დეპრესიულ მოვლენებს და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას.

თამბაქო

თამბაქოს მოხმარება ასევე ძალიან გავრცელებული მოვლენაა საქართველოში, მათ შორის, ახალგაზრდებშიც, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანისთვის თამბაქოს მიყიდვა უკანონოა. სამწუხაროდ, სიგარეტის მოწევა ქართველ ახალგაზრდებში კვლავ რომანტიზებულია და მშობლების მიმართ დაუმორჩილებლობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა, რაც, სავარაუდოდ, თავად მშობლების არასწორი ქცევის შედეგია. აკრძალვის და მუქარის ნაცვლად, უფრო ეფექტურია, თუ ახალგაზრდებს აუხსნიან, რამდენად მავნებელია თამბაქოს მოხმარება, განსაკუთრებით - ადრეულ ასაკში.

თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით, 2018 წლის 1 მაისიდან, მოწევა იკრძალება ყველა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, კაფე-ბარებსა და ღამის კლუბებში.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ