თავი 1, გაკვეთილი 14

საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი აქტები ადამიანის უფლებათა შესახებ

ადამიანის უფლებები დღეს, როგორც საერთაშორისო, ისე კონკრეტული სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობის ნაწილია. შესაბამისად, ადამიანის უფლებებზე საუბრისას მნიშვნელოვანია მოკლედ მიმოვიხილოთ როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ძირითადი საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი დოკუმენტები.


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ადამიანის უფლებათა შესახებ პირველ სამართლებრივ დოკუმენტად, რომელიც ადამიანის უფლებების ჩამონათვალს შეიცავს, 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიჩნევა. თუმცა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აქტიურად წერდნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, სერგეი მესხი, იაკობ გოგებაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვები.

მნიშვნელოვან წერილებს განეკუთვნება მიხეილ ჯავახიშვილის “შვიდი თავისუფლება”, “გლეხის წერილები” და “დამოუკიდებელი სასამართლო”, ვაჟა-ფშაველას “რას ქვიან თავისუფლება”,“რა არის თავისუფლება” , “სადღეისო წერილი მეგობართან” , სერგეი მესხის "რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი?", ილია ჭავჭავაძის “კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია” და სხვა.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია პირველი თაობის კონსტიტუციებს მიეკუთვნება და ის იმ დროისათვის ერთერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია იყო. კონსტიტუციის მესამე თავი მთლიანად ადამიანის უფლებებს ეთმობა, მე-13 თავი სოციალ–ეკონომიკურ უფლებებს, ხოლო მე-14 თავი ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. 1921 წლის კონსტიტუციით აღიარებულია ისეთი უფლებები და კონსტიტუციური პრინციპები როგორიცაა:

  • მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობა;
  • გენდერული თანასწორობა;
  • პიროვნების ხელშეუხებლობა ანუ პირის დაკავების შეუძლებლობა სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე;
  • რწმენის და გამოხატვის თავისუფლება;
  • რელიგიის თავისუფლება;
  • შეკრების და მანიფესტაციის უფლება;

კონსტიტუციით გაუქმდა სიკვდილით დასჯა, რაც იმ დროისთვის დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც კი წარმოუდგენელი რამ იყო.

კონსტიტუციის მე-16 თავი განამტკიცებდა სეკულარიზმის პრინციპს და კრძალავდა ეკლესიის დაფინანსებას სახელმწიფო და თვითმმართველობათა ხარჯებიდან. კერძოდ კონსტიტუციის 143-ე მუხლის თანახმად “არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა”, ხოლო 144-ე მუხლის თანახმად “ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ  თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.”

1921 წლის კონსტიტუციამ მოქმედება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო ვერ მოახერხა, რადგან მისი მიღებიდან 4 დღის შემდეგ, 25 თებერვალს, წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. 1921 წლის კონსტიტუცია ნესტორ ხვინგიამ ბათუმში  საკუთარ სტამბაში დაბეჭდა, რაც მისი მხრიდან სამოქალაქო გმირობის ტოლფასი მოქმედება იყო.

საქართველოს ოკუპაციისა და იძულებით გასაბჭოების შემდეგ, 1990 წლამდე, საქართველოში სხვადასხვა დროს საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციები მოქმედებდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციების ანალოგი იყო და ადამიანის უფლებების მხრივ ფიქციას წარმოადგენდა.

ამჟამად საქართველოს უზენაესი კანონია 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია. კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით კონსტიტუციას საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ “ღვთისა და ქვეყნის წინაშე”, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა.

კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად,

"სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან".

საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში მეორე თავი ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ეთმობა.  კონსტიტუცია ადამიანის დაბადებით თავისუფლებასა და თანასწორობას აღიარებს. კერძოდ, კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად:

“ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.”

კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად:  სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი, ხოლო სიკვდილით დასჯა აკრძალულია.

კონსტიტუციით ასევე დაცულია ადამიანის პატივი და ღირსება, მისი თავისუფლება და პირადი ცხოვრება. აღიარებულია რწმენის, აზრის, სიტყვის და აღმსარებლობის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, საკუთრების უფლება და სხვა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელოვანი აქტებია კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”, კანონი “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”.

 

ტექსტში ცვლილება განხორციელდა 2019 წლის 30 ოქტომბერს.

 

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ