თავი 2, გაკვეთილი 19

სახელმწიფოს მართვა-გამგეობა და ტერიტორიული მოწყობა

აღსანიშნავნია, რომ სახელმწიფოები ერთმანეთისგან განსხვავდება მმართველობის ფორმისა და ტერიტორიული მოწყობის მიხედვით. ალბათ გაგიგიათ ისეთი ტერმინები, როგორიცაა მონარქია, რესპუბლიკა,  ფედერაცია, უნიტარიზმი, რეგიონალიზმი და ა.შ. რას ნიშნავს თითოეული მათგანი? რა დგას მათ უკან? 

სახელმწიფო მმართველობის ფორმები

სახელმწიფოს მმართველობის ფორმაში მოიაზრება სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების შექმნის წესი და მისი სტრუქტურა. მმართველობის ფორმის მიხედვით ერთმანეთისგან განასხვავებენ მონარქიულ,  რესპუბლიკურ, ოლიგარქიულ, დიქტატორულ და თეოკრატიულ მმართველობას.


მონარქიული მმართველობა


მონარქიული მმართველობის დროს უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება ერთ პირს - მონარქს ეკუთვნის, რომელიც თავისი ნების შესაბამისად წარმართავს ხელისუფლებას. მონარქის ეს ნება სახელმწიფოში უზენაესია და არავისგანაა მინიჭებული. თავის მხრივ, მონარქიულ მმართველობაში გამოყოფენ შეუზღუდავ (აბსოლუტური) და შეზღუდულ (კონსტიტუციური, დუალისტური, არჩევითი) მონარქიას. 


აბსოლუტური მონარქიისათვის დამახასიათებელია ხელისუფლების სრულად თავმოყრა ერთი პირის - მონარქის ხელში, რომელიც თვითონ გამოსცემს და აღასრულებს კანონებს, იგი  უფლებამოსილია უშუალოდ ახორციელებდეს ადმინისტრაციულ მმართველობას ან ამ მიზნით დანიშნოს მთავრობა. მისი ხელისუფლება არავისგან და არაფრით არ არის შეზღუდული. აბსოლუტური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო მე-17 საუკუნის საფრანგეთი, რომლის ერთპიროვნული მმართველი იყო „მეფე მზედ“ წოდებული, ლუი XIV, რომლის ყველაზე ცნობილი გამონათქვამია: „სახელმწიფო - ეს მე ვარ“. დღესდღეობით, მსოფლიოში აბსოლუტური მონარქია შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად საუდის არაბეთში.


კონსტიტუციური მონარქია მმართველობის ისეთი ფორმაა, რომელშიც მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია არჩევითი ორგანოს (პარლამენტის) მიერ, რომელსაც საკანონმდებლო ფუნქცია აქვს შეთავსებული, რის გამოც მონარქი „იძულებულია“ მის წარმომადგენელთა აზრსა და ინტერესებს ანგარიში გაუწიოს. თუმცა, ამავე დროს მონარქი ინარჩუნებს იურიდიულ თუ ფაქტობრივ გავლენას სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე. მონარქი ნიშნავს მთავრობას, მაგრამ ეს უკანასკნელი პასუხს აგებს არა მონარქის, არამედ პარლამენტის წინაშე. მონარქის აქტების მიმართ გამოიყენება კონტრასიგნაციის ინსტიტუტი, ე.ი. მონარქის აქტები სისრულეში მოდის მხოლოდ შესაბამისი მინისტრის მიერ თანხმობის შემთხვევაში. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, იგი მთლიანად დამოუკიდებელია. კონსტიტუციური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, დანია, ნორვეგია, შვედეთი და იაპონია.

დუალისტურ მონარქიაში ძალაუფლება ფორმალურად გადანაწილებულია მონარქსა და პარლამენტს შორის მონარქის სასარგებლოდ. მონარქის ძალაუფლება მხოლოდ საკანონმდებლო სფეროშია შეზღუდული, თუმცა მას აქვს პარლამენტის ინიციატივების ბლოკირების შესაძლებლობა, ე.წ. ვეტოს უფლების გამოყენებით, მას უფლება აქვს მოაწეროს ხელი კანონებზე, გამოსცეს ბრძანების სახის აქტები და ზოგიერთ შემთხვევაში კანონებშიც შეიტანოს ცვლილებები ამ ბრძანებებით. აღმასრულებელი ხელისუფლება მონარქისა და მის მიერ დანიშნული მთავრობის ხელშია თავმოყრილი, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ მონარქის წინაშე. მონარქი და პარლამენტი აკონტროლებენ ერთმანეთს. სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის მონარქს, მაგრამ იგი შეიძლება მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელიც იყოს. მონარქს აგრეთვე უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი.

რაც შეეხება არჩევით მონარქიას,  ეს ისეთი მონარქიაა, როდესაც ახალ მონარქს მისი წინამორბედის უფლებამოსილებების შეწყვეტის შემდეგ ირჩევს პარლამენტი, მონარქიული ოჯახის წევრები ან სხვა სპეციალური ორგანო. ისტორიაში არჩევითი მონარქიის მქონე ყველაზე ცნობილი მაგალითი იყო საღვთო რომის იმპერია, სადაც მონარქს ჰამსბურგთა გვარის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მცირე საბჭო ირჩევდა.

 

რესპუბლიკური მმართველობა


რესპუბლიკაში „სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია“. მონარქიისაგან განსხვავებით, აქ კანონებს ქმნიან და აღასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, სახელმწიფო მმართველობა კოლეგიურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილებების მიღება ხდება კენჭისყრის გზით. 


რესპუბლიკური მმართველობა ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რომლის მიხედვით, ხელისუფლება დაყოფილია სამ დამოუკიდებელ შტოდ: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ამასთან, მოქმედებს „ურთიერთგაწონასწორებისა და კონტროლის“ მექანიზმი, რომლის შესაბამისად, თითოეული ხელისუფლება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, მაგრამ მათი ფუნქციონირება დამოკიდებულია ურთიერთზემოქმედებასა და თანამშრომლობაზე ისე, რომ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება და შესაძლებლობა  ჩაერიოს ან მიითვისოს მეორის უფლება. 


ერთმანეთისგან განასხვავებენ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და შერეული მმართველობის რესპუბლიკას. საპარლამენტო რესპუბლიკაა ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ფინეთი, პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთი, იტალია და საბერძნეთი. რესპუბლიკის ამ ტიპში მთავრობის ფორმირება ხდება იმ პარტიათა მიერ, რომლებმაც არჩევნების შედეგად მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს პარლამენტში, შესაბამისად, მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. ამ პროცესში პრეზიდენტის როლი ნომინალურია. მისი აქტები იურიდიულ ძალას, როგორც წესი, იძენენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ დაეთანხმება პარლამენტი ან მთავრობა. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა ქვეყნის მოსახლეობის მიერ საყოველთაო სახალხო არჩევნების გზით, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევა ხდება საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, პრეზიდენტის მიერ. დღესდღეობით, საპრეზიდენტო რესპუბლიკებია ამერიკის შეერთებული შტატებუ, მექსიკა, არგენტინა, ჩილე, აზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ. რაც შეეხება შერეული მმართველობის ფორმას, საპარლამენტო და საპრეზიდენტო ნიშნების შერევის ფორმები, როგორც წესი, სხვადასხვანაირია ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში, რის გამოც ამ ფორმის შიგნით ცალკე გამოყოფენ ნახევრად-საპრეზიდენტო და ნახევრად-საპარლამენტო რესპუბლიკას. საქართველო ამ უკანასკნელს განეკუთვნება.


ოლიგარქია


ოლიგარქია მმართველობის ისეთი ფორმაა, როდესაც ქვეყნის მართვის სადავეები ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელშია თავმოყრილი. ეს ჯგუფი სხვებისგან გამოირჩეოდა სიმდიდრით, წოდებით, კეთილშობილური წარმომავლობით, განათლებითა და რელიგიური თუ სამხედრო კონტროლით. ისტორიაში არსებობს შემთხვევები (მაგალითად, საბერძნეთისა და რომის),  რომლებიც აჩვენებს, რომ ოლიგარქიული მმართველობა ხშირად გადაიზრდებოდა ხოლმე ტირანიაში, რომელშიც მმართველს შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა და ძალადობრივი მეთოდებით მართავდა ქვეყანას.


დიქტატურა


დიქტატორული სახელმწიფო ისეთი სახელმწიფოა, რომელშიც ხელისუფლების სათავეში არადემოკრატიული გზით მოსული ქარიზმატული ლიდერი დგას, თუმცა შესაძლოა იგი კანონიერი საფუძვლით, არჩევნების მეშვეობით გახდეს ქვეყნის მეთაური და მოგვიანებით გადაიქცეს დიქტატორად. იგი, როგორც წესი, ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას და შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს. ისტორიიდან ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის დროს რობესპიერის მიერ დამყარებული დიქტატურა, რომელიც სასტიკი მეთოდებით ერთპიროვნულად მართავდა საფრანგეთს მანამ, სანამ გილიოტინაზე თავს მოკვეთდნენ.


თეოკრატია


თეოკრატიას მმართველობის ისეთ ფორმას უწოდებენ, რომელშიც სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებს სამღვდელოება, ღმერთის სახელით. ასეთ სახელმწიფოში უმაღლესი ხელისუფლება ემყარება ერთ ან რამდენიმე რელიგიურ დოქტრინას და მმართველობა ხორციელდება რელიგიური პრინციპების მიხედვით. დღესდღეობით, თეოკრატიული მმართველობაა ვატიკანში, რომელსაც მართავს   რომის პაპი.

 

სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა


მას შემდეგ, რაც გავეცანით სახელმწიფოს მმართველობის ფორმებს, არანაკლებ საინტერესოა მიმოვიხილოთ სახელმწიფოების ტერიტორიული მოწყობის მოდელებიც. ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება სახელმწიფო ხელისუფლების ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ორგანიზება, სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილებს, ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის ურთიერთობა. ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის სამ ძირითად ფორმას გამოყოფენ: უნიტარულს, რეგიონალისტურს და ფედერაციულს. უნიტარული სახელმწიფოებია ფინეთი, ისლანდია, შვედეთი, და სხვა, ხოლო ფედერაციული სახელმწიფოს წარმომადგენელი არიან ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა, ბრაზილია, რუსეთის ფედერაცია, გერმანია და ა.შ.. რაც შეეხება რეგიონალურს, თანამედროვე სამყაროში მისი თვალსაჩინო მაგალითებია ესპანეთი და იტალია.


ძირითადი განსხვავება სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ამ სამ ფორმას შორის გამოიხატება იმაში, რომ უნიტარული სახელმწიფო დაყოფილია და შედგება მხოლოდ ადმინისტრაციული ან პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულებისაგან, რომლებიც უშუალოდ ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას და, რომლებსაც არ აქვს სახელმწიფოებრიობის რაიმე ნიშანი. ყველა ერთეულს აქვს თანაბარი იურიდიული სტატუსი და მათი ორგანოები წარმოადგენს მთელი სახელმწიფო აპარატის სტრუქტურულ ნაწილს. მათ არ აქვთ საკუთარი კონსტიტუცია, კანონმდებლობა, ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები. 


რეგიონალისტურ მოდელში უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ტერიტორიულ ერთეულებს შორის განაწილებულია კონსტიტუციით. ამავდროულად რეგიონალიზმი ტერიტორიული ორგანიზაციის უნიტარულ და ფედერაციულ სისტემებს შორის შუალედური, საკმაოდ თვითმყოფადი ფორმაა. ესპანეთისა და იტალიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზაცია ერთგვარად გამოეყო უნიტარიზმის თეორიულ კონცეფციას, მაგრამ არც ფედერალიზმთან შეიძლება მისი გაიგივება.


რაც შეეხება ფედერაციულ სახელმწიფოს, მისი თვალსაჩინო წარმომადგენელია ამერიკის შეერთებული შტატები. იგი დაყოფილია 50 ტერიტორიულ ერთეულად (შტატად), რომლებიც წარმოადგენს სახელმწიფოს მსგავს წარმონაქმნებს, თუმცა სუვერენიტეტის გარეშე. მათში ერთიან სახელმწიფო ხელისუფლებასთან ერთად, მოქმედებს შესაბამისი ერთეულის ხელისუფლებაც. მათ აქვთ  ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები, საკუთარი კონსტიტუცია, კანონმდებლობა, სასამართლო და ა.შ. ფედერაციულ სახელმწიფოში საერთო ფედერალურ დონეზე სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებს ორ-პალატიანი საკავშირო წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის ერთ-ერთი, კერძოდ, ზედა პალატა, უმაღლეს წარმომადგენლობაში სწორედ ფედერაციის სუბიექტების ინტერესებს გამოხატავს.

 

სახელმწიფოთა ურთიერთკავშირის ფორმები


ალბათ არაერთხელ გსმენიათ ცნებები კონფედერაცია და თანამეგობრობა. კონფედერაცია სახელმწიფოთა ისეთი კავშირია, როდესაც წევრი სახელმწიფოები სრულად ინარჩუნებს სახელმწიფო სუვერენიტეტს და შესაბამისად, მათ აქვთ კავშირიდან ცალმხრივი, უპირობო გასვლის უფლება. კონფედერაციაში არ არსებობს  კონფედერაციული სახელმწიფოს ერთიანი ტერიტორია, არამედ ყველა წევრ სახელმწიფოს თავისი ტერიტორია გააჩნია. 


რაც შეეხება თანამეგობრობას, ეს სახელმწიფოთა ისეთი  ორგანიზებული გაერთიანებაა, რომელსაც ერთგვაროვანი ნიშნები ახასიათებს. სახელმწიფოთა თანამშრომლობა ეფუძნება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებას და, შესაბამისად, თანამეგობრობის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს წარმოადგენს და მოცემულია ხელშეკრულებებში და თანამეგობრობის მიერ მიღებულ აქტებში.


 

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ