თავი 1, გაკვეთილი 13

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შინაარსი

ადამიანის უფლებების მახასიათებლები

ადამიანის ძირითადი უფლებები განსხვავდება კერძოსამართლებრივი უფლებებისგან. მაგალითად ქორწინებისას მეუღლეებს შორის წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები არის არა ძირითადი უფლებები, არამედ კერძოსამართლებრივი.

ადამიანის ძირითად უფლებებს საფუძვლად უდევს ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის ცნებები, რადგან უფლებები განაპირობებს თითოეული ადამიანის ღირსეულ არსებობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებები ზნეობრივი ნორმები არ არის, რომლებიც მხოლოდ პიროვნებათშორის ურთიერთობებს შეეხება, არამედ ისინი პოლიტიკური ნორმებია, რომლებიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა ეპყრობოდეს ხელისუფლებები და ინსტიტუტები ადამიანებს. ადამიანის უფლებები იცავს ადამიანებს ღირსებისა და ძირითადი ინტერესების შელახვისგან.

ადამიანის ძირითად უფლებებად ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებებს მიიჩნევდა, თუმცა ადამიანის უფლებები დღეს გაცილებით მრავალრიცხოვანია და რამდენიმე ათეულ უფლებას მოიცავს. მათი დიდი ნაწილი თანამედროვე პრობლემებს შეეხება და ახლახან არ შექმნილა.

ადამიანის ძირითადი უფლებები წარმოადგენს მინიმალურ სტანდარტებს და მათი მიზანი საშინელის თავიდან აცილება უფროა, ვიდრე საუკეთესოს მიღწევა. ისინი, როგორც მინიმალური სტანდარტები, სახელმწიფოებს უტოვებს მნიშვნელოვან სივრცეს მათ დასაცავად თავად განიცადონ კულტურული და ინსტიტუციური სახეცვლილებები და მიიღონ დემოკრატიულ გადაწყვეტილებები ადგილობრივ დონეზე.

როგორც ღირსების და თანასწორობის ცნებები, ადამიანის უფლებებიც, სხვა კატეგორიის უფლებებისგან განსხვავებით, მარადიული, საყოველთაო და განუყოფელია.

ადამიანის უფლებები მარადიულია - ისინი არ შექმნილა კონკრეტული ადამიანების ერთი რომელიმე ჯგუფის სასარგებლოდ, არამედ არსებობს ყველა ადამიანისთვის, პიროვნულობასა და ადამიანობას უკავშირდება. შესაბამისად, მას ვიძენთ იმ წუთიდან, როდესაც ვიბადებით და იმავე მიზეზით, მათი დაკარგვა შეუძლებელია.

ადამიანის უფლებები საყოველთაოა - ისინი ერთნაირად ეკუთვნის ყველა ადამიანს, მისი წარმომავლობის, საცხოვრებელი ადგილისა თუ ნებისმიერი სხვა მახასიათებლისგან განურჩევლად.ადამიანის უფლებები საერთაშორისო ნორმებია, რომლებიც მოიცავს ყველა სახელმწიფოს და დღეს მცხოვრებ ყველა ადამიანს.

ადამიანის უფლებები განუყოფელია - ისინი ერთობლიობაში განიხილება. არცერთი უფლება მეორეზე უპირატესი არ არის. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს იმასაც, რომ არცერთი უფლებით არ უნდა ვისარგებლოთ ისე, რომ უგულებელვყოთ ან შეუძლებელი გავხადოთ სხვა უფლებებით სარგებლობა.

ადამიანის უფლებებისა   და   თავისუფლებების  არსი

ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შორის არ არის თვისობრივი განსხვავება. ორივე მათგანი ადამიანს, ინდივიდს, ანიჭებს გარკვეული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას (მაგ. გამოხატვის თავისუფლება გვანიჭებს უფლებას, თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი მოსაზრებები ისე, რომ ამისთვის არ დავისაჯოთ) ან იცავს რაიმე გარე ზემოქმედებისგან (მაგ. წამების აკრძალვა - არავის აქვს უფლება, მოგვაყენოს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა).

უფლება სახელმწიფოს უპირველესად პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებს და მისგან აქტიურ მოქმედებასა და უფლების დასაცავად სათანადო ზომების მიღებას მოითხოვს. მაგალითად, „საკუთრების უფლება“ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას შექმნას ისეთი კანონმდებლობა და სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი საკუთრების უფლების დაცვას. ამ ტიპის კანონმდებლობაა ქურდობისთვის, ძარცვისთვის, ყაჩაღობისთვის ან თაღლითობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება, კერძო პირებს შორის კერძო ხასიათის ქონებრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად სამოქალაქო კანონმდებლობის შექმნა და ა.შ. ამავდროულად, როგორც უკვე ითქვა, გარდა კანონმდებლობისა აუცილებელია ეფექტურად მოქმედებდეს სახელმწიფო ინსტიტუტებიც. საკუთრების უფლების დასაცავად აუცილებელია პოლიცია ეფექტურად რეაგირებდეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გასახსნელად და დამნაშავეთა გამოსავლენად; თუ კერძო პირებს შორის ქონებრივი დავა წარმოიშვება, არსებობდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელსაც მიმართავენ მხარეები და ა.შ.

თუცა, გარდა პოზიტიური ვალდებულებისა, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულებაც - თავად, საკუთარი ქმედებით არ დაარღვიოს კერძო პირთა საკუთრების უფლება.

თავისუფლება უპირველესად თავად ადამიანებს ანიჭებს მოქმედების თავისუფლების შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფოს უზღუდავს ამ შესაძლებლობათა შეზღუდვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს პირველ რიგში ნეგატიური ვალდებულება აქვს - თავი შეიკავოს იმ სახის მოქმედებისაგან, რაც შეზღუდავს ადამიანის უფლებებს. თუმცა, თავისუფლების შემთხვევაშიც სახელმწიფო მხოლოდ ჩაურევლობით ვერ შემოიფარგლება და მისი ვალია, აღკვეთოს ხელისშეშლა თავისუფლებით სარგებლობისას. მაგალითად, ადამიანს თუ სხვა პირები არ აძლევენ რელიგიური რიტუალების აღსრულების საშუალებას, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი უფლებები და აღკვეთოს მის რელიგიის თავისუფლებაში სხვა პირთა უკანონო ჩარევა.

ადამიანის უფლებებს შორის გამოყოფენ აბსოლუტურ უფლებებს - ანუ უფლებებს რომლის შეზღუდვა სახელმწიფოს არცერთ ვითარებაში არ შეუძლია. აბსოლუტური უფლებები ადამიანის ღირსებასთან არის კავშირში.

აბსოლუტურ უფლებებს განეკუთვნება:

  • წამების აკრძალვა;
  • მონობის და იძულებითი შრომის აკრძალვა;
  • უფლება, არ დაექვემდებარო პასუხისმგებლობას ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენისას კანონით არ იყო დასჯადი;
  • რწმენის თავისუფლების შიდა სფერო (Forum Internum) (და არა მისი გამოვლენა).

უმეტესი უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობას კი აქვს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იძლევა შესაძლებლობას სხვადასხვა უფლებებში (გარდა აბსოლუტური უფლებებისა) მოხდეს ჩარევა ისეთი საფუძვლებით, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი, სახელმწიფო უშიშროება, სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და სხვა.

თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის პირობები წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული კანონით, ის აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და უნდა ემსახურებოდეს რომელიმე ლეგიტიმურ საჯარო მიზანს. თუ ამ პირობებს უფლების შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს, ის არაკონსტიტუციურია.

ადამიანის უფლებებზე საუბრისას, ასევე გამოყოფენ ბუნებით და კანონით მინიჭებულ უფლებებს. ადამიანის ძირითადი უფლებები ბუნებით უფლებებად მოიაზრება და შესაბამისად, ადამიანი მათ ფლობს არსებობის პირველივე წუთებიდან. ბუნებითი უფლებების გარდა არსებობს უფლებები, რომლებსაც ადამიანს, მოქალაქეს ქვეყნის კანონმდებლობა ანიჭებს. მათი არსებობა და მათით სარგებლობა დამოკიდებულია სახელმწიფო პოლიტიკაზე და კანონმდებლობაზე. მაგალითად კანონით მინიჭებულ უფლებებს შეგვიძლია მივაკუთნოთ პირის უფლება, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღოს პენსია.

საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა განსაზღვრავს, რა ასაკიდან შეუძლია ადამიანს ამა თუ იმ უფლებით სარგებლობა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით:

  • საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან იძენს აქტიურ საარჩევნო უფლებას - ანუ უფლებას მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, როგორც ამომრჩეველმა;
  • პასიური საარჩევნო უფლებით - ანუ უფლებით, იყოს ასარჩევი კანდიდატი - სარგებლობის ასაკი განსხვავდება თანამდებობების მიხედვით:
  1. საქართველოს პარლამენტის წევრობა - 25 წელი 
  2. საკრებულოს წევრობა - 21 წელი;
  3. მერი/გამგებელი - 25 წელი;
  4. საქართველოს პრეზიდენტი - 40 წელი.

 

კერძო   სამართალი,  უფლებაუნარიანობა  და  ქმედუნარიანობა

კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში უფლებების და თავისუფლებების განხორციელება დამოკიდებულიაქმედუნარიანობასა და უფლებაუნარიანობაზე.

კერძო სამართალში, პირის უფლებას ქონდეს უფლებები და მოვალეობები უფლებაუნარიანობას უწოდებენ, ხოლო შესაძლებლობას, უშუალოდ, თავად განახორციელოს უფლებები და მოვალეობები - ქმედუნარიანობას.

იურიდიულ პირს უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა რეგისტრაციის მომენტიდან, ერთდროულად წარმოეშვება, ხოლო ფიზიკურ პირს, უფლებაუნარიანობაა დაბადების მომენტიდან, ხოლო ქმედუნარიანობა როგორც წესი, სრულწლოვანების - 18 წლის ასაკის მიღწევიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით:

  • მემკვიდრეობის უფლება ჩასახვისთანავე წარმოიშობა, თუმცა მისი განხორციელება დაბადებაზეა დამოკიდებული.
  • სხვა კერძოსამართლებრივი უფლებები ადამიანს დაბადებიდან გააჩნია, თუმცა მათი განხორციელება (გარიგების, ხელშეკრულების დადება, ქორწინება, საკუთრების შეძენა-გაყიდვა უშუალოდ მის მიერ) შესაძლებელია სრულწლოვანების, ანუ 18 წლის ასაკიდან.

ტექსტში ცვლილება განხორციელდა 2019 წლის 30 ოქტომბერს.

თუ გაქვთ კომენტარი, რჩევა ან კითხვა ამ გაკვეთილის შესახებ: მოგვწერეთ