თავი 1, გაკვეთილი 16

ადამიანის უფლებათა დაცვის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები

დემოკრატიულ სახელმწიფოში, იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს, არსებობს საშუალებები, რომელთაც უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მათ აღსადგენად მივმართავთ. ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის სახელმწიფოს ეკისრება. სახელმწიფოები ერთი მხრივ ვალდებული არიან თავი შეიკავონ ისეთი აქტიური მოქმედებისაგან, რომელიც ადამიანის უფლებებს დაარღვევს და ამას სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება ეწოდება. მეორე მხრივ, სახელმწიფოები ვალდებული არიან მიიღონ სათანადო ზომები და აქტიურად იმოქმედონ, რათა უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა რეალიზაცია ან თავიდან აიცილონ სხვა კერძო სუბიექტთა მიერ ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი შეჭრა, რასაც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ეწოდება.

როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენი უფლებები შეიძლება თავად სახელმწიფოს ქმედებებმა დაარღვიოს. მაგალითად, ჩემი პირადი ცხოვრების უფლება დაირღვევა, თუ სხვა პირი ან სახელმწიფო ჩემს უკითხავად გამოიყენებს ჩემს პერსონალურ მონაცემებს ან თუ სახელმწიფო შემიზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ა.შ.

უფლებების დარღვევა შესაძლოა სახელმწიფოს უმოქმედობამაც გამოიწვიოს - მაგალითად, განათლების უფლებით სარგებლობისთვის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლის ან სასწავლებლის მისაწვდომ ადგილას არსებობა, საკუთრების უფლების დასაცავად ჩაატაროს ეფექტური გამოძიება ქურდობის დანაშაულის გასახსნელად და ა.შ.

იმის მიხედვით, რომელი უფლება დაგვერღვა ან ვის მიერ, შეგვიძლია შევარჩიოთ მექანიზმი, რომელსაც მივმართავთ მათ აღსადგენად.ადამიანის უფლებათა დასაცავად სახელმწიფოში სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ინსტიტუციები მოქმედებს:

საერთო სასამართლოები

ადამიანის უფლებების დაცვისყველაზე ეფექტურ საშუალებად სასამართლო მიიჩნევა, ვინაიდან მას ნებისმიერი უფლების დარღვევის შემთხვევაში და ნებისმიერი პირის/ორგანოს წინააღმდეგ შეგვიძლია მივმართოთ, ამასთან, მის გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა აქვს.

საქართველოში საერთო სასამართლოები შემდეგ სასამართლოებს აერთიანებს, კერძოდ:

საქალაქო (რაიონული) სასამართლოები- პირველი ინსტანციით განიხილავენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს. ნებისმიერი სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოში, განსჯადობის მიხედვით.

თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები - მეორე ინსტანციით იხილავენ საქალაქო (რაიონული) სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საჩივრებს, რომელსაც წარდგენს დავის მონაწილე ის მხარე, რომელიც არ ეთანხმება გადაწყვეტილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლო - საკასაციო საჩივრის საფუძველზე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადწყვეტილების კანონიერების საკითხებს.

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი ფუნქცია კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებაა. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 9 მოსამართლისგან, რომელთგან 3-ს ირჩევს პარლამენტი, 3-ს ნიშნავს პრეზიდენტი, ხოლოს 3-ს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. მათი უფლებამოსილების ვადა 10 წელია.

კონსტიტუციური კონტროლი მოიცავს სასამართლოს კომპეტენციას, განიხილოს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი და თუ მივა დასკვნამდე, რომ კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ის ძალადაკარგულად გამოაცხადოს. თუ ნორმატიული აქტი კონსტიტუციიით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს არღვევს, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ.

საქართველოს სახალხო დამცველი

თუ თქვენი უფლებები სახელმწიფომ დაარღვია, შეგიძლიათ, მიმართოთ სახალხო დამცველს, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას”. საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური ინსტიტუტია. სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს;  საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია..

სახალხო დამცველს შეუძლია,უფლებების დამრღვევ ორგანოს მიმართოს რეკომენდაციით, განუმარტოს, რამ გამოიწვია მოქალაქის უფლებების დარღვევა და რა გზები არსებობს მათ აღსადგენად. როგორც თავად ტერმინი - რეკომენდაცია - მიუთითებს, სახალხო დამცველის მიმართვა არ არის სავალდებულო - მიმართვის ადრესატს შეუძლია დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მას. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველისადმი მიმართვა ხელსაყრელია სხვა მოსაზრებებით:

  • მას შეიძლება მივმართოთ ნებისმიერი უფლების დარღვევის შემთხვევაში;
  • მისთვის მიმართვა უფასოა;
  • იგი შეისწავლის ჩვენს განცხადებას და გაგვარკვევს, ნამდვილად დაირღვა თუ არა ჩვენი უფლებები. შესაბამისად, გვეცოდინება, საჭიროების შემთხვევაში ღირს თუ არა სასამართლოსადმი მიმართვა, რაც გარკვეულ დროსთან და ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული.
  • სახალხო დამცველს ასევე შეუძლია მიგვითითოს, როგორ ვიმოქმედოთ ან ვის მივმართოთ უფლებების აღსადგენად;
  • სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაშიც, სახალხო დამცველს შეუძლია, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) ფუნქცია - წარუდგინოს სასამართლოს საკუთარი მოსაზრებები საკითხის სწორად გადაწყვეტის თაობაზე. ეს მოსაზრებებიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა სახალხო დამცველის ავტორიტეტი დამაჯერებლობას მატებს კერძო პირის მოსაზრებებს.

პერსონალურ მონაცემთა დააცვის ინსპექტორი

ზემოთ უკვე ვახსენეთ პერსონალური მონაცემები, რომელთა დასაცავადაც არსებობს სპეციალური ორგანო - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც აკონტროლებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას. მაგალითად, თუ რომელიმე კომპანიამ ან სახელმწიფო ორგანომ თქვენს დაუკითხავად დაამუშავა (მათ შორის გაავრცელა)თქვენი პერსონალურიმონაცემები, შეგიძლიათ მიმართოთ ინსპექტორს. ინსპექტორი შეისწავლის საქმეს და თუ თქვენი უფლების დარღვევის ფაქტი დადგინდა შეუძლია მოითხოვოს დარღვევის გამოსწორება, დააჯარიმოს სამართალდამრღვევი და ა.შ.პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

ადმინისტრაციული ორგანოები

თუ თქვენი უფლებები ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია, ამ ფაქტის სასამართლოში გასაჩივრებამდე უნდაგამოიყენოთ ადმინისტრაციული გასაჩივრების წესი, რაც იმავე ორგანოს ხელმძღვანელთანან მის ზემდგომთან ადინისტრაციული საჩივრის წარდგენას გულისხმობს.მაგალითად, თუ თქვენს კუთვნილ მიწაზე რაიმე შენობის აშენება გსურთ, მშენებლობის ნებართვის მისაღებად მიმართეთშესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და თუკანონით დადგენილ ვადაში არაფერი გიპასუხეს ან უკანონოდ გითხრეს უარი მშენებლობის ნებართვაზე, დაირღვეული საკუთრების უფლების დასაცავად უნდამიმართოთ იმავე ორგანოს ხელმძღვანელს ან ზემდგომ ორგანოს, რომელმაც თქვენი უფლებები დაარღვია. თუ გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ დაგაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ სასამართლოში გაასაჩივროთ.

ტექსტში ცვლილება განხორციელდა 2019 წლის 30 ოქტომბერს.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ