თავი 2, გაკვეთილი 25

სამართალი და მართლმსაჯულება

როგორც სხვა გაკვეთილებიდან უკვე შეიტყვეთ, საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია სახელმწიფოს წარმოშობას „საზოგადოებაში ქცევის წესებზე“ ურთიერთშეთანხმებას უკავშირებს. ამავე თეორიის მიხედვით ამ წესების დაცვა-აღსრულების უფლებამოსილება მათ შორის იძულების მექანიზმის გამოყენებით, ინდივიდებმა ხელისუფლებას გადასცეს. მაგრამ საინტერესოა რას წარმოადგენს თანამედროვე სამყაროში ეს წესები? რა გზა განვლეს მათ დღევანდელობამდე? არსებობს თუ არა მათ შორის იერარქია?

რა არის კანონი?

კანონი - ესაა სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (პარლამენტის) მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს.

კანონზე საუბრისას საინტერესოა გავერკვეთ რა ხდებოდა მანამ, სანამ საზოგადოება განვითარების იმ ეტაპზე მივიდოდა, როდესაც გააცნობიერა კანონების წერილობითი სახით არსებობის აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილიყო სახელმწიფოში მშვიდობა და წესრიგი.

სამართლის განვითარების ისტორიული პროცესის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი ავტორი ფრიდრიხ კარლ ფონ სავინია. საინტერესოა, რომ იგი სამართალს ხალხის საზოგადოებრივი და კულტურული განვითარების შედეგად მიიჩნევდა. სავინი აღნიშნავდა: „კანონი იზრდება ხალხთან ერთად, ეფუძნება ხალხს და ქრება, როგორც კი ხალხი კარგავს საკუთარ ინდივიდუალურობას.“

სავინის კვლევების მიხედვით, სამართალი ვითარდებოდა საზოგადოებასთან ერთად თავდაპირველად ერთი და იმავე ქცევის ხშირი განმეორების შედეგად ერთჯერადი გადაწყვეტილებისაგან ჩამოყალიბებული ქცევის გარკვეული წესების - ჩვევების სახით. ერთი და იმავე ქცევის გარკვეული წესის მრავალჯერადი გამოყენების შედეგად მიღებული პოზიტიური შედეგის საფუძველზე, ჩვევა გარდაიქმნა ჩვეულებად, რეგულარულად, მრავალი წლის მანძილზე, ბევრი ფიქრისა და აზროვნების გარეშე, ერთი სოციალური ჯგუფის წევრების მიერ განმეორებადი ჩვეულება - ტრადიციად. ამ უკანასკნელმა კი საფუძველი ჩაუყარა ადათს, რომლის უმთავრესი მახასიათებელი იყო საზოგადოების მხრიდან მისი „სავალდებულო“ ქცევის წესად აღქმა, რომლის წევრებსაც სჯეროდათ, რომ ადათის დაცვის შემთხვევაში, მოიქცეოდნენ სწორად და ადვილად მოიპოვებდნენ თავიანთ სოციალურ ჯგუფში აღიარებას. როდესაც სოციალურ ჯგუფში წარმოიშვებოდა კონფლიქტები, მათი მოგვარებისათვის ხშირ შემთხვევაში მიმართავდნენ უხუცეს წევრს, რომელსაც თავისი ხანგრძლივი გამოცდილებისა და ადათის საფუძველზე უნდა „გაესამართლებინა” „დამნაშავე“, ესე იგი განესაჯა, რამდენად “სწორად” მოიქცა იგი.

ამგვარად, დროთა განმავლობაში ადათს გამოეყო წესების ნაწილი, რომელიც „სასამართლოს“ მიერ ხშირად გამოიყენებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ანუ ჩამოყალიბდა სასამართლო პრაქტიკა. სასამართლო პრაქტიკის შედეგად მსაჯულებმა დაიწყეს იმ წესების მკაფიოდ გამოყოფა და ფორმულირება, რომლითაც ხელმძღვანელოდნენ და, რომლებსაც ეფუძნებოდა მათი გადაწყვეტილებები. დამწერლობის განვითარების შედეგად, თავიანთი საქმის გამარტივების მიზნით, დაიწყეს ასეთი წესების წერილობით დაფიქსირება და სწორედ ასე გაჩნდა პირველი დაწერილი კანონები, რომლებიც, დღესდღეობით, საზოგადოების ყველა წევრისათვის სავალდებულო ქცევის წესებს ადგენს.

მაშასადამე, მართლმსაჯულების პრაქტიკის განვითარების საფუძველზე დროთა განმავლობაში ადათი გარდაიქმნა იმად, რის გარეშეც თანამედროვე სამყაროში არ არსებობს სახელმწიფო - კანონად. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ წინასწარ ადგენს ქცევის ზოგად წესს, იმავდროულად განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანის ქმედებას. შესაბამისად, კანონის მეშვეობით წინასწარ არის განჭვრეტადი ჩვენი მოქმედების სავარაუდო შედეგი და მისი დაუცველობის შემთხვევაში - სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის სანქციები.

როგორი უნდა იყოს კანონი?

საინტერესოა რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს კანონს. მე-18 საუკუნის ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსს - იმანუელ კანტს მიაჩნდა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება და საკუთარ საქმიანობას ახორციელებს კანონის საფუძველზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემდეგი ნიშნები:

  • კანონი ზოგადი წესია (ნორმაა), რაც გულისხმობს იმას, რომ თავისუფლების სფერო, რომელშიც სახელმწიფოს (აღმასრულებელ ხელისუფლებას) ჩარევა ეკრძალება, ყველასთვის თანასწორადაა განსაზღვრული და ყველას თანაბრად ეხება.
  • კანონი მიღებულია საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის მიერ საჯარო განხილვის შედეგად, ვინაიდან პარლამენტის მიერ კანონის მიღება, როგორც მოქალაქის პოლიტიკური თავისუფლების გამოვლინება, უზრუნველყოფს კანონის საჯარო დებატების შედეგად მიღებასა და მის მაქსიმალურად რაციონალურობას.

საინტერესოა, რომ ერთი საუკუნის შემდეგ, სამართლის ფილოსოფოსმა, ლონ ფულერმა, უფრო დეტალურად აღწერა „ჭეშმარიტი“ კანონის მახასიათებლები. კერძოდ, მისი აზრით, კანონები უნდა იყოს ზოგადი, ისინი უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ ის სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ევალებათ. რეტროაქტიური (უკუძალის მქონე) კანონმდებლობა და კანონშეფარდებითი საქმიანობა მინიმალური უნდა გახდეს, კანონები უნდა იყოს გასაგები და არ უნდა იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო. კანონებმა არ უნდა მოითხოვონ ისეთი ქცევა, რომელიც კანონის ადრესატი პირის შესაძლებლობებს აღემატება. ისინი შედარებით მუდმივი უნდა იყოს დროში და უნდა არსებობდეს თანხვედრა გამოცხადებულ წესებსა და მათ რეალურ აღსრულებას შორის.

სამართლებრივი სისტემები

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კანონის ერთ-ერთ მახასიათებლად მისი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღება განიხილება, თუმცა არსებობს სამართლის ნორმები, რომლებსაც ამ გზით არ შეუძენიათ სავალდებულო ძალა და კანონის „სტატუსი“. სწორედ ამ ნიშან-თვისებით განასხვავებენ ერთმანეთისგან ძირითადად ორ სამართლებრივ სისტემას: კონტინენტური ევროპის კოდიფიცირებულ სამართლებრივ სისტემასა და ანგლო-ამერიკულ ე.ი. საერთო სამართლის სისტემას.

კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემა დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა რომაული, გერმანული და კონტინენტური ტრადიციების საფუძველზე. რომანული სამართლის ოჯახი შეიქმნა და განვითარდა ნაპოლეონის ეპოქის კანონმდებლობის გავლენით. ამ ოჯახს მიეკუთვნება საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, მონაკო, ჰაიტი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია. ხოლო გერმანული სამართლის ოჯახი გერმანული იურიდიული მეცნიერების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ამ ოჯახს მიეკუთვნება გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია, თურქეთი, საბერძნეთი და საქართველო.

ამ სისტემაში სამართლის ძირითადი წყაროა პოზიტიური (დაწერილი) კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ქცევის ზოგად წესს და აქვს სავალდებულო, მბოჭავი ძალა სახელმწიფოში მცხოვრები ყველა პირის მიმართ. მასში გამოყოფილია სამართლის ზოგადი პრინციპები, განსხვავებულია ერთმანეთისგან სამართლის ძირითადი (მატერიალური) და პროცედურული წესები, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში „შებოჭილია“ კოდიფიცირებული კანონმდებლობით.

რაც შეეხება ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემას, დღესდღეობით იგი მოქმედებს ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, კანადასა და ინგლისის ყოფილ კოლონიებში. აღნიშნული სისტემის სამართალი იყოფა ორ ძირითად დარგად, სტატუტის სამართალი (statute law), რომლის წყაროს წარმოადგენს პარლამენტი და საერთო ე.წ. პრეცედენტული სამართალი (common law), რომელიც ჩამოყალიბდა მე-13-მე-14 სს-ში სამეფო სასამართლოების პრაქტიკის განზოგადებისა და ადგილობრივი ჩვეულებების საფუძველზე. მაშასადამე, ამ უკანასკნელში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სამართლებრივ დოქტრინას.

სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ ითვლება პრეცედენტად, როდესაც კონკრეტული შემთხვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად უდევს მომავალში ანალოგიური შემთხვევის გადაწყვეტას. ამ პრეცედენტებს აქვთ მბოჭავი ძალა, ისინი დაცულნი უნდა იყვნენ იმის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილებები სწორად მიაჩნია თუ არა ქვემდგომ სასამართლოს. ამ გადაწყვეტილებებში მოცემული წესები მანამდეა მბოჭავი, ვიდრე ისინი არ გაუქმდება. გაუქმება კი შეიძლება ზემდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით ან კანონით. ამასთან სასამართლოს შეუძლია გათავისუფლდეს ადრე მიღებული გადაწყვეტილებისგან, როდესაც ადგენს ახალ სამოსამართლო სამართალს, მაგალითად, როდესაც გადახვევა დასაბუთებულია ერთეული შემთხვევის განსაკუთრებულობით.

სამართლებრივი აქტები და მათი იერარქია

განხილულ საკითხებზე არანაკლებ საინტერესოა თუ რა ტიპის სამართლებრივი აქტები არსებობს და რა ურთიერთდამოკიდებულებაა მათ შორის.

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სამართლებრივი აქტი - ესაა უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი. ის იყოფა ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებად. ნორმატიულ აქტს იღებს (გამოსცემს) საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იგი შეიცავს მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. რაც შეეხება ინდივიდუალურ აქტს, იგი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში.

საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო, რომელსაც განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს მთავრობის დადგენილება და ა.შ.

საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.

საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ერთობლიობაში ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას.

საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. სამართლებრივ აქტებს შორის მოქმედებს გარკვეული იერარქია და, რაც უფრო მაღლა დგას სამართლებრივი აქტი ამ იერარქიაში, მით უფრო უპირატესი იურიდიული ძალა აქვს მას სხვა შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტების მიმართ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვემდგომი სამართლებრივი აქტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზემდგომს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამართლებრივი ძალა არ ექნება. ამასთან თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.

საკანონმდებლო აქტების იერარქია შემდეგია:

  1. საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
  2. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;
  3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
  4. საქართველოს ორგანული კანონი;
  5. საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

რაც შეეხება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების იერარქიას, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ. ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ