თავი 1, გაკვეთილი 9

მოქალაქე, მისი როლი და პასუხისმგებლობა

“პრინცის ტირანია ფეოდალურ სახელმწიფოში საერთო კეთილდღეობისთვის ნაკლებ მავნებელია, ვიდრე მოქალაქის         აპათია დემოკრატიულ სახელმწიფოში.”

                                                                             შარლ ლუი დე მონტესკიე

 

მოქალაქის სოციალური როლები

ვინ  არის   მოქალაქე

მოქალაქის ცნება პირველად ძველი საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფო ათენში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა სხვა ქალაქ-სახელმწიფოებშიც. ცნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას აღნიშნავდა. ძველ საბერძნეთში მოქალაქეები თანასწორნი იყვნენ კანონის წინაშე. უფრო მეტიც, მოსახლეობის მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, ყველას, ვისაც მოქალაქის სტატუსი ჰქონდა, შეეძლო სახელმწიფო საქმეებში პირადად მიეღო მონაწილეობა - მოქალაქეები იკრიბებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და კამათობდნენ სახელმწიფოებრივ მოწყობაზე, კანონის შეცვლაზე ან მიღებაზე და ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელთა გადასაწყვეტადაც, თანამედროვე დემოკრატიის პირობებში ხალხის წარმომადგენლების - დეპუტატების არჩევაა საჭირო.

ერთი შეხედვით, ძველი საბერძნეთის მაგალითი სანიმუშოა, თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოქალაქის სტატუსი ენიჭებოდათ მხოლოდ ადგილობრივ, გარკვეული სოციალური ფენის წარმომადგენელ მამაკაცებს, ხოლო ქალები, უცხოელები და მონები ამ სტატუსს არ ფლობდნენ, შესაბამისად, ისინი არც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ საქმეებში.

მოქალაქეობის ცნებამ სერიოზული გაუფასურება განიცადა ფეოდალურ საზოგადოებებში, განსაკუთრებით, აბსოლუტური მონარქიის პირობებში, სადაც ყველა ტიპის ძალაუფლება მონარქის ხელში იყო თავმოყრილი. სამეფოში მცხოვრები ადამიანები იყვნენ არა მოქალაქეები, არამედ მეფის ქვეშევრდომები, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროში მონარქის ნებას უნდა დამორჩილებოდნენ.

თანამედროვე გაგებით მოქალაქეობის ცნების ჩამოყალიბება ინგლისის (XVII საუკუნე) და საფრანგეთის (1789 წ.) რევოლუციებთან არის დაკავშირებული, როდესაც უკმაყოფილო ქვეშევრდომებმა დაამხეს აბსოლუტური მონარქია.

თანამედროვე გაგებით, მოქალაქე არის ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირი, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, რასისა, სქესის ან რელიგიური კუთვნილებისა. მოქალაქეობა არ არის დაკავშირებული არც ეთნიკურ წარმომავლობასთან, არც რელიგიურ აღმსარებლობასთან, მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი ადამიანის თავისუფალი არჩევანის შედეგია და არა მემკვიდრეობით მიღებული იდეოლოგია.

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობა

1. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა.

2. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. 

3. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.

4. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.

5. საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.  
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.

ევროკავშირის ქვეყნები კიდევ უფრო შორს წავიდნენ - ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ამ ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქეა, შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში.  ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ სხვა გარანტიებითაც, კერძოდ მათ შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე:

  • გადაადგილდნენ, იცხოვრონ და იმუშაონ თავისუფლად;
  • ისარგებლონ ევროკავშირის ჯანდაცვის სადაზღვევო ბარათით;
  • მიიღონ განათლება;
  • იცხოვრონ ოჯახის წევრებთან ერთად, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;

 

მოქალაქის როლი საზოგადოებაში

მრავალფეროვანია თანამედროვე საზოგადოებაში მოქალაქის შესაძლებლობები. როგორც წესი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მოქალაქის სრულწლოვანება, თუმცა მოხალისეობრივ პროექტებში დასაშვებია არასრულწლოვნების მონაწილეობაც.

მოქალაქის ჩართულობა მართალია ძირითადად ნებაყოფლობითია, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც: მაგალითად, ნაფიც მსაჯულად შერჩევის შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია, შეასრულოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციები - უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქეს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს.

მოქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი როლი სოციალურ ცხოვრებაში არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში მონაწილეობაა, თუმცა ამ საკითხზე სხვა გაკვეთილში მოგითხრობთ.

მოქალაქეს შეუძლია, გაწევრიანდეს რომელიმე საზოგადოებრივ გაერთიანებაში (ასოციაცია, პროფესიული კავშირი, პოლიტიკური პარტია...). ამ გზით მას საშუალება ეძლევა, ყოველდღიურად მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩამოაყალიბოს იდეები, როგორ წარმოუდგენია საკუთარი ქვეყნის განვითარება ან უფრო კონკრეტულად, რა სიახლეების დანერგვას ისურვებდა ამა თუ იმ სფეროში (განათლება, ეკონომიკა და სხვა), აკონტროლოს სახელმწიფო ორგანოების მუშაობა და ა.შ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქის სოციალური როლი თემის განვითარებაში. მას შეუძლია, ინდივიდუალურად ან ორგანიზაციის ფარგლებში, საზოგადოებისთვის საჭირო აქტივობებით დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს ან მოხუცებს; ჩაატაროს ან მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო ღონისძიებებში; იზრუნოს ცხოველების და ზოგადად, გარემოს დაცვასა და კეთილდღეობაზე.

ზოგიერთ ქვეყანაში მოქალაქეები თავად უზრუნველყოფენ საყოველთაოდ საჭირო სერვისებს, როგორებიცაა დასუფთავება ან სახანძრო სამსახური. ამისთვის ისინი ქმნიან მოხალისეების ჯგუფებს და რიგრიგობით ახორციელებენ საზოგადოებისთვის საჭირო საქმიანობებს. ეს აქტივობები, ხშირად, არ არის ანაზღაურებადი ან მოქალაქეები მათ სანაცვლოდ მინიმალურ ანაზღაურებას იღებენ.

 

მოქალაქის უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა

მოქალაქის უფლებები, ფართო გაგებით, პრაქტიკულად იგივეა, რაც ადამიანის უფლებები. ამგვარად, მოქალაქეს დაბადებიდან აქვს სიცოცხლის, თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრების თუ საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება; იგი სარგებლობს გამოხატვის, გაერთიანების, რელიგიის თავისუფლებით; მას ხელი უნდა მიუწვდებოდეს განათლებაზე, სამართლიან სასამართლოზე, უსაფრთხო გარემოზე და სხვა. როგორც წესი, ამ უფლებების და თავისუფლებების ჩამონათვალი მოცემულია კონსტიტუციაში ან/დაკანონში.

მოქალაქეს ასევე აქვს საკუთარისახელმწიფოს, ქალაქის ან თემის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობის ან საზოგადოებრივ გაერთიანებებში გაწევრიანების გზით, საქველმოქმედო და ნებაყოფლობითი საქმიანობით და სხვა. თუმცა, ადამიანის უფლებებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ხშირად, მოქალაქის ასაკზეა დამოკიდებული.

უფლებებთან ერთად, მოქალაქეს აქვს ვალდებულებებიც, რომლებიც ასევე განსაზღვრულია კანონით. საქართველოს მოქალაქე, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი,ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, იხდიდეს  გადასახადებს, გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში მოქალაქეებს ეკისრებათ ვალდებულება იმსახურონ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ან იყვნენ ნაფიცი მსაჯულები.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია“. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით სამხედრო სამსახურის ვალდებულება, როგორც წესი,მხოლოდ სრულწლოვან მამაკაცებს აქვთ.

საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეს აქვს ვალდებულება, შერჩევის შემთხვევაში, შეასრულოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქცია, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს საკუთარი უფლებების და მოვალეობების შესრულებას - პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს სხვებ ინტერესებს, სიფრთხილით მოეპყრას საზოგადოებრივ სიკეთეებსა და ქონებას,იზრუნოს მათ გაუმჯობესებაზე (მაგალითად, დარგოს ხე ან დაასუფთაოს საერთო ტერიტორია, უარი თქვას გარემოსთვის მავნე ნივთიერებების ან საგნების გამოყენებაზე და ა.შ.).ეს როლი ბუნებრივია ნებაყოფლობითია, თუმცა საზოგადოებებში, რომელთა მოქალაქეებიც პირადი პასუხისმგებლობით არიან განმსჭვალულნი, ცხოვრებაგაცილებით სასიამოვნოა.

დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის როლი ასევე მოითხოვს კონსტიტუციის მიმართ პატრიოტიზმს. კერძოდ, მოქალაქეების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის ვალდებულებას დემოკრატიის მოწინააღმდეგეებისგან. მოქალაქეობის როლის ამგვარი გაგება მოქალაქეებს აკისრებს ვალდებულებას გაუფრთხილდნენ და იზრუნონ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვაში. ამის დამატებით მაგალითად ასევე შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნებში მონაწილეობა.

ტექსტში ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის 31 ოქტომბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიდეო რგოლში აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელებულა.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ