“პოლიტიკა აერთიანებს ყველა იმ ძალისხმევას, რომლებიც მმართველობაში მონაწილეობას ან ხელისუფლების დანაწილებაზე გავლენის მოხდენას ემსახურება; აღნიშნული თანაბრად ვრცელდება როგორც სახელმწიფოთა შორის, ასევე, სახელმწიფოს შიგნით სხვადასხვა ჯგუფების ურთიერთობებზე.”
მაქს ვებერი
პოლიტიკა ბერძნული სიტყვების “polis” (ქალაქი-სახელმწიფო) და “techné” (მეცნიერება) ნაერთია და სახელმწიფოს მართვის მეცნიერებას ნიშნავს. თანამედროვე გაგებით, პოლიტიკა მოიცავს ყველა იმ იდეოლოგიას, სტრატეგიას თუ აქტივობას, რომლებიც სახელმწიფოს მართვასთან და ამ უკანასკნელის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობასთან არის კავშირში.
მაკიაველი სიტყვებით “ყველაფერი პოლიტიკა არ არის, თუმცა პოლიტიკა ყველაფრით ინტერესდება.” შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფოს ორგანოების მოწყობისა და ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სფეროებს, ქვეყნის საგარეო ურთიერთობას, თავდაცვის სტრატეგიებს და მრავალ სხვა საკითხს.
პოლიტიკას ჰყავს თავისი მონაწილეებიც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა მათში პოლიტიკოსები იგულისხმებიან, რომლებიც მონაწილეობენ ან სურთ, რომ მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვაში, მისი პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესრულებაში. როგორც წესი, პოლიტიკოსები ერთიანდებიან პოლიტიკურ პარტიებში ან საზოგადოებრივ მოძრაობებში, რომლებიც საკუთარ პროგრამებში განსაზღვრავენ სახელმწიფოს განვითარების მათეულ ხედვას.
პოლიტიკური იდეოლოგიები
ფართო გაგებით, პოლიტიკა მოიცავს ყველაფერს, რაც ნებისმიერი სოციალური წარმონაქმნის ორგანიზებისა და ფუნქციონირებისთვის პრინციპებისა და წესების დადგენას და მათი აღსრულების უზრუნველყოფას შეეხება. ამ საკითხების აღწერისა და სისტემატიზების შედეგად ყალიბდება პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც აღწერს სახელმწიფოს მართვისა და საზოგადოების მოწყობის სტილს, სახელმწიფოს/ხელისუფლებასა და ინდივიდს შორის ურთიერთობებსა და ურთიერთდამოკიდებულებას.
ზოგადად, პოლიტიკური იდეოლოგიების და მიმდინარეობების ნებისმიერი კლასიფიკაცია მხოლოდ პირობითია და მხოლოდ ძირითად ტენდენციებს ასახავს.
ტრადიციულად, პოლიტიკური იდეოლოგიები მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობებად იყოფა, იმის მიხედვით, რომელი ფასეულობები (ტრადიციული თუ ნოვაციური) მიიჩნევა ქვეყნის წინსვლის და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიღწევის საუკეთესო საშუალებად. ისტორიულად, ტერმინები მემარცხენე-მემარჯვენე საფრანგეთის რევოლუციის (1789 წ.) შემდგომ პერიოდს უკავშირდება - ახლად ფორმირებულ ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტი), სამეფო ვეტოს თაობაზე დებატებისას, ვეტოს მომხრეები - დიდგვაროვნები და ეკლესიის წარმომადგენლები, დარბაზის მარჯვნივ, ხოლო მოწინააღმდეგეები - ბურჟუაზიის წარმომადგენლები, მარცხნივ იყვნენ განლაგებულები.
მემარჯვენე მიმდინარეობა ეროვნული, ტრადიციული ფასეულობების ირგვლივ კონცენტრირდება და შესაბამისად, უფრო კონსერვატიულია. მემარჯვენეები მხარს უჭერენ ძლიერ სახელმწიფოს, რომლის ქვაკუთხედსაც მორალური ფასეულობები, მართლწესრიგის დაცვა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს.
მემარცხენე იდეოლოგიები, კლასიკური გაგებით, სოციალურ სამართლიანობაზე არის დაფუძნებული და ძირითად ფასეულობებად სოციალურ თანასწორობას, სოლიდარობას და პროგრესულობას აღიარებს.
პოლიტიკური აზროვნებისა და დოქტრინების განვითარებასთან ერთად, ხშირია სხვადასხვა იდეოლოგიების გადაკვეთა ან მათგან აღებული ელემენტების გაერთიანება ახალ პოლიტიკურ მიმდინარეობებად, რომლებიც ხშირად ცენტრისტულად მოიხსენიება, ვინაიდან ერთგვარად აერთიანებს და აბალანსებს კონსერვატორებისა და ლიბერალების მისწრაფებებს და ფასეულობებს.
რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ისინი იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ აქ მხოლოდ ძირითად, ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ იდეოლოგიებს შევეხებით:
ლიბერალიზმი თავისუფლებისა და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელშიც სახელმწიფოს მამოძრავებელ ძალად ადამიანის თავისუფალი ნება და საზოგადოების ყოველი წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მიიჩნევა. ლიბერალური იდეოლოგია აღიარებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, ღიაა ყველანაირი პროგრესული სიახლისა და რეფორმებისათვის, რის გამოც ლიბერალურ იდეოლოგიას, ტრადიციულად, კონსერვატიზმს უპირისპირებენ ხოლმე. ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით, სახელმწიფო მინიმალურად უნდა ჩაერიოს ინდივიდების ყოფაში და მხოლოდ ის სფეროები უნდა განაგოს, რომელთა მოწესრიგებაც ინდივიდებს არ შეუძლიათ.
ლიბერალიზმი, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, სოციალისტურ იდეოლოგიას გავს, თუმცა მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი განმასხვავებელი მათ შორის კერძო საკუთრებასა და უთანასწორობების აღმოფხვრის გზებშია. ლიბერალიზმის, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის გვერდით ხშირად მოიხსენიება ლიბერალური, იგივე საბაზრო ეკონომიკა, რომელიც კერძო საკუთრებასა და წარმოებაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევაზე აპელირებს, რაც რადიკალურად განსხვავდება სოციალისტური მიდგომებისგან. ლიბერალისტური იდეოლოგია ხშირად დემოკრატიულ სახელმწიფოებს უდევს საფუძვლად.
კონსერვატიზმი ტრადიციულად მემარჯვენეობასთან ასოცირდება და ძველი, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემას უსვამს ხაზს. შესაბამისად, კონსერვატორები ფრთხილად ეკიდებიან ან საერთოდ უარყოფენ რადიკალური რეფორმების გზას. კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ სოციალური უთანასწორობა ბუნებრივი მოვლენაა და მისი სრული აღმოფხვრა უბრალოდ შეუძლებელია. კონსერვატორებისთვის კერძო საკუთრება წმინდაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში რაიმე გზით ჩარევა ან მისი შეზღუდვა კატასტროფის ტოლფასია. ამაში კონსერვატიზმი სოციალისტურ იდეოლოგიას უპირისპირდება. კონსერვატიზმი, ლიბერალიზმის მსგავსად, არ ეწინააღმდეგება და არ უარყოფს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს, თუმცა, ლიბერალიზმისგან განსხვავებით, პიროვნების თავისუფალი ნებისა და ინდივიდუალური თავისუფლებების წინ ძლიერ სახელმწიფოს აყენებს და პრიორიტეტად უსაფრთხოებასა და წესრიგს მიიჩნევს.
სოციალიზმი საკმაოდ გავრცელებული, ტიპიური მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომლის მთავარ საყრდენს სოციალური თანასწორობის, უფრო ზუსტად კი უთანასწორობის მაქსიმალურად შემცირების იდეა წარმოადგენს. სოციალისტური იდეოლოგიის მიმდევრების აზრით, სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გასწიოს ადამიანებს შორის სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს და უმუშევრებს. სოციალიზმი არ ეწინააღმდეგება კერძო საკუთრებას, თუმცა მიიჩნევს, რომ კეთილდღეობის საწყისი მაინც სახელმწიფო საკუთრებაზე და სახელმწიფოს ეკონომიკურ რეგლაციებზე გადის. როგორც აღვნიშნეთ, ეს მიდგომა რადიკალურად ეწინააღმდეგება ლიბერალური ეკონომიკის იდეებს. როგორც არაერთი ავტორი აღნიშნავს, ერთი შეხედვით, სოციალიზმის მისწრაფება თანასწორობისა და ყველას კეთილდღეობისკენ მიმზიდველად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა არაერთი სახელმწიფოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოს ჩარევა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში წყვეტს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, ვინაიდან საერთო ფულის (ბიუჯეტის) ხარჯზე დახმარებების გაცემა და ამა თუ იმ ეკონომიკური საქმიანობის რეგულარული ხელშეწყობა, საბოლოოდ, სიღარიბის დაძლევაზე მეტად, სოციალური დახმარებებისთვის აუცილებელი გაზრდილი გადასახადების გამო, საშუალო ფენების გაღარიბებას უფრო უწყობს ხელს.
ფაშიზმი რადიკალურად მემარჯვენე, ტოტალიტარულ-ნაციონალისტური იდეოლოგიაა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოცენდა იტალიაში და თავის აპოგეას მეორე მსოფლიო ომის ეპოქის გერმანიაში მიაღწია. ფაშიზმის იდეოლოგია რასობრივ და/ან ეროვნულ უპირატესობას ემყარება. ფაშისტები მიიჩნევენ, რომ ერი უნდა გაერთიანდეს საკუთარი თვითმყოფადობის, ტრადიციების და სიწმინდის დასაცავად და ერთად აღუდგეს წინ “მტერს”, რომელსაც ამ თვითმყოფადობის განადგურება სურს. საბოლოო ჯამში, ფაშისტური იდეოლოგია დაიყვანება ფორმამდე, სადაც ფსევდოპატრიოტული ლოზუნგების მეშვეობით და წარმოსახვითი “მტრების” წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით იზღუდება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იდევნება ყველა განსხვავებული შეხედულებების ან წარმომავლობის ადამიანი.
კომუნიზმი რადიკალურად მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელიც სოციალიზმის ერთგვარ ექსტრემალურ გაგრძელებას წარმოადგენს და რომლის მიზანიც სოციალური უთანასწორობის საბოლოო აღმოფხვრაა. კომუნიზმი ეწინააღმდეგება ნებისმიერი კერძო საკუთრების იდეას, უარყოფს მემკვიდრეობას და ტრადიციებს. კომუნისტური იდეოლოგია, ერთი შეხედვით, თანასწორობისა და ჩაგვრის აღმოფხვრისკენ არის ორიენტირებული, თუმცა მისი რადიკალიზმისა და ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო იდეების გამო, რეალობაში, ადამიანის უფლებების ხელყოფისა და თავისუფალი აზრის ჩახშობისკენ ორიენტირებულ, ტოტალიტარული სახელმწიფოების იდეოლოგიად გვევლინება.
ანარქიზმი უტოპიური იდეოლოგიაა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ხელისუფლება გულისხმობს ინდივიდზე ძალადობას, რის გამოც ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება, როგორც ასეთი, საერთოდ უნდა გაუქმდეს. ანარქისტული იდეოლოგიის მიხედვით, ადამიანები თვითორგანიზებულ ჯგუფებში უნდა ცხოვრობდნენ, სადაც გადაწყვეტილების მიღება ინდივიდის თავისუფალ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ანარქიზმი უტოპიურია, ვინაიდან მისი იდეოლოგიის ხორცის შესხმა რეალობაში წარმოუდგენელი და შეუძლებელია.
პოლიტიკური რეჟიმები
პოლიტიკური რეჟიმი არის ამა თუ იმ პოლიტიკურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მართვის ფორმა.
მთლიანობაში, პოლიტიკური რეჟიმები იყოფა დემოკრატიულ და არადემოკრატიულ რეჟიმებად.
დემოკრატიულია რეჟიმი, სადაც
- მმართველობა ხორციელდება ხალხის ან მის მიერ კანონიერი გზით არჩეული წარმომადგენლების მიერ;
- გადაწყვეტილება, ამა თუ იმ სფეროში ან საკითხზე, მიიღება საზოგადოების და დაინტერესებული პირების თუ ჯგუფების აზრის გათვალისწინებით;
- ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ერთმანეთისგან განცალკევებულია (იხ. ხელისუფლების განაწილების პრინციპი), გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებში და ორგანოებში, რომლებიც ერთმანეთს აკონტროლებს და აბალანსებს;
- ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები აღიარებული და რეალიზებულია (ვრცლად, დემოკრატიის შესახებ იხ. შესაბამის თავში).
საპირისპიროდ, არადემოკრატიულია რეჟიმი, სადაც
- ძალაუფლება თავმოყრილია ერთი პირის (დიქტატორის) ან პირთა ჯგუფის (როგორც წესი, პოლიტიკური პარტიის) ხელში, რომელსაც ასევე სათავეში უდგას დიქტატორი;
- ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განსაკუთრებით, გამოხატვის თავისუფლება, იგნორირებული ან მოჩვენებითია.
არადემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმებში, ძირითადად, გამოყოფენ ტოტალიტარიზმს და ავტორიტარიზმს.
გარდა არადემოკრატიული რეჟიმების ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებისა, ტოტალიტარიზმი ხასიათდება:
- სახელმწიფო იდეოლოგიით, რომელიც მოიცავს, განსაზღვრავს და აკონტროლებს საზოგადოების, ინდივიდების ცხოვრების ყველა ასპექტს, მათ შორის, პირად ცხოვრებას;
- რეპრესიებით, რომლებიც, ერთი მხრივ, ემსახურება გაბატონებული იდეოლოგიის მოწინააღმდეგეების განადგურებას და ამ გზით საზოგადოებაში შიშის დათესვას, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი, ორგანიზებული წინააღმდეგობა.
ტოტალიტარული რეჟიმები ძირითადად დაფუძნებულია კომუნისტურ (საბჭოთა კავშირი) ან ფაშისტურ (გერმანია 1933-45 წლებში) იდეოლოგიაზე.
დღესდღეობით, ტოტალიტარული სახელმწიფოს თვალსაჩინო მაგალითი ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც ბატონობს კიმ იონგ-უნი, სასტიკი დიქტატორი, რომელიც დიქტატორების მესამე თაობას წარმოადგენს (მამამისი - კიმ ჩენ-ირი ასევე ერთპიროვნულად მართავდა სახელმწიფოს და იყო “დიდი ბელადის”, კიმ ირ-სენის შვილი), რომლის ხელშიც თავმოყრილია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებები სრულიად უგულვებელყოფილია. მაგალითისთვის, ადამიანები მხოლოდ იმიტომ შეიძლება დააპატიმრონ ან სიკვდილით დასაჯონ, რომ დიქტატორის გამოჩენაზე სათანადო სიხარული არ გამოხატეს.
ავტორიტარულ სახელმწიფოში ძალაუფლება ასევე ერთ ადგილასაა თავმოყრილი, თუმცა, ტოტალიტარიზმისგან განსხვავებით, ავტორიტარული რეჟიმის მთავარი მიზანი მმართველი ჯგუფის და დიქტატორის ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა სახელმწიფო იდეოლოგიის გაბატონება, შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს სფეროები, სადაც ადამიანებს მეტ-ნაკლებად თავისუფლად საქმიანობის საშუალება ეძლევათ მანამ, სანამ დიქტატორის ძალაუფლებას არ დაუპირისპირდებიან ან მის ინტერესებს არ გადაკვეთენ. ავტორიტარული რეჟიმიც უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც კონკურენტად აღიქვამს, თუმცა ამისთვის ტოტალური რეპრესიების ნაცვლად შეფარულ, არაფორმალურ მეთოდებს იყენებს. ავტორიტარულმა სახელმწიფომ შეიძლება მოჩვენებითად ადამიანის უფლებებიც კი აღიაროს, თუმცა პრაქტიკაში, ისინი შეიზღუდება ყველა იმ შემთხვევაში, როცა მმართველი ჯგუფის ან დიქტატორის ნება იქნება ან როცა მათი ინტერესები ასე მოითხოვს.
ავტორიტარული სახელმწიფოს მაგალითად შეგვიძლია რუსეთის ფედერაცია დავასახელოთ, რომელიც, კონსტიტუციის მიხედვით, დემოკრატიული სახელმწიფოა და ევროპის საბჭოს წევრიც კი იყო 2022 წლის მარტამდე. 2022 წლის მარტში უკრაინაში შეჭრისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის საფუძველზე, რუსეთის სახელმწიფო გააძევეს ევროპის საბჭოდან. რუსეთში ბატონობს ერთი პირის - პუტინის რეჟიმი, რომელიც 1999 წლიდან პრაქტიკულად ერთპიროვნულად მართავს სახელმწიფოს. რუსეთში ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მაქსიმალურად იზღუდება. ამასთან, რუსეთის ფედერაციის იმპერიალისტური იდეოლოგიიდან და პოლიტიკური ოპონენტებისა თუ თავისუფალი მედიის წარმომადგენლების მიმართ ანგარიშსწორებიდან გამომდინარე, რუსული სახელმწიფოს რეჟიმი, გარკვეულწილად, ტოტალიტარული სახელმწიფოს ნიშნებსაც შეიცავს.
21-ე საუკუნის დასაწყისში ტოტალიტარული და ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმების ფონზე თავი იჩინა შედარებით ახალმა,პოლიტიკური რეჟიმის ნაირსახეობამ, რომელსაც არალიბერალური დემოკრატიული რეჟიმი ჰქვია. არალიბერალური დემოკრატიული რეჟიმი არსობრივად ავტორიტარიზმს უკავშირდება, რადგან მმართველი გუნდის მთავარ მიზანს ძალაუფლების შენარჩუნება წარმოადგენს. თუმცა, მათ შორის განმასხვავებელი ისაა, რომ არალიბერალური დემოკრატიული რეჟიმები ძალაუფლების შენარჩუნებას დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებით ახერხებენ. პარადოქსულია, თუმცა ასეთი პოლიტიკური რეჟიმის ლიდერები დემოკრატიულ ინსტიტუტებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იქვემდებარებენ და შემდგომში მათი დახმარებით აღწევენ პოლიტიკურ მიზნებს. არალიბერალური დემოკრატიული რეჟიმის მაგალითია უნგრეთის სახელმწიფო, სადაც ხელისუფლების სათავეში 2010 წლიდან ფიდეშის პარტიაა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს.
სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციები დემოკრატიულ და ავტორიტარულ რეჟიმებთან ერთად ცალკე გამოყოფენ ჰიბრიდულ რეჟიმებს. The Economist ჰიბრიდულ რეჟიმს შემდეგნაირად განმარტავს: არჩევნები ტარდება ხარვეზებით, ხშირად არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ადგილი აქვს ოპოზიციურ პარტიებზე და კანდიდატებზე მთავრობის ზეწოლას, სერიოზული სისუსტეებია პოლიტიკურ კულტურაში, მთავრობის მუშაობაში, ადგილი აქვს კორუფციას და სუსტია კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება სუსტია, ზეწოლაა ჟურნალისტებზე და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. როგორც წესი ჰიბრიდული რეჟიმები დემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმების ელემენტებს აერთიანებს. Freedom House-ის შეფასებით, 2022 წელს საქართველო სწორედ ჰიბრიდულ რეჟიმად არის დახასიათებული.
ტექსტში ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის 6 ნოემბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიდეო რგოლში აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელებულა.