თავი 2, გაკვეთილი 18

სახელმწიფო, მისი წარმოშობა და ხელისუფლება

რა არის სახელმწიფო და რა როლს თამაშობს ის საზოგადოების ცხოვრებაში? ეს ის საკითხებია, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იყო განსჯის საგანი. სახელმწიფოს ცნების გაგების იდეალისტური, ფუნქციონალური თუ ორგანიზაციული მიდგომების მიხედვით, ამ ცნებას განსხვავებულად განმარტავდნენ, როგორც ინსტიტუციების ერთობლიობას, ტერიტორიულ ერთეულს, ფილოსოფიურ იდეას, ჩაგვრისა და გაერთიანების საშუალებას და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სახელმწიფო“ და „ქვეყანა“ შესაძლოა იდენტური ცნებებად იქნეს გამოყენებული, თუმცა „ქვეყანა“ უფრო გეოგრაფიული ტერიტორიაა, ხოლო სახელმწიფო - მისი პოლიტიკური ორგანიზაცია.

სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ არსებული თეორიები

საინტერესოა, რომ სახელმწიფოს რაობის შესახებ მსჯელობათა შედეგად ჩამოყალიბდა სახელმწიფოს წარმოშობის მრავალგვარი თეორია, რომლებიც ხშირად არა მხოლოდ მათი შემქმნელების, არამედ ეპოქის განწყობათა გამოხატულება იყო. მათ შორისაა თეოლოგიური, პატრიარქალური, საზოგადოებრივი ხელშეკრულების, ძალადობისა და ეკონომიკური თეორიები და სხვა.

თეოლოგიური თეორია ერთ-ერთი უძველესი თეორიაა, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს დასაბამს. აღნიშნული თეორია სახელმწიფოს წარმოშობას უკავშირებს ღვთაებრივ ნებას. მრავალი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში მიიჩნეოდა, რომ მეფობა ღვთით კურთხეული ან/და ღმერთისგან მიმადლებული ჰქონდა სამეფო დინასტიას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ითვლებოდა, რომ დინასტიას ლეგიტიმაცია ღმერთისგან ჰქონდა მიღებული და მონარქი ღმერთის წარმომადგენელი იყო დედამიწაზე. ჯერ კიდევ ძვ. წ-ით მე-17 საუკუნეში შექმნილი ხამურაბის კანონებში, ხაზგასმულია მეფის ხელისუფლების ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ: „ღმერთებმა დაადგინეს მეფე ხამურაბი „შავთავიანების” ბრძანებლად” ….. „ადამიანი არის ღმერთის ჩრდილი, მონა არის ადამიანის ჩრდილი, ხოლო მეფე ღმერთის სწორია.“ თეოლოგიური თეორიით იყო განმტკიცებული ბაგრატიონთა დინასტიის მეფობაც საქართველოში. თეოლოგიური თეორიის მიხედვით, ხელისუფლება მარადიული და შეუცვლელია, ხოლო მისდამი მორჩილება აუცილებელი. ხელისუფალნი მოქმედებენ ღმერთის სახელით, მათი ძალაუფლება ღვთაებრივ ხასიათს ატარებს, ხოლო სახელმწიფოში გამოცემული კანონები ღვთაებრივ სამართლიანობას შეესაბამება.

პატრიარქალური თეორია ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საბერძნეთსა და რომში. მის ფუძემდებლად ევროპაში არისტოტელე მიიჩნევა. ამ თეორიის თანახმად, ადამიანი, როგორც კოლექტიური არსება ისწრაფვის სხვა ადამიანთან ურთიერთობისა და ოჯახის შექმნისკენ, ხოლო ოჯახის განვითარება წარმოშობს სახელმწიფოს. სახელმწიფო იმ პროდუქტად მიიჩნევა, რომელიც ოჯახების გამრავლების, გავრცობისა და გაერთიანების შედეგად წარმოიშვა. სახელმწიფო ხელისუფლება არის გაგრძელება გვაროვნულ საზოგადოებაში არსებული მამის (პატრიარქის) ხელისუფლებისა.

სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ ახალი თეორიის საფუძვლად იქცა ე.წ. სოციალური კონტრაქტის თეორია, რომელიც საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის სახელითაცაა ცნობილი და რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს საფუძვლად უდევს ე.წ. „საზოგადოებრივი ხელშეკრულება”. მისი ფუძემდებლები არიან ინგლისელი ფილოსოფოსები - თომას ჰობსი და ჯონ ლოკი და ფრანგი ფილოსოფოსი და განმანათლებელი ჟან-ჟაკ რუსო. ვინაიდან პირველყოფილ სისტემაში არ არსებობდა სახელმწიფო, საზოგადოება იმყოფებოდა „ბუნებრივ მდგომარეობაში”, კერძოდ, მათ ჰქონდათ განუსაზღვრელი პირადი თავისუფლება, თითოეული ადამიანი მხოლოდ თავისი ინტერესებით ხელმძღვანელობდა, რაც იწვევდა „ყველას ომს ყველას წინააღმდეგ”. შედეგად არაორგანიზებულ საზოგადოებას შეეძლო თავისი თავის განადგურება. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად „გააფორმეს“ ადამიანებმა ერთმანეთთან „საზოგადოებრივი ხელშეკრულება”, რომლის ძალითაც, ურთიერთგადარჩენის სანაცვლოდ, თითოეული მათგანი უარს ამბობდა თავისი ინტერესების ნაწილზე. ხალხი იცავდა კანონებს, იხდიდა გადასახადებს, ასრულებდა სამხედრო და სხვა სახის მოვალეობებს. ხოლო სახელმწიფო სჯიდა დამნაშავეებს, ქმნიდა ადამიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის აუცილებელ პირობებს და იცავდა მოქალაქეებს გარეშე საფრთხისგან. ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფო სწორედ ამ ხელშეკრულების შედეგად წარმოშობილ ინტერესთა შეთანხმების, თანაცხოვრების, ურთიერთდაცვის ინსტიტუტთა ერთობლიობას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თეორია უფრო მეტად იმის ახსნაა/გამართლებაა, თუ რატომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, ვიდრე იმის ილუსტრაცია, თუ როგორ გაჩნდა სახელმწიფო.

ერთ-ერთი პირველი, ვისაც მიაწერენ ძალადობის თეორიის შექმნას, იყო ჩინელი სახელმწიფო მოხელე შან იანი, რომელიც ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწეობდა. XIX საუკუნეში ძალადობის თეორია მეცნიერულ დონეზე დიურინგმა (გერმნელი ფილოსოფოსი), გუმპლოვიჩმა (ავსტრიელი სამართალმცოდნე და სოციოლოგი) და კაუცკიმ (გერმანელი ფილოსოფოსი) დაამუშავეს. ეს თეორია სახელმწიფოს წარმოშობის მთავარ მიზეზად ასახელებს დაპყრობით ომებს, ძალადობასა და ერთი ტომის მიერ სხვების დამორჩილებას. ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარი მიზეზები გარეშე ხასიათს ატარებდნენ (გარედან მოხვეული ძალადობა), ხოლო, ზოგ შემთხვევაში ძალადობა საზოგადოების შიგნით წარმოიშობოდა (შინაგანი ძალადობა). შინაგანი ძალადობის დროს საზოგადოების ერთი ჯგუფი ძალადობრივი გზით იმორჩილებდა უმრავლესობას. გარეშე ძალადობისას სახელმწიფოს არსებობა აუცილებელი იყო დაპყრობილი ხალხებისა და ტერიტორიების სამართავად.

რაც შეეხება ეკონომიკურ თეორიას, ამ თეორიის ფუძემდებლებად გვევლინებიან კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი. მის მიხედვით, სახელმწიფო ჩამოყალიბდა პირველყოფილი საზოგადოების ეკონომიკური განვითარების შედეგად, რომელმაც „მოითხოვა“ მმართველობის დახვეწა სახელმწიფოსა და სამართლის გაჩენის გზით და წარმოშვა სოციალური ცვლილებები საზოგადოებაში. ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფოს წარმოშობა მოხდა ეტაპობრივად. თავდაპირველად გაჩნდა შრომის დანაწილების პრინციპი, საზოგადოების ერთი ნაწილი დაკავდა მიწათმოქმედებით, სხვა - მესაქონლეობითა და ხელოსნობით, ხოლო მათ, ვისაც კარგად ჰქონდათ განვითარებული სავაჭრო უნარ-ჩვევები, ვაჭრობას მიჰყვეს ხელი. შედეგად საზოგადოებაში დაგროვდა ზედმეტი პროდუქტი, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას. დროთა განმავლობაში იმ ადამიანებმა, რომლებიც შრომის მხოლოდ ერთ დარგში იყვნენ სპეციალიზირებული, დაიწყეს სხვათა საქმიანობის შესწავლა და გამოყენება, რათა გამხდარიყვნენ კონკურენტუნარიანი და დაეგროვებინათ უფრო მეტი სიმდიდრე. საბოლოო ჯამში, სხვისი შრომის მითვისების გამო საზოგადოება დაიყო კლასებად – ექსპლუატატორებად და ექსპლუატირებულებად. შემდგომ ეტაპებზე უკვე გაჩნდა კერძო საკუთრების ინსტიტუტი და ხელისუფლება, ხოლო ექსპლუატატორთა (მდიდართა) ბატონობის შესანარჩუნებლად საჭირო გახდა ძალადობის სპეციალური მექანიზმის (მათ შორის პოლიცია, ჯარი, ციხე) შექმნა სახელმწიფოს სახით.

თანამედროვე სახელმწიფოების ერთერთი მახასიათებელი მისი სუვერენიტეტია. საქართველო, მსგავსად სხვა სახელმწიფოებისა, სუვერენული სახელმწიფოა, რაც უმთავრესად ნიშნავს, რომ მას აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება (ძალაუფლება) მისსავე ტერიტორიაზე. იგი არის უზენაესი მის საშინაო საქმეებში და დამოუკიდებელი საგარეო ურთიერთობებში. თუმცა, სუვერენიტეტის თანამედროვე მნიშვნელობა არ გულისხმობს შეუზღუდავ, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას. შესაბამისად, „საქართველო სუვერენული სახელმწიფოა“ ნიშნავს, რომ იგი საერთაშორისო ურთიერთობებში არ არის დაქვემდებარებული სხვა სახელმწიფოს ნებას და არ ექვემდებარება სხვა რომელიმე სამართალწესრიგს, გარდა საერთაშორისო სამართლისა. ამასთან საგარეო ურთიერთობებში იგი მონაწილეობს, როგორც თანასწორი სუბიექტი სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად სახელმწიფოთა ურთიერთობის ფორმატი საგარეო ურთიერთობებში შესაძლოა იყოს სხვადასხვაგვარი, მაგალითად, სახელმწიფოთაშორისი ან სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის. თავის მხრივ, მრავალფეროვანია თანამშრომლობის სახეებიც - პოლიტიკური, ეკონომიკური ან/და სამხედრო და ა.შ.

საერთაშორისო სამართალში არსებობს სახელმწიფოთა ალიანსები, კავშირები, თანამეგობრობები, გაერთიანებები და სხვა, რომელთა შორის აღსანიშნავია, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია („ნატო“), ევროპის კავშირი (ევროკავშირი), ევროპის საბჭო (ევროსაბჭო), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია („გაერო“) და „დსთ“.

ხელისუფლების არსი და მიზანი

თანამედროვე სახელმწიფოზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ და რა პრინციპებზე დაყრდნობით იმართება იგი. პირველ რიგიში აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ „სახელმწიფოსა“ და „ხელისუფლების“ ცნებები. პირველი მათგანი წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სუვერენიტეტი კონკრეტულ ტერიტორიასა და მასში მცხოვრებ ხალხზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლება არის ინსტიტუცია, რომელიც ქმნის და აღასრულებს კანონებს სახელმწიფოს შიგნით, ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და აკონტროლებს სახელმწიფოში კანონებისა და ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვას.

თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში უფრო ეფექტური, დემოკრატიული და გონივრული მმართველობის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალაუფლება გადანაწილებულია 3 შტოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს. ამგვარი დაყოფა და ხელისუფლების შტოების ურთიერთკონტროლი მიზნად ისახავს სახელმწიფო ძალაუფლების ბალანსის მიღწევას, ამასთან, უზრუნველყოფს კონტროლის ადეკვატურ მექანიზმებს და აღკვეთს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხელისუფლების ფორმირება არჩევნების გზით ხდება, რაც სახალხო სუვერენიტეტის - ხალხის ძალაუფლების - ერთგვარი ტრანსფორმაცია და გადაცემაა სასურველი პოლიტიკური ძალისათვის.

საკანონმდებლო ხელისუფლების ძირითადი ფუნქციებია - წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო, მაკონტროლებელი და პოლიტიკის განმსაზღვრელი. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტის წევრების არჩევა ხდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების მეშვეობით, ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით.

აღმასრულებელ ხელისუფლებას, როგორც წესი წარმოადგენს პრეზიდენტი და მთავრობა. საქართველოში პრეზიდენტის მონაწილეობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში მინიმალურია და ძირითადად ის მთავრობის მიერ ხორციელდება, რომლის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. ხელისუფლების ეს შტო კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე მართავს ქვეყანას, ზედამხედველობს მათ დაცვას და ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხვა წევრებს. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით.

რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, მისი ძირითადი ნიშნებია: 1. მას ახორციელებს მხოლოდ სასამართლოები; 2. ისინი დამოუკიდებელია ხელისუფლების სხვა შტოებისგან; 3. იცავს კანონდებლობას, მათ შორის კონსტიტუციის ნორმებს და 4. ზედამხედველობს და აკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს; 5. სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

საქართველოში ისევე, როგორც სხვა დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებში, საერთო სასამართლო ხელისუფლების სამი ინსტანცია არსებობს - საქალაქო/რაიონული, სააპელაციო და საკასაციო (უზენაესი) სასამართლო. გარდა ამისა, ამ უკანასკნელთაგან განცალკევებულად არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომლის უმთავრესი ფუნქცია საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაა.

ტექსტში ცვლილება განხორციელდა 2019 წლის 30 ოქტომბერს.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ