თავი 1, გაკვეთილი 5

მედია და ინფორმაციული წიგნიერება

21-ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა განვითარებამ, განსაკუთრებით, სოციალური მედიის პოპულარიზაციამ და ინტერნეტში მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის (user generated content) მზარდმა როლმა ინფორმაციის აღქმა და მისი მიმოცვლის ტემპი შეცვალა. ინფორმაციის შექმნ და საზოგადოებამდე მიწოდებ აღარ არის მხოლოდ ფორმალურ/ტრადიციულ მედიფუნქცია. დღეს სოციალური მედიის თითოეული მომხმარებელი ქმნის და ავრცელებს ინფორმაციას. ეს ნიშნავს მეტ ინფორმირებულობასა და მეტ დემოკრატიას, თუმცა სხვადასხვა ძალა ამით ბოროტად სარგებლობს - მედიასა და სოციალურ მედიას ინსტრუმენტად იყენებ და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და ფორმირების მიზნით დეზინფორმაციასა და მცდარ ინფორმაციას ავრცელებს.

საზოგადოების რიგით წევრებს, ხშირად გვგონია, რომ ყალბი ინფორმაცია, დეზინფორმაცია და ამბების მანიპულაციურად გავრცელება მედიის და პოლიტიკოსების საქმეა და არც დრო გვაქვს თითოეული ინფორმაციის გადასამოწმებლად. თუმცა ეს ასე არ არის. არასწორი ინფორმაცია ნებისმიერ სფეროში შეიძლება შეგვხვდეს, იქნება ეს პოლიტიკა, ხელოვნება, სპორტი, გართობა თუ სხვა. გარდა ამისა, ყალბმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საგანგაშო ფორმები მიიღოს და ადამიანის სიცოცხლესაც საფრთხე შეუქმნას. ამის მაგალითია დეზინფორმაცია ვაქცინების შესახებ, რის შედეგადაც ადამიანები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ და საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აგდებენ. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ ინდოეთში მასობრივად გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რასაც ადამიანის დაღუპვა, ხოლო საზოგადოებაში პანიკა მოჰყვა. ერთ-ერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ინდოეთში ბავშვების გატაცების თემატიკაზე სოციალური ვიდეო მოამზადა. ვიდეოში დადგმული სცენა იყო, თუ როგორ „იტაცებს“ მამაკაცი ბავშვს, ხოლო შემდეგ უკან აბრუნებს და შლის ბანერს წარწერით „ქუჩებიდან ბავშვების გატაცებას მხოლოდ ერთი წამი სჭირდება”. ეს ვიდეო WhatsApp-ში რედაქტირებული სახით გავრცელდა - ვიდეოს იწ ნაწილი, რომელშიც მამაკაცი ბავშვს უკან აბრუნებს, მოჭრილი იყო, ამიტომ, მომხმარებლებმა იფიქრეს, რომ მამაკაცმა ბავშვი ნამდვილად გაიტაცა. ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში 26 წლის მამაკაცი ვიდეოში გადაღებულ მამაკაცს მიამსგავსეს, ბავშვის გატაცებაში დაადანაშაულეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებზე დისკუსიისას, ხშირად ჩნდება ინფორმაციის შეზღუდვისა თუ აკრძალვის ცდუნება. უნდა გავიაზროთ, რომ ინფორმაციის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისთვის, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად, თუ ერთდროულად ასეთი შეზღუდვა კანონით არის გათვალისწინებული, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ნაკლებად მყარ დემოკრატიულ ქვეყნებში, ხელისუფლებებს უჩნდებათ ცდუნება, რომ დეზინფორმაციასთან და ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მოტივით შეზღუდოს მთავრობის მიმართ კრიტიკული ხმა, აქედან გამომდინარე, ინფორმაციის შეზღუდვის მცდელობებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და მან მკაცრი ტესტი უნდა გაიაროს.

დღეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ფართო საზოგადოებაში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების (MIL) უნარების გაზრდაა.

წიგნიერება“ სიტყვასიტყვით წერა-კითხვის ცოდნას ნიშნავს. მედია და ინფორმაციული წიგნიერება კი არის უნარი გვესმოდეს, თუ როგორ მუშაობს მედია და შევძლოთ ყველა ფორმის მედიის მოხმარება უსაფრთხოდ, გონივრულად და პასუხისმგებლობით. მედია და ინფორმაციული წიგნიერება არის ქოლგა კონცეფცია, რომელიც ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას: ა) ჰქონდეს მედიაზე წვდომა; ბ) კრიტიკულად გააანალიზოს მედიის შინაარსი; გ) შექმნას მედიაპროდუქტი; და დ) იმოქმედოს მედიასთან ერთად. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) მედია და ინფორმაციული წიგნიერების კონცეფციას თანასწორობისა და ადამიანის უფლებების კონტექსტში განიხილავს, რომელიც ინდივიდს საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებაში, შეცნობასა და ინფორმაციულ ქაოსში ნავიგაციაში ეხმარება.

ინფორმაციული ქაოსი

თანამედროვე ინფორმაციული გარემო საკმაოდ კომპლექსურია. ამ რეალობაში სიტყვებს, ტერმინებსა და განმარტებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ინფორმაციული მანიპულაციების, დეზინფორმაციის, პოლიტიკურად მიკერძოებული შინაარსის ან თუნდაც ჩვენი რწმენების, ღირებულებების თუ პოლიტიკური გემოვნებისთვის მიუღებელ ინფორმაციას ხშირად ე.წ. „ფეიკ ნიუსად“ (fake news), ანუ ყალბ ინფორმაციად ვაფასებთ, რაც ართულებს ამ ინფორმაციულ ქაოსში ორიენტირებას, გარკვეულწილად აკნინებს გამოწვევას და ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს საქმეს უმარტივებს. ხშირად, პოლიტიკოსები მათ მიმართ კრიტიკულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსად“ ნათლავენ, და ამით ამ ინფორმაციაზე შინაარსობრივ საუბარს თავს არიდებენ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ, რა ტიპის ინფორმაციულ მანიპულაციებთან გვაქვს საქმე და შევაფასოთ თითოეული მათგანის ზიანის ხარისხი.

გამოყოფენ ინფორმაციული ქაოსის 7 ტიპს:

  1. სატირა და პაროდია
  2. მცდარი კავშირები
  3. შეცდომაში შემყვანი შინაარსი
  4. მცდარი კონტექსტი
  5. თვითმარქვია შინაარსი
  6. მანიპულირებული შინაარსი
  7. ფალსიფიცირებული/ყალბი შინაარსი

სატირა ან პაროდია

სატირა და პაროდია სიტუაციის აღწერის და ამ სიტუაციის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის ერთ-ერთი უძველესი მეთოდია და ხელოვნების სხვადასხვა ფორმებში, მათ შორის ფილმებში, მხატვრობაში, ლიტერატურაში და სხვა სფეროებში გამოიყენება. სატირა მედიაშიც არსებობს და მისი მიზანია, გამოიგონოს ამბები ისე, რომ პოლიტიკური თუ სოციალური გარემო გააშარჟოს. თავისი არსით, სატირული მედიაც ყალბი ინფორმაციაა, რადგანაც ის ამბებს იგონებს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ტესტი გამჭვირვალობაა. სატირული მედიაგამოცემები საკუთარ საიტებზე ყოველთვის აფრთხილებენ მომხმარებლებს, რომ მათი შინაარსი სატირულია, გამოგონილია და არ უნდა მიიღონ, როგორც რეალური ინფორმაცია. საქართველოში ასეთი გამოცემაა Chiti.ge. სწორედ ეს გამჭვირვალობა განასხვავებს სატირულ მედიას ყალბი ინფორმაციის სხვა გამავრცელებლებისგან, რომელთა მიზანიც ჩვენი შეცდომაში შეყვანა, მოტყუება და ჩვენი აზრით მანიპულირებაა.

თუმცა დღეს სატირული მედიის ამ მრავალწლიან ტრადიციას ბოროტად იყენებენ. ხშირად სატირად და პაროდიად იფუთება ისეთი შინაარსი, რომელიც განზრახ აღვივებს სიძულვილს, განსაკუთრებით რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების მიმართ, ახდენს საზოგადოების პოლარიზაციას და დაყოფას. ის ძალები, რომლებიც საზოგადოებაში მრავალფეროვნებას ებრძვიან, სატირულ მედიას ამოეფარნენ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ სატირულ შინაარსს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ.

სატირულ შინაარსთან დაკავშირებული კიდევ ერთი გამოწვევა ის არის, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებისას, შარჟი, პაროდია, ირონია თუ იუმორი, როგორც წესი, ვირუსულად ვრცელდება. ასეთ დროს, ინფორმაციის მიმღები კარგავს კავშირს პირველწყაროსთან და უჭირს გააზრება, რომ ინფორმაცია, რომელსაც ეცნობა, სინამდვილეში სატირაა. ხშირად, დეზინფორმაციის გამავრცელებლები განზრახ მალავენ სატირულ პირველწყაროს, არ უთითებენ, რომ ინფორმაცია გამოგონილია, ავრცელებენ, როგორც რეალურ, უტყუარ ფაქტს და საკუთარი მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ.

მაგალითად, 2018 წელს ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნიდერლანდებში მიღებული ახალი კანონის მიხედვით, იმ მშობლებს, რომლებიც ლგბტ უფლებებს ეწინააღმდეგებიან, აჯარიმებენ და მშობლის უფლებას ართმევენ. ეს ინფორმაცია „მითების დეტექტორმა“ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ამბავი რუსულმა სატირულმა გამოცემამ გაავრცელა და მთლიანად გამოგონილი იყო.

 

ცრუ კავშირები

ცრუ კავშირების დროს ინფორმაციის სათაური, თანდართული ფოტო ან შემოკლებული აღწერა არ შეესაბამება ინფორმაციის ძირითად შინაარსს. უფრო მარტივად, სათაური/ფოტო შეიძლება სხვა იყოს და სტატიის შინაარსი - აბსოლუტურად სხვა.

რატომ მიმართავენ არაკეთილსინდიერი ძალები ამ მეთოდს? სოციალურ ქსელში  საინფორმაციო საიტებიდან ინფორმაცია ჩვენამდე შემდეგი ვიზუალით მოდის - ჩვენ ვხედავთ მხოლოდ სათაურს, საიტის სახელს, ფოტოს და, რიგ შემთხვევებში, ინფორმაციის მოკლე შინაარსს პოსტის სახით. ხშირად, მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვაზიარებთ სტატიებს ისე, რომ სრულად ტექსტს არ ვკითხულობთ. სწორედ ამით სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი ჯგუფები.

ხშირად, ამ მეთოდს ე.წ. clickbait საიტები მიმართავენ. ეს ტერმინი ორი ინგლისური სიტყვისგან შედგება - click ანუ „დაკლიკვა“, ბმულზე გადასვლა და bait ანუ სატყუარა. ასეთი ტიპის საიტების მიზანი ის არის, რომ მათ ბმულებს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა „დააკლიკოს“, „კლიკების“ რაოდენობა კი მათთვის ფინანსურ შემოსავალს უდრის. სწორედ ამ მიზნით, „კლიკბაიტ“ ანუ სატყუარა საიტები ისეთ ფოტოებს და სათაურებს იყენებენ, რომლებიც ამ ბმულებზე გადასვლისკენ გვიბიძგებს. „კლიკბაიტ“ სათაურებში ხშირად ვხვდებით მწვავე, ემოციურ სიტყვებს ან სათაურის ისეთ ფორმებს, რომლებიც შუაში წყდება, არ გვაწვდის ინფორმაციას სრულად, მაგალითად „ეს ყველამ უნდა ნახოს! გადადი ბმულზე და გაიგე...“. ასევე, „კლიკბაიტ“ საიტებისთვის დამახასიათებელია არაესთეტიკური დიზაინი და ციმციმა რეკლამები.

 

შეცდომაში შემყვანი შინაარსი

შეცდომაში შემყვანი შინაარსის ბევრი ტექნიკა არსებობს, მათ შორისაა კონტექსტის დამახინჯება, ფაქტების შერჩევით გავრცელება, სტატისტიკით და ციფრებით მანიპულირება, ინტერვიუს გაყალბება, ისე, რომ ეხმიანებოდეს გამავრცელებლის დღის წესრიგს, ქმნიდეს წინასწარგანწყობას კონკრეტული ინდივიდის თუ ჯგუფის მიმართ და არ ახდენდეს მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირებას.

შეცდომაში შემყვანი შინაარსის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ დისკრედიტაციის კამპანია სახალხო დამცველის წინააღმდეგ. სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელებულა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას გაყალბებული, დამახინჯებული  ციტატები ან სახალხო დამცველის ანგარიშებიდან უკონტექსტოდ ამოგლეჯილი ნაწილები. მაგალითად, 2021 წლის მარტში ფეისბუქზე ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის ანგარიში ლგბტ უფლებათა სამოქალაქო ქორწინების/პარტნიორობის აღიარებისკენ მოუწოდებდა. ამას ერთვოდა ნინო ლომჯარიას სახელით გავრცელებული გაყალბებული განცხადებაც, რომ ტრანსგენდერებს უნდა ჰქონდეთ ბავშვის აყვანის უფლება. რეალურად კი ანგარიშში ლგბტ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე იყო ყურადღება გამახვილებული და ქორწინებასა და ბავშვის აყვანის უფლებაზე საუბარი არ ყოფილა.

შეცდომაში შემყვანი შინაარსის აღმოჩენა და ანალიზი სხვა ტიპის ინფორმაციულ მანიპულაციებთან შედარებით, უფრო რთულია, რადგან ის ხშირად ფაქტებს ეფუძნება და რეალურად აქ მთავარი გამოწვევა კონტექსტია.

ცრუ კონტექსტი

ინფორმაციული ქაოსის ეს კატეგორია აღწერს ისეთ შინაარსს, რომელიც ცალკე აღებული ნამდვილია, თუმცა გადმოცემულია ისეთი ფორმით, რომ ინფორმაციის მიმღებს ის აბსოლუტურად სხვა კონტექსტით გავრცელებული ჰგონია. ამ მეთოდს ხშირად იყენებენ სიძულვილის ჯგუფები მიგრანტების, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ.

მაგალითად, 2018 წელს ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საბერძნეთში ლგბტ აქტივისტებმა ეკლესიაში ხატები დააზიანეს. ამ ინფორმაციას დაზიანებული ხატების ფოტოებიც ერთვოდა.

მითების დეტექტორი
წყარო: მითების დეტექტორი

ამ მაგალითში ფოტო ნამდვილია, დამუშავებული არ არის - ხატები მართლაც დააზიანეს, ოღონდ, არა ლგბტ თემმა, არამედ ადგილობრივმა ანარქისტულმა ჯგუფებმა, და თანაც არა 2018 წელს, არამედ ბევრად ადრე, 2010 წელს. ასე იქმნება მცდარი კონტექსტი კონკრეტული ჯგუფების, ამ შემთხვევაში კი, ლგბტ თემის წინააღმდეგ. ხშირად ეს მეთოდი საკმაოდ საშიშ ფორმებსაც იღებს, რადგანაც მოსახლეობაში არსებული შიშებითა და ემოციებით მანიპულირებით, განზრახ ასეთი ინფორმაციის მცდარი კონტექსტით გავრცელებამ, შესაძლოა, ფიზიკური ძალადობა წაახალისოს.

თვითმარქვია შინაარსი

მცდარი ან შეცდომაში შემყვანი შინაარსის გამავრცელებელები ხშირად იყენებენ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბრენდებს, ლოგოებსა და სლოგანებს, ანუ ისეთი მედია გამოცემების სახელებს, რომლებიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია და სანდოობით გამოირჩევა. ამ მეთოდის მიზანია, მცდარი ინფორმაცია მომხმარებლისთვის მარტივად ამოსაცნობი არ იყოს და შეექმნას განცდა, რომ ინფორმაციას სანდო წყაროდან ეცნობა.

ამ მიზნით, ხშირად ვხვდებით თვითმარქვია საიტებს, რომლებიც აყალბებენ ცნობილი მედია გამოცემების ბრენდებს, როგორიცაა BBC, CNN, Guardian, ABC News და სხვ. ასეთ დროს ხდება ცნობილი მედიების ლოგოების გამოყენება ან ვებსაიტების მისამართების მაქსიმალურად მიახლოება ცნობილი მედიების საიტებთან. მაგალითად, თუ რეალური BBC-ის საიტის მისამართი BBC.com არის, თვითმარქვია საიტის მისამართი შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს - bbc.com.co, bbc.com.ge და სხვ.

მანიპულირებული შინაარსი

მანიპულირებულია ისეთი ინფორმაცია, როდესაც რეალური ინფორმაციის შინაარსი ტექნიკურად არის დამუშავებული. ეს მეთოდი ხშირად ვიზუალს (ფოტო/ვიდეო) მიემართება. ვიზუალს მომხმარებელზე განსაკუთრებული გავლენა აქვს, ფოტოებსა და, განსაკუთრებით, ვიდეოებს, უტყუარ ფაქტად მივიჩნევთ, თუმცა ჩვენზე ზემოქმედების მიზნით, ვიზუალს ხშირად აყალბებენ. ამ მეთოდის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ Deep Fake-ებიც, ანუ ტექნიკურად გაყალბებული ვიდეოებიც ან პროგრამულად შექმნილი ფოტოებიც.

ფალსიფიცირებული/გაყალბებული შინაარსი

გაყალბებულია ინფორმაცია, რომლის 100%-იც ყალბია, ანუ საქმე გვაქვს არა მანიპულაციასთან, მცდარ კონტექსტთან ან ვიზუალის ნაწილობრივ დამუშავებასთან, არამედ სრულად გამოგონილ ინფორმაციასთან.

 

7 წყარო

ინფორმაციული ქაოსის 7 ტიპი - წყარო: firstdraftnews.org

 

ინფორმაციის გადამოწმების პრაქტიკული ხერხები

მედია და ინფორმაციული წიგნიერების უნარების განვითარებასთან ერთად, „ფაქტჩეკინგი“ ანუ ფაქტების გადამოწმება დეზინფორმაციასა და ინფორმაციულ მანიპულაციებთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია. ფაქტების გადამოწმება, ერთი მხრივ, კრიტიკული აზროვნების განვითარებაშიც გვეხმარება, რაც, საბოლოოდ, ჩვენი ცხოვრების წესი ხდება. ფაქტების გადამოწმება არა მხოლოდ მედიასა და სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიმართ გვჭირდება, არამედ - ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ჩვენს პროფესიებშიც. ეს აქტივობა გვეხმარება, რომ ჩვენამდე მოსული ინფორმაცია უკრიტიკოდ არ დავიჯეროთ და მივიღოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად ვიხილავთ უტყუარ ფაქტებს. მეორე მხრივ, ფაქტების გადამოწმების პროცესი დეზინფორმაციის მკვლევრებს დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფების მეთოდებისა და ტაქტიკების შესწავლაშიც ეხმარება. 

ტექსტურ ინფორმაციას, განსაკუთრებით ნიუს მედიაში, როგორც წესი, ახლავს ვიზუალური მასალა - ფოტო ან ვიდეო. შესაბამისად, ინფორმაციის ანალიზის დროს, ვიზუალიც ამ ინფორმაციის ელემენტად უნდა განვიხილოთ. დეზინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები ხშირად მიმართავენ ვიზუალურ მანიპულაციებს, რადგანაც ვიზუალს, ტექსტისგან განსხვავებით, ინფორმაციის მიმღებზე მეტი ემოციური ეფექტის მოხდენა შეუძლია. „მედიის განვითარების ფონდი“ ვიზუალური მანიპულაციის სამ ფორმას გამოყოფს:

ა. ფოტო/ვიდეო, რომელიც ტექნიკურად გაყალბებული ან დამუშავებულია - ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ფოტოშოპში დამუშავებული ფოტოები ან Deep Fake ტექნოლოგიით შექმნილი ვიდეოები.

ბ. ფილმის, რეკლამის, გრაფიკული თამაშის ფრაგმენტი - ასეთ კადრებს ხშირად იყენებენ რეალური მოვლენის საილუსტრაციოდ აუდიტორიაში მეტი სიმძაფრის და ემოციებზე გავლენის მოსახდენად.

. რეალური ფოტო/ვიდეო, რომელიც მანიპულაციური აღწერით ვრცელდება - ეს ვიზუალური მანიპულაციების ყველაზე გავრცელებული ხერხია. ასეთ დროს გაყალბებულია ის შინაარსი, რაც ფოტოს/ვიდეოს ახლავს. გაყალბებული შეიძლება იყოს როგორც მოვლენის აღწერა მთლიანად, ისე ვიზუალის გადაღების ადგილი, დრო, მოქმედი პირების ვინაობა და სხვ. 

იმისათვის, რათა დავადგინოთ, გვაქვს თუ არა საქმე ვიზუალით მანიპულირებასთან, ფოტო/ვიდეო საძიებო სისტემების მეშვეობით უნდა გადავამოწმოთ და მისი გავრცელების პირველწყარო ვიპოვოთ. ამგვარად გავიგებთ, თუ როდის და სად გავრცელდა ვიზუალი პირველად და რა რეალური შინაარსი ჰქონდა მას. ამისათვის ფაქტჩეკერები რამდენიმე საძიებო სისტემას მიმართავენ, მათ შორის არის Google Images, Tineye და Yandex Images. ამ სისტემებში ფოტოს მოსაძიებლად ორი ხერხი არსებობს. 1. გადმოვტვირთოთ ჩვენთვის საინტერესო ფოტო დესკტოპზე, შემდეგ გავხსნათ რომელიმე საძიებო სისტემა, მაგალითად, images.google.com, ავტვირთოთ ფოტო შესაბამის ველში და გავაანალიზოთ ძიების შედეგები. 2. Google Chrome-ის გამოყენების შემთხვევაში, მივიტანოთ მაუსი ჩვენთვის საინტერესო ფოტოსთან, მაუსის მარჯვენა ღილაკით ავირჩიოთ search Google for image (მოვიძიოთ ფოტო გუგლში) და გავაანალიზოთ ძიების შედეგები. 

ვიდეოების შემთხვევაში საქმე ოდნავ რთულადაა. ფოტოებისგან განსხვავებით, არ არსებობს საძიებო სისტემა, რომელიც ვიდეოს ატვირთავს და გავრცელების არეალს გააანალიზებს. ვიდეოს გადამოწმებისას ვიდეოს უნდა შევხედოთ ისე, როგორც ბევრი კადრის ანუ ფოტოს ერთობლიობას. შესაბამისად, პირველ რიგში, ვიდეოს კადრებად დაჭრა, შემდეგ კი ამ კადრების ფოტოების საძიებო სისტემებში გადამოწმება გვჭირდება. ვიდეოების კადრებად დასაჭრელად ყველაზე სასარგებლო რესურსია InVid Verification Plugin - ეს არის ბრაუზერის გაფართოება, რომელიც არ საჭიროებს ტექნიკურ ცოდნასა და პროგრამების დაინსტალირებას ჩვენს კომპიუტერებში. 

ამ რესურსების გამოყენების დეტალური ინსტრუქცია, მათ შორის, ვიზუალური დამხმარე მასალა, შეგიძლიათ იხილოთ „მედიის განვითარების ფონდის“ მედია და ინფორმაციული წიგნიერების რესურსების ლაბორატორიის ვებგვერდზე
 

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ