თავი 4, გაკვეთილი 38

გენდერული როლები და ადგილი ოჯახში

ნებისმიერ საზოგადოებაში, გენდერული როლი განსაზღვრულია სოციო-კულტურული ნორმებით და სხვადასხვა კულტურის მიერ განპირობებულ ქცევებს გულისხმობს, რომლებიც მასკულინურად (კაცურ) ან ფემინურად (ქალურ) არის მიჩნეული. ზოგიერთი კულტურა გენდერს  ბიოლოგიურ სქესთან მჭიდროდ აკავშირებს. ასეთ კულტურებში მიჩნეულია, რომ სტერეოტიპულად მასკულინური ქცევები მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი და მისასალმებელი, ხოლო სტერეოტიპულად ფემინური ქცევები - მხოლოდ ქალებისათვის. მიაჩნიათ, რომ გენდერული როლები ქალისა და მამაკაცის ისეთ ბიოლოგიურ თავისებურებებს ემყარება, როგორებიცაა ფიზიკური მონაცემები ან რეპროდუქციული უნარები. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ ქალებისთვის ბიოლოგიურადაა  დამახასიათებელი მზრუნველობით-აღმზრდელობითი უნარები, მამაკაცებისათვის კი - აგრესიული, ლიდერული ქცევა. პატრიარქალურ საზოგადოებებში ოჯახში ფუნქციების გადანაწილება ეფუძნება სწორედ ასეთ წინასწარ ჩამოყალიბებულ გენდერულ როლებს.

გენდერული როლებისათვის დამახასიათებელია არა თანასწორობა, არამედ იერარქიულობა. ის როლები, რომლებიც სტერეოტიპულად ქალის მახასიათებლად აღიქმება, გაუფასურებულია, ხოლო მამაკაცისა – დაფასებული. მაგალითად, გენდერული როლების დაყოფის ნაყოფია რომ ქალის მიერ გაწეული საშინაო შრომა გაუფასურებულია, ხოლო კაცის მიერ სახლის გარეთ გაწეული შრომა დაფასებული და ანაზღაურებადი. ასევე, ხშირად მიაჩნიათ, რომ მამაკაცები ჭკვიანები არიან, ქალებს კი ნაკლები ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ და სხვა. ფემინისტი მკვლევრების აზრით, ასეთი რწმენები ხელს უწყობს პატრიარქალურ სისტემაში ქალის ჩაგვრას და მის მეორეხარისხოვან ადამიანად წარმოჩენას.

თუმცა, თანამედროვე ცხოვრებამ საგრძნობლად შეუცვალა ოჯახს სტრუქტურა და ტრადიციული მოვალეობებიც ისეთი მყარი აღარ არის: სულ უფრო მეტი ქალია დასაქმებული სახლის გარეთ და სულ უფრო მეტი კაცი ერთვება ბავშვების აღზრდაში. რეალურად, სივრცე განსხვავებულ გენდერებს შორის მცირდება. თანამედროვე საზოგადოება ცდილობს შექმნას თანასწორი საზოგადოება და თანასწორი ოჯახი.

სასურველია ოჯახის ყველა წევრი ერთად იღებდეს გადაწყვეტილებებს, ყველას ჰქონდეს საშუალება ღიად გამოხატოს საკუთარ აზრი, აკრიტიკებდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და ამავდროულად ოჯახში რჩებდნენ დამოუკიდებელ და პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდებად, ეს ყოველივე ბავშვებსაც მიემართებათ. საზოგადოებაში ტრადიციულ და თანამედროვე შეხედულებებს შორის საკმაო განსხვავებაა, რაც ბევრ ოჯახს დილემის წინაშე აყენებს.

გენდერული როლების ტრადიციული ხასიათით ჩამოყალიბებას თავისი ისტორიული წინაპირობები ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველყოფილ ადამიანებს სჭირდებოდათ გამრავლება და გადარჩენა, მნიშვნელოვანი იყო ნადირობა, საკვებით მომარაგება, ნაშიერის დაცვა მტაცებელი ცხოველებისაგან. ქალებს ხშირი ორსულობის, მშობიარობის და ბავშვების მოვლის გამო უწევდათ სახლში ყოფნა და შთამომავლობაზე ზრუნვა, კაცებს კი უწევდათ სახლის გარეთ მუშაობა, ნადირობა და სხვა გზით საკვების მოპოვება.

დღეს, როდესაც ქალს შეუძლია აკონტროლოს შობადობა, როდესაც ადამიანებს არ უწევთ ცხოველებისაგან თავის დაცვა და სარჩოს მოპოვებაც აღარ არის დამოკიდებული ნადირობაზე, გენდერული როლების ძველებური დანაწილება აზრს კარგავს. საუკუნეები დასჭირდათ ქალებს, რომ მოეპოვებინათ იგივე უფლებები და თანასწორი სტატუსი კაცებთან მიმართებაში. ბევრი ქალი დღეს ახერხებს იცხოვროვს სრულფასოვანი ცხოვრებით, თავად დაგეგმოს საკუთარი ოჯახი და ჰქონდეს მისთვის სასურველი კარიერა. თუმცა რიგ საზოგადოებებში კვლავ მიიჩნევენ, რომ ქალის მთავარი ფუნქცია შვილების გაჩენა და დედობაა. თუ ოჯახში დამკვიდრებული ტრადიციული გენდერული როლები, ასეთ ოჯახებში ქალებს და გოგონებს კვლავ უწევთ საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა და მტკიცება, რომ ისინი კაცების თანასწორნი არიან.

პრობლემები ოჯახში თანასწორობასთან დაკავშირებით

თანამედროვე სოციალური სტრუქტურა ქალებს და კაცებს საზოგადოების თანასწორუფლებიან წევრებად მიიჩნევს, თანასწორი უფლებებით, სტატუსითა და პასუხისმგებლობებით. თუმცა ბევრი ოჯახი ისევ შედგება არა თანასწორი მეუღლეებისაგან, არამედ ავტორიტატული მამისა და მორჩილი დედისაგან, ასეთ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს შესაძლოა, ანალოგიური მოლოდინები ჰქონდეთ მეუღლეების მიმართ, როდესაც საკუთარ ოჯახებს შექმნიან.

თანასწორმა სტატუსმა, შესაძლოა, გააღიზიანოს ქმარი, რომელიც მიიჩნევს, რომ აღმატებულია ცოლზე. თუ ადამიანი თანასწორობის პატივისცემით არ აღუზრდიათ, მას საკმაო დრო სჭირდება იმისათვის, რომ შეეგუოს ახლებურ სოციო-კულტურულ წყობას. 

დაპირისპირება ოჯახურ პასუხისმგებლობებში

ოჯახი მხოლოდ ერთ ჭერქვეშ მცხოვრებთა ინსტიტუტი როდია. ეს უკანასკნელი ერთნაირად მოაზროვნე ან ერთმანეთის მოყვარე ადამიანების გაერთიანებაა, რომლის თითოეულ წევრსაც აკისრია კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები. მოვალეობების და პასუხისმგებლობების გადანაწილება შეთანხმებით უნდა მოხდეს ახლადშექმნილ ოჯახში და ეს წესები შესაძლოა პერიოდულად გადაიხედოს.

დღეს ორივე მშობელი - დედაც და მამაც მუშაობს, აგროვებს ფულს ოჯახისთვის, სარგებლობს თანასწორი სოციალური სტატუსითა და ფინანსური დამოუკიდებლობით. ამ გადმოსახედიდან, დიასახლისის შრომა ხდება არა კონკრეტულად ერთი ადამიანის, არამედ  ოჯახის  ყველა წევრის მოვალეობა. ერთმანეთზე მორგება და გაგება ის ასპექტებია, რომლებიც ოჯახს ეხმარება, უმტკივნეულოდ იცხოვროს, როგორც ერთიანმა სტრუქტურამ. დრომოჭმულ გენდერულ როლებზე ჩაბღაუჭებას კი მხოლოდ არსებული სიტუაციის გაუარესება შეუძლია.

ბავშვები და გენდერული როლი

ტრადიციულ ოჯახურ სისტემაში, სადაც დედა მხოლოდ საშინაო საქმეს ასრულებდა, მამა კი სახლის გარეთ მუშაობდა, ბავშვების მოვლა და აღზრდა დიდწილად ქალზე იყო დაკისრებული, რაც ერთი მხრივ, ქალს არ აძლევდა კარიერული განვითარების საშუალებას, კაცს კი იმდენად უზღუდავდა როლს ოჯახში, რომ ბავშვებს ხშირად გაუცხოებული დამოკიდებულება და შიში ჰქონდათ მამის მიმართ. თანამედროვე ცხოვრების სტილით, ორივე მშობელი დაკავებულია სახლის გარეთ შრომით, საჭირო ხდება ბავშვის აღზრდაში აღმზრდელობითი ინსტიტუციების ჩართვა, როგორიცაა საბავშვო ბაღი, სკოლა. ხშირად ბავშვის აღზრდაში ბებია-ბაბუები და ძიძებიც მონაწილეობენ. მნიშვნელოვანია, რომ მშობლემა გამონახონ დრო, რომელსაც შვილებთან ხარისხიანად გაატარებენ. შვილის აღზრდა უპირველესად მშობლის მოვალეობაა. ბალანსის დაცვა სამსახურს, სახლის საქმეებსა და მშობლობას შორის საკმაოდ რთულია, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომელმაც უნდა შექმნას ისეთი სამუშაო გარემო ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია მშობლობისა და კარიერის დაბალანსება. ამასთან, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ბავშვები მომზადებულნი უნდა იყვნენ, ოჯახურ საქმეებში მონაწილეობისათვის. ეს მათ დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ მშობლების მდგომარეობა, ჩაერთონ საერთო ოჯახურ მეურნეობაში და შეიძინონ ის აუცილებელი უნარები, რომელიც საჭიროა დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად. ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე სრულფასოვნად ზრუნვა.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ