თავი 2, გაკვეთილი 22

კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები

კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც ემსახურება სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობის მიღწევას. თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის კონსტიტუციური თანაფარდობა ქმნის ისეთ მმართველობას, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ხელისუფლება ამ უფლებებითა და თავისუფლებებითაა შებოჭილი და პიროვნებასთან ურთიერთობაში მისი თვითნებობის შესაძლებლობა შეზღუდულია.1

ტერმინი კონსტიტუცია ლათინური სიტყვაა და „დაწესებას“, „დადგენას“, „წყობას“, „აგებულებას“ ნიშნავს. თანამედროვე გაგებით, ეს არის სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელშიც გათვალისწინებულია ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივი მოწყობის საფუძვლები, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, განათლებისა და სახელმწიფოებრივი ორგანოების ფუნქციონირების სისტემა და სხვა კონსტიტუციური პრინციპები და მექანიზმები2.

საინტერესოა, რომ თანამედროვე სახელმწიფოთა კონსტიტუციებს შორის პრაქტიკულად არ მოიპოვება ორი ისეთი კონსტიტუცია, რომლებიც აბსოლუტურად იდენტური შინაარსი აქვს. თუმცა მაინც ხდება მათი პირობითად კატეგორიზება სხვადასხვა ნიშნების საფუძველზე, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი.

დაწერილი და დაუწერელი კონსტიტუციები

გამოხატვის ფორმის მიხედვით განასხვავებენ დაწერილ და დაუწერელ კონსტიტუციებს. პირველ მათგანში იგულისხმება ერთიანი, სისტემატიზირებული ნორმატიული აქტი, რომელიც მიღებულია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ და გამოცხადებულია ქვეყნის ძირითად კანონად3.

რაც შეეხება დაუწერელ კონსტიტუციას, ეს ცნება დაკავშირებულია გასული საუკუნის იმ პერიოდთან, როცა სახელმწიფოთა უმრავლესობას ჯერ კიდევ არ გააჩნდათ ძირითადი კანონი და მოქმედ წესებსა და ნორმებს არასისტემატიზირებული სახე ჰქონდათ. ამ დროს ქვეყანაში ტრადიციულად მოქმედებს ფორმალური კონსტიტუცია, რომელიც შედგება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებისაგან, კონსტიტუციური ჩვეულებებისა და პრეცედენტებისაგან. ამასთან, ეს ერთიანობა არ არის აღიარებული ერთიან კანონად. დაუწერელი კონსტიტუციის რეგულირების საგანი ისეთივეა, როგორიც დაწერილისა. ამ ფორმის კონსტიტუციის კლასიკური მაგალითია გაერთიანებული სამეფოს, ახალი ზელანდიისა და ისრაელის დაუწერელი კონსტიტუციები.

მუდმივი და დროებითი კონსტიტუციები

კონსტიტუციური აქტის ან ქვეყნის ძირითადი კანონის მოქმედების ვადის მიხედვით, განასხვავებენ მუდმივ და დროებით კონსტიტუციებს. დროებითია კონსტიტუცია, რომელიც გამიზნულია გარკვეული დროით მოქმედებისათვის. კონსტიტუციის დროებითობას განსაზღვრავს იმ ვადის დათქმა, რომელშიც უნდა მოქმედებდეს კონსტიტუცია ან იმ ფაქტის, მოვლენის განსაზღვრა, რომლის დადგომის შემდეგ კონსტიტუციამ უნდა შეწყვიტოს მოქმედება.

მუდმივია კონსტიტუცია, რომელიც გათვალისწინებულია განუსაზღვრელი დროით მოქმედებისათვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი სამუდამო მოქმედებისაა და არ შეიძლება მასში ცვლილებების ან დამატებების შეტანა. ასეთი კონსტიტუცია პრაქტიკულად არ არსებობს.

მოქნილი და მყარი კონსტიტუციები

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიხედვით, განასხვავებენ მოქნილ და მყარ კონსტიტუციებს. მოქნილია კონსტიტუცია, რომლისთვისაც ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ისეთივე წესია დადგენილი, როგორც ჩვეულებრივი კანონებისათვის, მაგალითად, ინგლისში. მყარი კონსტიტუცია კი ითვალისწინებს ცვლილებებისა და დამატებების შეტანის რთულ მექანიზმს. მყარ კონსტიტუციათა რიგში ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ განსაკუთრებით მყარ კონსტიტუციებს. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ აშშ-ს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მიხედვით, “თუკი თითოეული პალატის წევრთა ორი მესამედი ამას საჭიროდ ჩათვლის, კონგრესმა უნდა წარმოადგინოს წინადადებები ამ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, ან მან ცალკეული შტატების საკანონმდებლო დაწესებულებების ორი მესამედის მოთხოვნით უნდა მოიწვიოს კონვენტი შესწორებათა განსახილველად, რომლებსაც, ორივე შემთხვევაში, არსებითად ძალა ექნება და განიხილება ამ კონსტიტუციის ნაწილად, როდესაც ისინი რატიფიცირებული იქნება ცალკეული შტატების საკანონმდებლო დაწესებულებების სამი მეოთხედის მიერ, ან კონვენტზე შეკრებილთა სამი მეოთხედის მიერ…”

მისი მიღების წესის მიხედვით განასხვავებენ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ და რეფერენდუმის გზით მიღებულ კონსტიტუციებს. ამავე ნიშნის მიხედვით, გამოყოფენ ოქტროირებულ ანუ ნაბოძებ კონსტიტუციებს. მიუთითებენ ორი სახის ოქტროირებაზე, საშინაო - როცა საკუთარი მონარქი საკუთარ ხალხს ჩუქნის კონსტიტუციას და საგარეო - ყოფილი მეტროპოლია ყოფილ კოლონიას უტოვებს კონსტიტუციას.

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები

მას შემდეგ, რაც გავეცანით კონსტიტუციის ტიპებს, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაზე. ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების გათვალისწინებით, ჩვენი კონსტიტუცია წარმოადგენს დაწერილ, მუდმივად მოქმედ და მყარ კონსტიტუციას, ვინაიდან მასში ცვლილებების შეტანის რთული წესია დადგენილი.

როგორც წინა გაკვეთილებიდან ისწავლეთ, საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუცია იყო. თუმცა საქართველოს გასაბჭოების გამო, მან ამოქმედება ფაქტობრივად ვერ მოახერხა.

საქართველოს ბოლო და ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება, 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო საქართველოს პარლამენტმა, რითაც თავდაპირველი რედაქციით საქართველოში დამყარდა ამერიკულ მოდელზე ორიენტირებული საპრეზიდენტო ტიპის რესპუბლიკა. თუმცა, მოგვიანებით, 2004 წლის 6 თებერვლისა და 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური რეფორმებით, საქართველო ჯერ გადავიდა ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემაზე, ხოლო შემდეგ ნახევრადსაპარლამენტო მოდელზე. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც მიიღეს 2018 წლის 23 მარტს,  საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა.

1995 წლის კონსტიტუცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასში გამოხატულია დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობის განმტკიცების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ნება. გარდა ამისა, იგი ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილებისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპები.

სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი. შესაბამისად ამ გაკვეთილში სახალხო სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს მიმოვიხილავთ.

სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: „სახალხო სუვერენიტეტი მნიშვნელოვანწილად ხორციელდება წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპის მეშვეობით. საქართველოს თითოეული მოქალაქე ირჩევს რა წარმომადგენელს, საკუთარ ძალაუფლებას გადასცემს მას და ამით აძლევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას. არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია.

იმისათვის, რომ შედგეს „ხალხის მმართველობა“, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში, რისი საუკეთესო გზაც არჩევნებია. არჩევნები თავისთავად აჩენს განცდას და რწმენას ადამიანებში, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში -„ირჩევენ რა თავის რჩეულებს ან თავად არიან არჩეულნი“.

მაშასადამე, სახალხო სუვერენიტეტის განხორციელებით, საზოგადოება სახელმწიფოს მართვის სადავეებს გადასცემს მის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს.

დემოკრატიული მმართველობის პრინციპი

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანასწორობა, საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში, პოლიტიკური პლურალიზმი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ხელისუფლების დანაწილება. თითოეული მათგანი დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს წარმოადგენს და მათ გარეშე წარმოუდგენელია სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის არსებობა.

იქიდან გამომდინარე, რომ დემოკრატიის შესახებ გარკვეული წარმოდგენა უკვე შეგექმნათ წინა გაკვეთილებიდან, მოცემულ გაკვეთილში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ თანამედროვე დემოკრატიის განვითარების ტენდენციებსა და ლიბერალურ ანუ წარმომადგენლობით დემოკრატიაზე.

დემოკრატიის ფორმები

თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში წარმოდგენილი მმართველობის სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. გამოყოფენ პირდაპირ და წარმომადგენლობით (ლიბერალურ) დემოკრატიას.

პირდაპირი (უშუალო) დემოკრატია მმართველობის ისეთი ფორმაა, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება რეალიზდება პირდაპირი წესით მოქალაქეთა მთელი ერთობლიობის მიერ, რომლებიც უმრავლესობის წესის პროცედურებს ექვემდებარებიან. ასეთი მოდელი განხორციელებადია მხოლოდ უკიდურესად პატარა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებში. შესაბამისად, არც ერთი თანამედროვე დემოკრატიული სისტემა სრულად არ ეფუძნება პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებს, თუმცა გარკვეულწილად შეიცავს მის ცალკეულ ელემენტებს. პირდაპირი დემოკრატიის ინსტიტუტების მაგალითებია რეფერენდუმი, საერთო-სახალხო გამოკითხვა (პლებისციტი), სახალხო საკანონმდებლო ინიციატივა და ა.შ.4 დღესდღეობით, პირდაპირი დემოკრატიის მქონე ქვეყანაა შვეიცარია.

ლიბერალური ანუ წარმომადგენლობითი დემოკრატია დემოკრატიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მასში სამი მთავარი ნიშან-თვისება გამოიყოფა: 1. ხალხის უფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ხორციელდება არა უშუალოდ, არამედ მის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთაც პოლიტიკური ძალაუფლება ფორმალურ პოლიტიკურ თანასწორობაზე დამყარებულ რეგულარულ არჩევნებში გამარჯვებით გადაეცემათ - „ერთი ადამიანი, ერთი ხმა“. 2. ის მოქიშპე პოლიტიკურ პარტიათა შორის კონკურენციასა და ამომრჩევლის არჩევანს ეფუძნება და პოლიტიკური პლურალიზმითაა უზრუნველყოფილი. 3. ის მკვეთრად მიჯნავს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას ერთმანეთისგან, რაც გამოიხატება, როგორც ხელისუფლების შინაგან და გარეგან შეზღუდვებში, ისე ავტონომიურ ჯგუფთა და ინტერესთა, აგრეთვე ბაზრის ანუ ეკონომიკური ცხოვრების კაპიტალისტური ორგანიზაციის არსებობაში (ჰეივუდი ე. პოლიტიკური იდეოლოგიები). წარმომადგენლობითი დემოკრატიის მქონე ქვეყნებს შორისაა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ა.შ.

თავის მხრივ, წარმომადგენლობითი დემოკრატია ასოცირებულია მმართველობის ორ ძირითად სისტემასთან: საპარლამენტო და საპრეზიდენტო დემოკრატიასთან.

საპარლამენტო დემოკრატია: მმართველობის ამ ფორმაში ცენტრალურ როლს პარლამენტი თამაშობს. აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც დამოკიდებულია პარლამენტის ნდობაზე. ქვეყნის მეთაურს მხოლოდ მცირე აღმასრულებელი უფლებამოსილება აქვს ან საერთოდ არ გააჩნია იგი და მხოლოდ წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს5. საპარლამენტო დემოკრატიის მქონე ქვეყნებს შორის აღსანიშნავია ავსტრია, ჩეხეთი, ფინეთი, გერმანია, იტალია, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი.

საპრეზიდენტო დემოკრატია: აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს სახელმწიფოს მეთაური (პრეზიდენტი), რომელიც პირდაპირი წესით აირჩევა ხალხის მიერ და არ არის დამოკიდებული პარლამენტის ნდობაზე. დღესდღეობით, საპრეზიდენტო დემოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენელი არიან აშშ, ბელარუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, რომელიც ფართო გაგებით მოიცავს არამხოლოდ სახელმწიფოს დაფუძნებას და მართვას სათანადო წესით მიღებული კანონებით, არამედ იმასაც, რომ მიღებული კანონები უნდა იყოს რაციონალური და შინაარსობრივად შესაბამისი ქვეყნის ძირითად კანონთან - კონსტიტუციასთან. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული კანონის უზენაესობასთან. ეს პრინციპი არის გარანტიორი იმისა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება შებოჭილი იქნება მოქმედი კანონებითა და ადამიანის უფლებებით და ამდენად არ ექნება თვითნებობის, ადამიანის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევის შესაძლებლობა.

სოციალური დაცვა და მისი გარანტიები

საზოგადოების მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებათა შორისაა საზოგადოების სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. სწორედ ამ მიზნით იქმნება სახელმწიფოებში სოციალური დაცვის სისტემები, რომლებიც ეროვნული შემოსავლის გადანაწილებით ცდილობს, უზრუნველყოს მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის დადგენილი სტანდარტები, მოსახლეობის შრომისუუნარო და ნაკლებშემოსავლიანი ნაწილისათვის სოციალური სოლიდარობის პრინციპის რეალიზაციით6.

სოციალური დაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილებია სოციალური დაზღვევა და სოციალური დახმარება. პირველი მათგანის ქვეშ ძირითადად მოიაზრება ჯანმრთელობისა და უმუშევართა დაზღვევა, რომელთა არსებობა მიზნად ისახავს იმ რისკების შემცირებას, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაოს უქონლობასთან, ჯანმრთელობის პრობლემებთან, შეზღუდულ შესაძლებლობასთან, სამეწარმეო ტრავმებთან, ხანდაზმულობასთან და ა.შ.

რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, იგი გულისხმობს სახელმწიფოს ბიუჯეტში არსებული ფულადი რესურსების გადაცემას იმ ადამიანებისთვის ან ოჯახებისათვის, რომლებიც სოციალურად დაუცველი არიან. ასეთ კატეგორიაში ექცევიან მარტოხელა მშობლები, უსახლკაროები, ფიზიკური ბარიერების მქონენი ან მენტალურად დაავადებულნი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედებს სოციალური დახმარების შესახებ კანონი, რომლის მიზანს „სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა“ წარმოადგენს. ამასთან ამ კანონის მოქმედება „ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“

რაც შეეხება კანონის სოციალური დახმარების სახეებს, ამავე კანონის თანახმად, ესენია საარსებო შემწეობა, რეინტეგრაციის შემწეობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურება, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება, არაფულადი სოციალური დახმარება და სოციალური პაკეტი.

ტექსტში ცვლილება განხორციელდა 2019 წლის 31 ოქტომბერს.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ