თავი 2, გაკვეთილი 21

სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა

სამართლებრივი სახელმწიფო

დროთა განმავლობაში სახელმწიფოს ცნება განიცდიდა სახეცვლილებას. პროგრესის პარალელურად იზრდებოდა ადამიანის მოთხოვნების სტანდარტიც. სამყაროში იცვლებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური შეხედულებები, შესაბამისად იცვლებოდა მმართველობის ფორმები და კანონების, წესების შინაარსიც. საბოლოო ჯამში, მსოფლიოში არსებულ ქვეყანათა მნიშვნელოვანმა ნაწილმა განიცადა ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია მაღალი სამართლებრივი კულტურა და იმართება კანონის უზენაესობის პრინციპის საფუძველზე.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. სამართლებრივ სახელმწიფოში უმაღლეს სოციალურ ღირებულებად მიჩნეულია ადამიანი, მისი ღირსება, უფლებები და თავისუფლებები. შესაბამისად სახელმწიფო ემსახურება ადამიანებს რომლებიც თავად არიან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო და არა რომელიმე რელიგიას ან ღმერთს.

სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება და საკუთარ საქმიანობას ახორციელებს სათანადო წესით მიღებული კანონის საფუძველზე, რასაც კანონის უზენაესობის პრინიპსაც უწოდებენ.ეს ნიშნავს იმასაც, რომ დაცული უნდა იყოს არამხოლოდ კანონის მიღების პროცედურა და საჯაროობა, არამედ მიღებული კანონები უნდა იყოს რაციონალური და შინაარსობრივად შესაბამისი ქვეყნის ძირითად კანონთან- კონსტიტუციასთან. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი არის გარანტი იმისა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება შებოჭილი იქნება მოქმედი კანონებითა და ადამიანის უფლებებით და ამდენად არ ექნება თვითნებობის, ადამიანის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევის შესაძლებლობა.

კლასიკური გაგებით სამართლებრივი სახელმწიფო სამ უმთავრეს ელემენტს მოიცავს: 1) სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს (და არა მაგალითად მმართველს) 2) სახელმწიფო უნდა იყოს შეზღუდული ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს თვითნებობის საშუალება 3) სახელმწიფო უნდა იმართებოდეს რაციონალური კანონების საფუძველზე.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი უგულებელყოფილია იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმის ან/და ტოტალიტარული მმართველობის მქონენი არიან. მაგალითად ფაშისტური გერმანია, საბჭოთა კავშირი, ფრანკოს მმართველობა ესპანეთში, დღევანდელი ჩრდილოეთ კორეა და ა.შ.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული კანონის უზენაესობასთან.

ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, კანონის უზენაესობაზე საუბრობდა ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, იმანუელ კანტი (1724-1804). მისი აზრით სამოქალაქო მშვიდობის მისაღწევად აუცილებელი იყო სამი ძირითადი ელემენტის ოპტიმალური შესრულება: პირველი ელემენტია საზოგადოების წევრთა თავისუფლება, მეორე ელემენტის მიხედვით თავისუფალი მოქალაქენი ერთიანად უნდა ემორჩილებოდნენ კანონს, მესამე ელემენტია თანასწორობა.

დღევანდელ დღეს, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, კანონის უზენაესობის შემადგენელი სამი ძირითადი ელემენტი ძალიან ჰგავს იმანუელ კანტისეულ მოდელს:

1. პირველი ძირითადი ელემენტი არის თავად კანონის ხარისხი. კანონი, რომელსაც ერთიანად უნდა ემორჩილებოდეს ყველა, მოქალაქეებიც და ხელისუფლებაც, უნდა იყოს განჭვრეტადი, ზუსტად და მკაფიოდ ფორმულირებული, რათა ყველას ესმოდეს მისი შინაარსი და ადამიანებს შეეძლოთ თავიანთი მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. მაგალითად, თუკი კანონში ეწერება „აკრძალულია უხამსი ქმედებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“ - ეს ფრაზა ადამიანებისთვის იქნება ბუნდოვანი, ვინაიდან ის, თუ რა ითვლება „უხამს ქმედებად“ არ და ვერ იქნება კანონით ამომწურავად განსაზღვრული. შესაბამისად, ადამიანს ვერასდროს ვერ ეცოდინება თუ მის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას განხორციელებული ქმედება ჩაითვლება თუ არა უხამსად.

2. მეორე ეტაპი ეხება იმ გზას, თუ როგორ ხდება კანონის მიღება. საქართველოსა და დემოკრატიული მმართველობის ქვეყნების უმრავლესობაში, საკანონმდებლო ფუნქციას ასრულებს პარლამენტი. კანონის მიღების პროცესის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მისი საჯაროობა. საქართველოში მოქმედი რეგულირების თანახმად, კანონი მიიღება სამი მოსმენის საფუძველზე, რომელთაგან პირველი ეთმობა კანონპროექტის ზოგადი პრინციპების განხილვას, მეორე მის არსებით გარჩევას, ხოლო მესამე სარედაქციო დეტალებს.

აღსანიშნავია, რომ ძველ დროში საქართველოში მონარქებს ჰქონდათ საკანონმდებლო ფუნქცია, თუმცა ის ყოველთვის არ გულისხმობდა კანონების ერთპიროვნულად მიღების პრაქტიკას, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში კანონის მიღება ხდებოდა დარბაზთან თანამშრომლობით და განჩინებით. მაგალითად, ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნში კანონის მიღებასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „პირველად... მეუფისა ბრძანებითა და მერმე ეპისკოპოზთა, დიდებულთა და აზნაურთა და ჭკვიან კაცთა მეფეთა წინაშე გაჩენილი“.

3. კანონის უზენაესობის მესამე ელემენტია თანასწორობის პრინციპი. ამ ელემენტისა და ზოგადად კანონის უზენაესობის მთავარ მიზანს სწორედ კანონის წინაშე თანასწორობა წარმოადგენს. კანონს თანასწორად, ერთიანად ემორჩილება ყველა, მოქალაქეც და მმართველი ძალაც. როგორც ინგლისელი სამართლის მეცნიერი და ფილოსოფოსი ჯონ სტიუარტ მილი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ამბობდა, ადამიანები მიხვდნენ, რომ მტაცებელთა მეფეს ფარაზე ნადირობის არანაკლები მიდრეკილება ექნებოდა, ვიდრე სხვა წვრილფეხა მტაცებლებს, ამიტომაც საჭირო იყო მისი ნისკარტისა და ბრჭყალებისაგან თავის დასაცავად მუდმივი სიფხიზლე. ესეიგი, ადამიანები მიხვდნენ, რომ სხვა სახელმწიფოებისა და ხალხების გარდა, ისინი შეიძლება თავად საკუთარმა ხელისუფლებამაც დაჩაგროს იძულების მექანიზმით, ამიტომაც საჭირო იყო მათივე ხელისუფლების შეზღუდვა კანონებით. გარდა ამისა, ადამიანები თავადვე არიან შეზღუდულნი კანონითა და სხვათა უფლებებით. კანონის წინაშე თანასწორობის უპატივცემულობის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა ბენიტო მუსოლონის სიტყვები: „მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონი“.

4. კანონის უზენაესობის თანამედროვე გაგების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტიარის კანონის რაციონალურობა და გონივრულობა. ამ ელემენტის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კოდიფიცირებული სამართლის მთელი სისტემა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ რაციონალურ ლოგიკას. მიზეზები, რისთვისაც კანონები იქმნება მხოლოდ რაციონალიზაციას ემსახურება და მოკლებულია ყოველგვარ არარეალურ, არალოგიკურ ან თუნდაც მისტიურ ახსნებს. აღნიშნულ საკითხს კარგად გამოხატავსგამოჩენილი იურისტის, ადრაშ შაიოს სიტყვები: „ადამიანები გარდაცვლილ პირებს მარხავენ იმიტომ, რომ თავიდან აიცილონ ეპიდემიების გავრცელება და არა იმიტომ, რომ გარდაცვლილი პირები ოდესმე აღსდგებიან“. არარაციონალური და ლოგიკურ ახსნას მოკლებული საფუძვლებით წესების შექმნამ კაცობრიობა არაერთხელ მიიყვანა სავალალო შედეგებამდე. განსაკუთრებით მძიმე შედეგები დადგა შუა საუკუნეების ევროპაში, როდესაც ადამიანების იმპულსურმა და არარაციონალურმა ქმედებამ, რომელიც ერეტიკოსებთან ბრძოლაში გამოიხატებოდა, ევროპა მიიყვანა ინკვიზიციის პროცესებამდე. აღსანიშნავია აგრეთვე ე.წ ალქაჯებზე ნადირობის ხანა, როდესაც ადამიანები სიკვდილით სჯიდნენ ჯადოქრობაში ეჭვმიტანილებს. ამ ქმედებებმა ევროპის მოსახლეობაში ასობით ათასი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და კანონის უზენაესობა

მიუხედავად იმისა, რომ კანონის უზენაესობის დამკვიდრების პირველ ოფიციალურ დოკუმენტად თავისუფლების დიდი ქარტია მიიჩნევა, ისტორიულ წყაროებში გვხვდება ცნობები ძველი ეგვიპტის შესახებ, რომლებიც კანონის უზენაესობის პრინციპის გამოვლინების ნაირსახებობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. კერძოდ, როგორც ძველი ეგვიპტის ქურუმების მიერ დაწერილ სწავლებებში ვკითხულობთ, ფარაონები გამოირჩეოდნენ კანონმორჩილებით, რაც ფაქტობრივად საკუთარ გამოცემული ბრძანებების მიმართ მორჩილებას და პატივისცემას ნიშნავდა.

საინტერესოა, რომ ინგლისის მსგავსად, მეთორმეტე საუკუნის მიწურულს, კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრების აუცილებლობასთან დაკავშირებით გარკვეული პროცესები საქართველოშიც მიმდინარეობდა, რისი გამოვლინებაც ყუთლუ არსლანის მიერ თამარ მეფისადმი ე.წ „კარავის“ დაფუძნების მოთხოვნა იყო, რომელსაც საკანონდებლო ფუნქცია უნდა ქონოდა და მის მიერ მიღებულ კანონებს მეფეც უნდა დამორჩილებოდა.

კანონის უზენაესობის პრინციპის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობდნენ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს იდეური ფუძემდებლებიც ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ვაჟა-ფშაველა, სერგეი მესხი და სხვები. განსაკუთრებით საინტერესოა ილია ჭავჭავაძის წერილი კანონის უზენაესობის პრინციპის შესახებ. ილია წერდა: „კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება“.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ვხვდებით საქართველოს პირველ, 1921 წლის კონსტიტუციაშიც, და ეს მაშინ, როდესაც ეს პრინციპი ჯერ კიდევ ბევრ ევროპულ სახელმწიფოში არ იყო სათანადოდ აღიარებული.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რაც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით ხელისუფლების შეზღუდვასაც მოიცავს საქართველოს მოქმედი კონსტიტუციითაც არის განმტკიცებული. კონსტიტუციის პრეამბულით საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებადაა გამოცხადებული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფა.

საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე მუხლის მიხედვით „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“

კონსტიტუციითვეა განმტკიცებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. კონსტიტუციის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.”

ტექსტში ცვლილება განხორციელდა 2019 წლის 31 ოქტომბერს.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ