ადამიანის უფლებების ისტორია
ადამიანის უფლებების ჩამონათვალმა, თანამედროვე სახედ ჩამოყალიბებამდე, დიდი გზა გაიარა.
ადამიანის უფლებათა პირველ დეკლარაციად სპარსეთის სამეფოს დამაარსებლის, კიროს II დიდის მიერ ჩვენს წ.აღ.-მდე 539 წელს გამოცემული, თიხის ცილინდრზე ამოტვიფრული დეკლარაცია მიიჩნევა, რომლითაც კიროს დიდმა ბოლო მოუღო მონობას და დიქტატურას. კიროს დიდის დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა პირველი დეკლარაციის სტატუსით, 1971 წელს გაეროს ყველა ოფიციალურ ენაზე თარგმნეს. რასაკვირველია, თავისი არსით, ეს დოკუმენტი შორს არის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის თანამედროვე გაგებისგან, ვინაიდან წარმოადგენს მონარქის კეთილი ნების გამოხატულებას საკუთარი აბსოლუტური უფლებების შეზღუდვისა და ქვეშევრდომებზე ზრუნვის თვალსაზრისით.
ადამიანის უფლებების ისტორიისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე დოკუმენტის სამშობლო ინგლისის სამეფოა. მათ მთავარ მიზანს აბსოლუტური მონარქიის შეზღუდვა და პარლამენტარიზმის გაძლიერება წარმოადგენდა:
ისტორიულად მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელმაც დასაბამი დაუდო ადამიანის უფლებათა თანამედროვე დეკლარაციებს, წარმოადგენს ინგლისის სამეფოს თავისუფლების დიდი ქარტია (Magna Carta Libertatum). 1215 წელს ინგლისის მეფეს ჯონ უმიწაწყლოს (1167-1216) ფეოდალებმა და სასულიერო პირებმა მასზე იძულებით მოაწერინეს ხელი და ქარტია ქვეშევრდომებისთვის აბსოლუტური მონარქიის წნეხისგან დაცვის ერთგვარი გარანტი გახდა.
მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი 1679 წელს მიიღო ინგლისის პარლამენტმა და მას ეწოდება ჰაბეას კორპუს აქტი. აღნიშნული ტექსტით სავალდებულო გახდა პირის დაკავების ან დაპატიმრების კანონიერების საკითხის განხილვა სასამართლოს მიერ.
ჰაბეას კორპუს აქტის მიღებიდან ათ წელიწადში, 1689 წელს, ინგლისის პარლამენტმა დაამტკიცა უფლებათა ბილი (Bill of Rights), რომელიც ძირითადად აბსოლუტური მონარქიის პირობებში პარლამენტის როლის გაძლიერებას ემსახურებოდა, თუმცა აღნიშნული ტექსტით ასევე აღიარეს პროტესტანტთა უფლებები, ხოლო სასჯელად წამების გამოყენება აიკრძალა.
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს მიიღო, ასევე აღიარებულია, როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ერთ-ერთი ფუძემდებლური დოკუმენტი.
“ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილნი არიან, როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ შემოქმედმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორებიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა; რომ ამ უფლებათა გასამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას იღებენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ; რომ თუ განმგებლობის რაიმე ფორმა ოდესმე ამ მიზნის შემლახავი გახდება, ხალხს ენიჭება უფლება შეცვალოს ან გააუქმოს იგი და შექმნას ახალი მთავრობა.”
ეს სიტყვები, რომლებსაც 1776 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესავალში ვკითხულობთ, ერთი მხრივ, კარგად აღწერს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების არსს, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიული სახელმწიფო მოწყობის ანბანს წარმოადგენს.
1791 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას დაემატა შესწორებათა მთელი სერია, რომელთაგან პირველი ათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ჩამონათვალს წარმოადგენს. შესწორებები ცნობილია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების უფლებათა ბილი (Bill of Rights) და საფრანგეთის რესპუბლიკის ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციასთან ერთად, საფუძვლად დაედო გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. უფლებათა ბილი იცავს ისეთ უფლებებს, როგორებიცაა აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო, ხელისუფლების განაწილების პრინციპი და ა.შ. როგორც საფრანგეთის შემთხვევაში, უფლებათა ბილი დღემდე აშშ-ის კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და მოქალაქეები მათი გამოყენებით დღესაც ხშირად იცავენ თავიანთ უფლებებს.
საფრანგეთის რევოლუციის შედეგად დაემხო აბსოლუტური მონარქია და შეიქმნა საფრანგეთის რესპუბლიკა, მასვე უკავშირდება ადამიანის უფლებათა ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - საფრანგეთის რესპუბლიკის ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია. ის საფრანგეთის ეროვნულმა კონსტიტუციურმა ასამბლეამ 1789 წლის 26 აგვისტოს მიიღო. აღნიშნული ტექსტი დღემდე საფრანგეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია (შესულია დღევანდელი კონსტიტუციის შესავალში). დეკლარაციაში აღიარებულია ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა დაბადებიდანვე, კანონის უზენაესობა, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, აზრის და გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. საფრანგეთის უფლებათა დეკლარაცია იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ როგორც სათაურიდანვე ჩანს, იგი შეეხება არა მხოლოდ ადამიანის, როგორც ინდივიდის უფლებებს, არამედ ასევე აღიარებს მისი, როგორც მოქალაქის უფლებას, იცხოვროს სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელიც უზრუნველყოფს კანონის უზენაესობასა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დაცვას; ხელი მიუწვდებოდეს კანონიერებასა და დაცულობაზე.
ადამიანის უფლებების თაობები
ადამიანის უფლებების ევოლუციის ძირითადი ეტაპები, ტრადიციისამებრ, უფლებების თაობებად მოიხსენიება. მე-18 საუკუნიდან (აშშ-ის დამოუკიდებლობა, საფრანგეთის რესპუბლიკის შექმნა) მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე (მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი), ამ უფლებების განვითარება ცალკეული სახელმწიფოების დონეზე ხდებოდა (იხ. “ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმსაზღვრელი ფუძემდებლური დოკუმენტები”). მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბებასთან ერთად, სხვადასხვა თაობების უფლებების აღიარება უკვე საერთაშორისო ან რეგიონულ დონეზე ხდება.
ადამიანის უფლებების პირველ თაობას სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები წარმოადგენს. მათი განვითარება მე-18 საუკუნეში დაიწყო, როდესაც პირველი თანამედროვე ტიპის სახელმწიფოები შეიქმნა და ადამიანებმა პიროვნული თავისუფლების, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, არჩევანის უფლება მოიპოვეს. უფლებების პირველი თაობის კონტექსში სახელმწიფოს, ძირითადად, ნეგატიური ვალდებულება ჰქონდა - არ შეეზღუდა მოქალაქეების უფლებების განხორციელება. პირველ თაობას მიაკუთვნებენ ისეთ უფლებებს, როგორებიცაა:
- სიცოცხლის უფლება
- ადამიანის ღირსების და უსაფრთხოების დაცვა
- სიტყვის და გამოხატვის, რელიგიის და აღმსარებლობის თავისუფლება
- შეკრების და მანიფესტაციის უფლება
- წამების აკრძალვა
- უდანაშაულობის პრეზუმფცია
- უფლება სამართლიან სასამართლოზე
- საარჩევნო უფლებები
- კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა
- კერძო საკუთრების უფლება
- პირადი ცხოვრების უფლება
უფლებების მეორე თაობა - სოციალურ-ეკონომიკური უფლებები - მე-19 საუკუნეში აღმოცენდა და უკავშირდება ინდუსტრიალიზაციის მძიმე სოციალური შედეგების ფონზე სოციალური კეთილდღეობის და ადამიანის უფლებების ჰარმონიზების მცდელობას. მეორე თაობის უფლებები სახელმწიფოს საკმაოდ მრავალრიცხოვან პოზიტიურ ვალდებულებებს აკისრებს, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ევალება ამ უფლებების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება. სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებში მოიაზრება:
- უფლება კეთილდღეობაზე
- განათლების უფლება
- ჯანმრთელობის უფლება
- ღირსეულ პირობებში შრომის უფლება
- გაფიცვის უფლება
- საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის უფლება
- კულტურაზე წვდომის უფლება
- დასვენების და გართობის უფლება
საერთაშორისო დონეზე პირველი თაობის უფლებები დაცულია საერთაშორისო პაქტით „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, ხოლო მეორე თაობის უფლებებს იცავს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი. პირველი და მეორე თაობის უფლებების ცალ-ცალკე პაქტებში თავმოყრაში მნიშვნელოვანი როლი საბჭოთა კავშირმა და სოციალისტურმა სახელმწიფოებმა ითამაშეს, რომელთაც არ სურდათ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებიდან გამომდინარე ვალდებულებები ეკისრათ. საქართველო ორივე საერთაშორისო პაქტის ხელმომწერი სახელმწიფოა და მასზე ვრცელდება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის ვალდებულება.მართალია აღნიშნული უფლებები განსხვავებულ თაობებს მიეკუთვნება, თუმცა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ისინი განხილულია როგორც თანასწორი და ურთიერთდაკავშირებული უფლებები, რომელთა შორისაც არ არსებობს იერარქია. შესაბამისად მათი დაყოფა და ცალ-ცალკე განხილვა დღეს უკვე ნაკლებად მიღებული პრაქტიკაა.
უფლებების მესამე თაობა - კოლექტიური უფლებები - მე-20 საუკუნის 70-იან წლებში იღებს სათავეს და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია - ჯერაც არ არსებობს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ამ უფლებების დეკლარირებისადმი იქნებოდა მიძღვნილი. საქართველოს კონსტიტუცია ზოგიერთ მათგანს აღიარებს, როგორც ადამიანის უფლებას (მაგ. უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება). მესამე თაობის უფლებების საფუძველს წარმოადგენს სოლიდარობის ცნება - ურთიერთდახმარების, ერთად მშვიდობიანი არსებობის აუცილებლობა, რაც ადამიანის უფლებების განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა. მესამე თაობაში მოიაზრებენ შემდეგ უფლებებს:
- უფლება მშვიდობაზე
- ხალხთა თვითგამორკვევის უფლება
- უფლება მდგრად განვითარებაზე
- უსაფრთხო გარემოს ხელმისაწვდომობა
- უფლება დემოკრატიულ სახელმწიფოზე
პირველი თაობის უფლებები სახელმწიფოს მათი დაუყოვნებლივი დაცვის ვალდებულებას აკისრებს და არ არის დამოკიდებული სახელმწიფოს რესურსებზე. მეორე თაობის უფლებების სრულყოფილად უზრუნველყოფა მოითხოვს სახელმწიფოს რესურსების მობილიზებას, ამდენად საერთაშორისო პაქტით, სახელმწიფოს ვალდებულებაა პროგრესირებადად უზრუნველყონ მათი დაცვა. მაგალითად, ჯანდაცვის უფლებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვს დიდ რესურსებს და განვითარებად და განვითარებულ სახელმწიფოებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ ამ უფლების უზრუნველსაყოფად.ხოლო მესამე თაობის უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფაში სახელმწიფოსთან ერთად მოქალაქეებიც ინაწილებენ პასუხისმგებლობას. მაგალითად, უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა მოქალაქეებსაც აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა არ დააბინძურონ და გაუფრთხილდნენ გარემოს.
ტექსტში ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის 1 ნოემბერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიდეო რგოლში აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელებულა.